Pages

Monday, December 22, 2014

სტუ-ში გოგი ჭირაქაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

23 დეკემბერს, 14:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში გაიმართება პროფესორ გოგი ჭირაქაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. საიუბილეო ღონისძიება ითვალისწინებს საპატიო დაფის გახსნასა და წიგნისგოგი ჭირაქაძის გვერდითპრეზენტაციას.

გიორგი (გოგი) გიორგის ძე ჭირაქაძე დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში.
1953 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილსის 21-ე ვაჟთა სკოლა. 1953-58 წლებში სწავლობდა დ. მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის (იმჟამად გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის რადიაციული ქიმიის ლაბორატორიაში ჯერ უმცროს, შემგედ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958-1981 წწ).

ჭირაქაძე პირველი ასპირანტი (1960–1963 წწ) და შესაბამისად პირველი ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი იყო რადიაციული ქიმიის დარგში საქართველოში. 1965 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1965-81 წლებში ასევე მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქიმიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1981 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სულფიდრილური ნაერთების თხევადფაზიანი რადიაციულ–ქიმიური ჟანგვა“ და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

გოგი ჭირაქაძე დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. უდუდესი წვლილი მიუძღვის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ქიმიის საგნისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებაში. 1966 - 2003 წლებში პარალელურად მუშაობდა თბილისის პირველი საშუალო სკოლის, ამჟამიდელი I კლასიკური გიმნაზიის ქიმიის მასწავლებლად, ხოლო 80-იან წლებში აბიტურიენტებისთვის ლექციებს კითხულობდა ქიმიაში საქართველოს ტელევიზიით. 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1984 წელს პროფ. გ. ჭირაქაძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1965-1990 წლებში კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში, 1975 წლიდან კი – მასწავლებელთა დახელოვნების საქალაქო ინსტიტუტში.

პროფ. გოგი ჭირაქაძე 1988 წლიდან მიიწვიეს ინდოეთში და სალექციო კურსები მიჰყავს ბომბეის, ბანგალოსისა და დელის ტექნიკურ უნივერსიტეტებში. 1978-90 წლებში იყო სკოლის მასწავლებელთა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ჟიურის წევრი (თბილისი, მოსკოვი, მინსკი, რიგა).
1996 წელს გ. ჭირაქაძეს სოროსის პროფესორის წოდება მიენიჭა. ამავე წელს აირჩიეს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1999 წ. მიენიჭა „საპატიო მასწავლებლის“ წოდება და საქალაქო კონკურსში გამარჯვეულის ლაურეატობა. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

პროფესორი გოგი ჭირაქაძე იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დარგის სადისერტაციო საბჭოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი რეგულარულად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო (ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და სხვა) კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 სახელმძღვანელოს, 15 მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 6 საავტორო მოწმობისა და 2 პატენტის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 14 მაგისტრი, დაცულია 12 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია.

გოგი ჭირაქაძე სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტობის წლებიდანვე ჩაერთო. პირველი სამეცნიერო ნაშრომი მეოთხე კურსის სტუდენტმა თავის პედაგოგ, ცნობილ მეცნიერ ლ. ნიკოლენკოსთან ერთად გამოაქვეყნა საღებრების ქიმიის სფეროში. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში იმ დროსათვის საქართველოში ახალ და მეტად რთულ სამეცნიერო მიმართულებას შეეჭიდა. შეისწავლიდა გოგირდორგანული ნაერთების რადიაციულ და ფოტო გარდაქმნას. მისი კვლევის ობიექტს შეადგენდა თიოელების და თიოფენის წარმოებულებში ჟანგვითი პროცესების შესწავლა ულტრაიისფერი და  g–ნაწილაკებით დასხივებისას. კერძოდ, სულფიდური ნაერთების (ალკან-, ალკანდი- და ტრითიოლების, ოქსიალკან-თიოლების, მერკაპტოკარბონმჟავების და თიოძმარმჟავას) რადიაციულ- თხევადფაზური ჟანგვითი რეაქციები იმპულსური და სტაციონალური გამოსხივების რეჟიმში. იმპულსური რადიოლიზის მეთოდით მან პირველმა შეისწავლა რადიოლიზის პროდუქტების მოკლესიცოცხლისუნარიანი ნაწილაკები და მათი წარმოქმნის კინეტიკა. გამოიკვლია მიღებული ნივთიერებების ბუნება და თვისებები. კვლევის შედეგების საფუძველზე დაადგინა თხევადფაზიანი რადიოლიზისას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან ქიმიური დაცვის მექანიზმი და შეიმუშავა ალიფატური და ციკლური დისულფიდებისა და სულფიდების, ალკანსულფომჟავების, თიოციანმჟავას სინთეზის პრეპარატიული მეთოდები, რომლებიც მაღალი გამოსავლიანობითა და სისუფთავით ხასიათდებიან.

