მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა, მისი შედეგებიდან გამომდინარე, უკვე გახდა განათლების სპეციალისტების კრიტიკის საგანი. გარდა საფეხურეობრივი გადანაწილების შედეგისა, დარგის სპეციალისტები სქემის ფარგლებში პედაგოგთა მიერ ჩაბარებული საგნის გამოცდის სავალალო შედეგსაც, ერთის მხრივ, სისტემის გაუმართაობით ხსნიან.
კრიტიკაზე და „პოლიტიკის პრობლემებზე“ განსხვავებული პოზიცია აქვთ სქემის აღმსრულებლებს. Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი ესაუბრა:
– ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის განხორციელება დაიწყო, უკვე გვაქვს მისი პირველი შედეგები, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ საფეხურეობრივი გადანაწილების მონაცემებს (სქემაში დარეგისტრირდა 60 821 მასწავლებელი, აქედან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 45 434 მასწავლებელს, უფროს მასწავლებლად გადანაწილდა 15 236, ხოლო წამყვანად 151), რომელსაც განათლების ექტპერტთა ნაწილი კრიტიკულად უყურებს. მიიჩნევენ, რომ სქემა გარკვეულწილად ბიუროკრატიულია, ასევე სქემაში არ არის გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფის პოლიტიკას პრობლემურად აქცევს.
– მოდით, ნათლად წარმოვიდგინოთ რამხელა სისტემის „სისტემურ“ ცვლილებებზე ვსაუბრობთ. 1. 2085 სჯარო სკოლა და დაახლოებით 60 000 მასწავლებელი. შესაბამისად, თუ გვინდა დავინახოთ სასიკეთო ცვლილებები, დრაწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველები მოინდომებენ მათ დანახვას სკოლების 51 %-ში და ვთქვათ ყოველ მესამე მასწავლებელში…..
- საჯარო სამსახურში მასწავლებელის ხელფასი არის ერთ-ერთი დაბალი. ამვე დროს, მასწავლებელბი ყველაზე დიდი ჯგუფია „საჯარო მოხელეების“, შესაბამისად, მათი სახელფასო ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად აისახება. განათლებაზე დახარჯული თანხა ბიუჯეტში მესმე ადგილზეა – 850 მილიონით, რომლის ნახევარი ზოგად განათლებაზე იხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტში ეს ზრდა 135 მილიონით არის განსაზღვრული და რა ცვლილებებს გამოიწვევს სახელფასო კუთხით ეს ახალ სქემაში გამჭვირვალედ არის ასახული.
- მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაწყებული, (თუ უფრო ადრე არა!) სკოლაში სამუშაოდ მიდიოდნენ უმეტესად (80 %!) უმაღლესი განათლების მქონე კადრები არა იმიტომ, რომ ესე უნდოდათ, არამედ განაწილებით და რჩებოდნენ სკოლაში; გაზრდილი უმუშევრობის გამო, საკუთარი განათლების შესაბამის სხვა სამსახურს ვერ შოულობდნენ და სხვა სპეციალობაში ვერ საქმდებოდნენ. სახელმწიფოში მასწავლებლობა სტაბილურ შემოსავალს ნიშნავდა, რაოდენ დაბალიც არ უნდა ყოფილიყოხელფასი.
- ამ კადრების პროფესიულ-პედაგოგიური მომზადება ან დაბალი იყო, ან საერთოდ არ ჰქონდათ. მათ იცოდნენ საგანი, რომელსაც ასწავლიდნენ. თუ როგორ უნდა ესწავლებინათ ბავშვებისთვის, უმეტესობამ საერთოდ არ იცოდა, ან მიაჩნდა (დღეს ბევრსაც ესე მიაჩნია!) რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი მასწავლებლების 80%-მა მასწავლებლობა სკოლაში ხანგრძლივი მუშაობის პროცესში ისწავლა – როგორ ისწავლა? იხილეთ ჩვენი დღევანდელი ბავშვების შედეგები! მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია.
აი, ამ ამოსავალი რეალობიდან გამომდინარე უნდა გავაანალიზოთ ახალი სქემის არსი და მოსალოდნელი ზეგავლენა როგორც სისტემაზე, ისე ბავშვების სწავლის შედეგებზე.
რა თქმა უნდა, სკოლები ყველა თავისებური კულტურის მატარებელია, მაგრამ ამ სასკოლო კულტურას დღეს შემდეგი მახასიათებლები აქვს:
- მიუხედავად ეროვნულ სასწავლო გეგემაში (ესგ) დეტალური აღწერის და ამ ვალდებულების არსებობისა, სკოლების უმეტესობაში არ არსებობს ხარისხის მართვის გამართული და ობიექტური, გამჭვირვალე სისტემა. (იხ. ნებისმიერი კვლევა რომლიც ბოლო 10 წელიწადში ჩატარდა.)
- სკოლაში დაწერილი შეფასებისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ამაზე მიუთითებს ის, რომ არც ერთი არსებითი გადაწყვეტილება არ ეყრდნობა სახელმწიფოში სკოლის დასრულებისას, მოსწავლის 8 წლიანი შეფასების შედეგებს. საზოგადოება სანდოდ მიიჩნევს მხოლოდ გამოცდების შედეგებს, და გამოცდებზე დადებული შედეგების ლომის წილი კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკით არის განპირობებული.
- სკოლებში კოლეგების თანამშრომლობის კულტურა ძალიან დაბალია.
- რა ხდება გაკვეთილებზე და როგორ აისახება ეს პროცესები მოსწავლეებზე – ამის შესახებ ოფიციალური, დაკვირვების შედეგად „გაზომილი“ მონაცემები ჩვენ არ გვაქვს.
შესაბამისად, ახალ სქემას შემოაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სკოლებში – საგაკვეთილო დაკვირვება. სქემის კრიტიკოსთა საუბარი „უამრავი“ დოკუმენტაციის შექმნაზე, არის უბრალოდ არასწორი ინფორმაცია! რა არის უსარგებლო? გაკვეთილის გეგმა? გაკვეთილის თვითშეფასება(რეფლექსია)? საკუთარი მოსაწვლეების სწავლების შედეგებზე დაკვირვების და ანალიზის გაკეთება? ნებისმიერ ოპონენტს, რომლიც „უსარგებლო დოკუმენტაციის წარმოება“-ზე საუბრობს, თავად აქვს საკუთარი ნებით სკოლაში მუშაობისას ამაზე მეტი დოკუმენტი შექმნილი, რათა სხვებისათვის გაეცნო საკუთარი პროფესიული პრაქტიკა.
უნიფიცირებული მიდგომა ამ ეტაპზე ჩვენი რეალობის გარდაუვალი ეტაპია. ჩვენი ოპონენტების ნაწილი, 2004 წლიდან, რეფორმის ახალი ტლღის დაწყებისას, თავადაც იყო უნიფიცირებული გადაწყვეტილებების მონაწილე. ეს არ არის არც ცუდი და არც კარგი, ეს არსებული რეალობაა. სხვა საქმეა, შემდეგი ნაბიჯი, რომ სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია პროცესში წინ წასული სკოლებისათვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც სწორედ მათი უკვე ჩამოყალიბებული, ინდივიდუალური, პოზიტიური სასკოლო კულტურის გათვალისწინებას გულისხმობს!
ხელფასის ზრდაზე შეზღუდვას არა სტატუსი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება აწესებს (ამას აჩვენებს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების ფინანსური გადაწყვეტილებები).
რაც შეეხება ალტერნატივებს, თითქმის ყველა ვარიანტი, რაც გაცხადებულია ოპონენტების მიერ, ჩვენს ქვეყანაში მომქედებს, მაგრამ პროგრამების სახით რომლებშიც მონაწილეობას იღებს 200 ან 300 სკოლა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების სრული, ან თანადაფინანსებით. სამწუხაროდ მათი გავრცობა 2080 სკოლაზე დღეს არარეალისტურია. უფრო მეტიც, ბევრი კარგი პროგრამის პირობები რომ ყველა მასწავლებელისათვის ვალდებულებად გადაიქცეს, აი მაშინ ნახეთ მასწავლებლების უმეტესობის უკმაყოფილება როგორი იქნება!
გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, პირადად მე, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი განათლების სისტემა დაფინანსების ადეკვატურია და კარგად ართმევს თავს განათლების საყოველთაობის და ხელმისაწვდომობის პრინციპებს. თუმცა აქაც, სსსმ მოსწავლეებთან მიმართებაში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
რაც შეეხება სწავლების ხარისხს სკოლაში – აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ვედრებით და რამდენად ადეკვატურია საზოგადოების მოთხოვნები ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ, 2000 წლიდან დაწყებული, პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ. თუ საზოგადოება და ქვეყანა მზად იქნება მეტისათვის, ეს პროცესები უფრო მეტად შედეგიანი იქნება.
განათლების სისტემას არსებითად ცვლის ამ პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობა და დამოკიდებულება. ძლიერი სკოლა დასავლურ საზოგადოებაში ძლიერი თვითმმართველობის ქვეყნებშია. აღმოსავლეთ აზიის სისტემური მაგალითები ჩვენთვის კულტურულად მიუღებელია, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მაგალითს მე დასავლურს მივაკუთნებ. ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თემის დამოკიდებლება და პასუხისმგებლობა მხოლოდ დღეს იწყებს ჩამოყალიბებას. სკოლა ვერ იქნება რეალურად დამოუკიდებელი, თემის თვითმართველობის დამოუკიდებლობის გარეშე. ასე რომ, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
– ბატონო კახა, თუ თემას უფრო ჩავუღრმავდებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, მოგვაწოდა ახალი სქემის ფარგლებში განსაზღვრული მასწავლებელთა საგნის გამოცდის შედეგები: (17 089 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, გამოცდაზე გამოცხადდა 11 315, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 2001-მა გადალახა.) პირველ რიგში, რომ შეაფასოთ, რას უკავშირებთ რბილად რომ ვთქვათ, ასეთ არასახარბიელო შედეგს, მასწავლებლებს თითქმის ყველა საგანსა და სწავლების საფეხურზე უჭირთ კომპეტენციის დადასტურება..
– შედეგები მოსალოდნელია. მიზეზებს უნდა გავუსწოროთ თვალი და მათ აღმოფხვრას ვეცადოთ, დავეხმაროთ მასწავლებელს წინსვლაში. სწორედ ამით არის გამოწვეული ახალ სქემაში დაგეგმილი ვადები. ეს არ არის პრობლემის მოგვარების გადავადება, ეს არის რეალისტური დრო მუშაობისათვის.
თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეს სწრაფი პროცესი იქნება – პროცესი ჩვენი ეკონომიკური და საზოგადოების სოციალური განვითარების ადეკვატურია.
რომელი კომპეტენციის დადასტურება უჭირთ? – საგნის ცოდნის! სად არის ხარვეზები?
- ბაკალავრების საუნივერსიტეტო განათლებაში.
- მასწავლებელს არ აქვს დრო და მოტივაცია მიჰყვეს მეცნიერების განვითარების ტემპს, ანუ იმუშაოს საკუთარ პროფესიულ განათლებაზე. ის ძირითადად „გაკვეთილების ჩამტარებელია“ და დღის მეორე ნახევრში, მათი უმრავლესობა, საკუთარი დამატებითი ფაინანსური შემოსავლების მოპოვებით არის დაკავებული.
პერსპექტივაში, თავად დაფინანსების ფორმულაც აუცილებლად შესაცვლელია, პროფესიული განვითარება მასწავლებლის ხელფასში „ფორმულითაც“ უნდა აისახოს.
რაც შეეხება მდგომარეობის გამოსწორებას, ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება არის სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გაუმჯობესება. სწორედ ამ მიართულების გადადგმული ნაბიჯებია სკოლაში „ფასილიტატორის“ოფიციალური გამოჩენა და თვითშეფასების როლის გაძლიერება, როგორც საჭიროებების დადგენისას, ასევე პროფესიული განვითარების მეთოდიკის შერჩევისას.
– აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, არის თუ არა სქემა, გარანტია იმისა, რომ მომდევნო წლებში მასწავლებლებს უკეთესი შედეგი ექნებათ, რეალურად, საით წაგვიყვანს სქემა – გვეყოლებიან მხოლოდ პროფესიონალი კადრები სისტემაში? თუ პირიქით, მივიღებთ სკოლას მასწავლებლის გარეშე – ვინაიდან, როგორც ცნობილია, საგნის გამოცდის ჩაბარება პრაქტიკოსის საფეხურზე მყოფ პედაგოგს 3 წლის განმავლობაში 6-ჯერ შეუძლია, კომპეტენციის დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი მას უწყდება შრომითი ხელშეკრულება ..
– სკოლა მასწავლებლის გარეშე არ დარჩება, ეს რომ გვემუქრებოდს, აქამდე უნდა დარჩენილიყო. მიუხედავად ხელფასის სიმცირისა, მასწავლებლობა დღესაც, განსაკუთრებით რეგიონებსა და პატრა ქალაქებში, ერთ-ერთი სტაბილური და სოცილაურად დაცული პროფესიაა სხვებთან შედარებით. მსურველები ყოველთვის იქნებიან. რაც შეეხება კომპეტენციის გაზრდას, პირიქით, თუ ბოლოსდაბოლოს სახელმწიფო თანმიმდევრულად შეასრულებს თავის დანაპირებს და ხელშეკრულებას შეუწყვეტს ასეთ მასწავლებელბს, ეს კარს გაუხსნის სკოლაში ახალ კადრებს. ჩვენ მარტო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელი 2000 დაუსაქმებელი პედაგოგი გვყავს, არაფერს ვამბობ ბაკალავრებზე და მაგისტრებზე რომლებიც ამ დროისათვის გამოვლენ უმაღლესი სასწავლებლებიდან.
– ანუ, ხელშეკრულების შეწყვეტა კომპეტენციის მომატებას განაპირობებს და არა მასწავლებელთა შემცირებას?
– არაკომპტენეტური ადამიანი სკოლაში არ უნდა მუშაობდეს (ვინც 5 ჯერ ვერ ჩააბარებს გამოცდას! თუ ესეთი მასწავლებელი თქვენ კომპეტენტურად მიგაჩნიათ?)! თუ არაკომპეტენტურს გავუშვებთ და კომპეტენტურს მივიღებთ, მაშინ სკოლაში უფრო მეტი კომპეტენტური ადამიანი იმუშავებს. თუ გაუშვებთ 2 არაკომპეტენტურს, უნდა მივიღოთ 2 უფრო კომპეტენტური. საიდან კადრების კლება? რა არის აქ გაუგებარი?
– თვლით, რომ ეს პედაგოგები შეძლებენ საჭირო დონეზე მომზადებას და ამ 3 წლის მანძილზე კომპეტენციის დამადასტურებელი საგნის გამოცდის ჩაბარებას?
– მაგალითს მოვიყვან, ვთვლი, რომ თუ საჭირო დროს დაუთმობს, ბიოლოგიის მასწავლებელი გაიხსენებს და შეივსებს ცოდნას ზოგად ბიოლოგიაში (ბაკალავრის დონეზე!) და ჩააბარებს გამოცდას. თუ ვერ ჩააბარებს, ასეთი მასწავლებლის სკოლაში მუშაობა სისტემის სირცხვილია. ექიმების ნაკლებობისას გააკეთებინებთ ოპერაციას არაკომპეტენტურ ექიმს? რას მიპასუხებთ ამაზე?..
– მომდევნო საგნის გამოცდისთვის, რომელიც ზამთარში უნდა ჩატარდეს დარეგისტრირებულთა რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, წინა შემთხვევაში იყო 17-ათასზე მეტი, ახლა კი გამოცდაზე გასვლის სურვილი 10-ათასამდე პედაგოგმა გამოთქვა – არის თუ არა ეს მონაცემები იმის მანიშნებელი, რომ პედაგოგები ინტერესს კარგავენ?
– ეს მონაცემები მიანიშნებენ უფრო მცირე დროზე, რომლიც მასწავლებლებს გამოცდისათვის მოსამზადებლად აქვთ. ქართული ტრადიციით, ჩვენ გამოცდისათვის ერთი თვით ადრე ვემზადებით. არ ვხუმრობ! ეს ერთ-ერთი მიზეზია გამოცადზე წარუმატებლობისა. ბევრს მხოლოდ 2-3 ქულა აკლდება ბარიერის გადასალახად. იხილეთ შედეგების ანალიზი.
– საპილოტე წელი თავის თავში სქემის დახვეწასაც გულისხმობს, ხედავთ თუ არა თქვენ ასეთ საჭიროებას და კონკრეტულად რა ნაწილში?
– აუცილებლად. თითქმის ყველა ნაწილში უნდა გამოიცადოს სისტემა:
-უმნიშვნელოვანესია, როგორ იმუშავებს და როგორ მოერგებიან მასწავლებლები „eschool“-ის პროგრამას. მასწავლებლების ისტ (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) უნარები სერიოზულად არის დასახვეწი
-შეფასების ჯგუფის მომზადება და ურთიერთთანამშრომლობა
-როგორ გაწვდება ფასილიტატორი თავის ვალდებულებებს
-როგორ იმუშავებს გაკვეთილის გარე და შიდა დაკვირვება
– დასასრულს, რომ შეაჯამოთ, გაამართლებს თუ არა სქემა და რა ვადებში მივიღებთ შედეგს, როდის გვეყოლებიან მენტორი მასწავლებლები რას მოუწოდებთ სქემის კრიტიკოსებს და რას ურჩევთ პედაგოგებს?
– წარმოიდგინეთ მანქანა, რომელსაც არ უმუშავებს საწვავის დონის, ძრავის მდგომარეობის, სისწრაფის და სხვა უსფრთხო მგზავრობისათვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლების დაფა. მანქანაში ასხია საწვავი და ის მუშაობს. ის უკვე წლებია მუშაობს ამ მდგომარეობაში, ჩვენი სკოლები წლებია მუშაობენ ხარისიხს მართვის არანაირი ოფიციალური სისტემით! რა შედეგებზე ვსაუბრობთ?! „არსებული გამოცდების სისტემა ვერ გვიფასებს, დაწყებითი განათლების და საბაზო განათლების შედეგებს. განვმარტავ: რამდენმა აბიტურიენტმა ჩააბარა უმაღლესში – ეს შედეგი არაფერს გვეუბნება მაგალითად, როგორ სწავლობენ ბავშვები მე-3 კლასში? რამდენად განუვითარდათ მოსწავლეებს აზროვნების უნარი მე-8 კლასში?.. ჩვენ ვერ ვზომავთ მოსწავლეების მიღწეულ შედეგებს სწავლების სხვადსხვა დონეზე. ჩვენ მხოლოდ 11 და 12 კლასებში გამოცდების შედეგებით ვმსჯელობთ განათლების სისტემის ავკარგიანობაზე. ეს არასწორია.
გამართული განათლების სისტემა, სწავლების ყველა დონეზე(კლასში) ეროვნული მაშტაბით ამოწმებს და ზომავს სწავლების შედეგებს. ჩვენ ასეთი შეფასება ჯერ კიდევ განსავითარებელი გვაქვს.
და რაც შეეხება 10-12 კლასების შედეგებს, რომელსაც ვზომავთ CAT ის და აბიტურიენტების გამოცდების შედეგებით – შდეგები არ არის მხოლოდ სკოლაზე დამოკიდებული. ეს შედეგები ჯამია სკოლის მუშაობის და კერძო რეპეტიტორების. ასე რომ, ჯერ უბრალოდ უნდა დავაყენოთ, გნებავთ ჩავრთოთ „მაჩვენებლების დაფა„ – ანუ უნდა ავაწყოთ სწავლების შედეგების შეფასების სრულყოფილი სისტემა, რომ შედეგებზე ობიექტური მონაცემების საფუძველზე ვისაუბროთ. სქემა არის ნაბიჯი აქეთკენ – გაკვეთილზე დაკვირვება და პრაქტიკის კვლევა მოგვცემს დამატებით ინფორმაციას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სკოლაში. ესეც კი არ იქნება საკმარისი, მაგრამ ნაბიჯი წინ გადაიდგმება.
დავინახოთ რა ხდება გაკვეთილზე და რამდენად შეუძლია მასწავლებელს გააანალიზოს საკუთარი სასწავლო პროცესი, მოსწავლეების საჭიროებების და სწავლების შედეგები.
რაც შეეხება შედეგებს, შედეგებს იმ ვადაში მივიღებთ, რა ვადაშიც ვიქნებით ბოლოსდაბოლოს თანმიმდევრულები და ბოლომდე მივიყვანთ დაგეგმილს. მაგალითად 3-4 წელი. პირველი მენტორები გვეყოლება იმ სკოლებში, სადაც მიხვდებიან, რომ პრობლემების გადაჭრის გზა არის ურთიერთთანამშრომლობა. აეწყობა სკოლის შეფასების ჯგუფის გეგმაზომიერი მუშაობა მთელი წლის განმავლობაში. 2 წელიწადში ვფიქრობ უკვე გვეყოლება.
კრიტიკოსებს პირველი – გადავუხდი მადლობას, მათი ქცევები სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს პროცესზე. ბევრი რამ შეიცვალა საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე და ეხლაც სრულყოფის პროცესი მიდის.
მეორე – ნუ ამოირჩევენ კრიტიკისათვის სისტემის ერთ ნაწილს ეფექტურობისათვის. საინტერესოა მათი აზრი კონტექსტის გათვალისწინებით და ჩვენი ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. ასევე საინტერესოა ალტერნატიული წინადადებების კონკრეტული ფინანსური და სხვა პერსპექტივების დანახვა.
პედაგოგებს – ვუსურვებ წარმატებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსის სწრაფად მიღებას, რომ გაეზარდოთ მოტივაცია, დაუფასდეთ მათი შრომა იმ ფარგლებში, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია.
ამავე თემაზე:
edu.aris.ge