1981 წლიდან სტუ-ის ორგანული ქიმიის კათედრაზე მიიზიდა ახალგაზრდა კადრებ და დაიწყ სამეცნიერო კვლევების ახალ სერია ელემენტორგანული ნაერთებისა და საღებრების, ძირითადად აზოსაღებრების, სფეროში. კვლევის საგანს წარმოადგენდა ახალი გოგირდ- და სილიციუმორგანული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა. მისი ხელმძღვანელობით სინთეზირებული იქნა ნაჯერი ჰეტეროციკლური ფრაგმენტების შემცველი ნაერთები. ასევე წარმატებით იქნა განხორციელებული ჯერ სილიციუმორგანული ნაერთების, ხოლო შემდეგ მათ ბაზაზე ახალი სილიციუმშემცველი აზოსაღებრების სინთეზი. სილიციუმის ატომის შეყვანამ აზოსაღებრების მოლეკულაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ უკანასკნელთა მედეგობა სინათლისა და სველი დამუშავების მიმართ. ცოტა მოგვიანებით გოგი ჭირაქაძე დაინტერესდა ორგანული სინთეზის კიდევ ერთი ახალი დარგით – ფაზათაშორისი კატალიზით. ამ დროისთვის ფაზათაშორისი კატალიზი უკვე გვხვდება ორგანული სინთეზის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მისი გამოყენება აზოსაღებრების მიღების მიზნით მხოლოდ ერთეულოვანი თეორიული შრომებით შემოიფარგლება. მისი ხელმძღვანელობით მუშავდება აზოსაღებრების სინთეზის სრულიად ახალი მეთოდოლოგია. იგი აზოშეუღლების რეაქციებს ატარებს არაპოლრულ არეში ფაზათაშორისი კატალიზატორების თანაობისას, რაც საშუალებას იძლევა მიღებული იქნას აზონაერთები ისეთი სუსტი აქტიურობის აზოკომპონენტების გამოყენებით, რომლებიც უმოქმედონი არიან აზოშეუღლების კლასიკურ პირობებში.

აღნიშნული მეთოდი საინტერესოა როგორც პრაქტიკული (მნიშვნელოვნად ფართოვდება აზონაერთების ასორტიმენტი), ისე თეორიული მიზნებისთვის – მეთოდს აქვს ზოგადი დანიშნულება. მოგვიანებით გოგი ჭირაქაძე ხელმძღვანელობდა სპეციალური ოპტიკური თვისებების მქონე საღებრების (ფლუორესცენტული და ლუმინოფორული) სინთეზს და მათი ქიმიური, ფიზიკური და ოპტიკური თვისებების შესწავლას. სინთეზირებული იქნა რამდენიმე ათეული აზომეთინური ლუმინოფორული საღებარი და მაღალი ფლუორესცენციული თვისებების მქონე იზომერული ანთრადიპირიდონული საღებრები. მათ ბაზაზე შემდგომში შესაძლებელი გახდა დამატებით კიდევ ერთი აზოქრომოფოლური სისტემის დაკავშირება და შედეგად მიღებული იქნა პოლიქრომოფორული საღებრები.


გოგი ჭირაქაძე 2003 წელს გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment