საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. ეს არის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგი. მოსახლეობის რაოდენობა, წინა 2002 წლის აღწერასთან შედარებით 15%ით ნაკლებია. შედეგების პრეზენტაცია საქსტატმა დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა.
აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა. ქალაქის მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით 7.1%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის 23.7%-ით.
ყველაზე მეტად გასული წლების განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა შემცირდა – 37.4%-ით. სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ს უტოლდება, მხეთა მთიანეთში 24.8%-ს, იმერეთში 23.4%-ს, კახეთში 21.6%-ს, გურიაში 21%-ს, შიდა ქართლში 15.7%-ს, ქვემო ქართლში 14.6%-ს, ხოლო აჭარაში – 10.6%-ს. თბილისის მოსახლეობა კი 2.5%-ით გაიზარდა.
აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%. 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 2014 წელს, 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მოსახლეობაში 2.4%-ით შემცირდა და 18.6% შეადგინა. ასევე, 0.8% გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი. ამავე მონაცემებით, 1.6%-ით გაიზარდა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში.
მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების მიხედვით: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.
აღწერის მიხედვით, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის მონაცემები ასე გადანაწილდა: 83% მართლმადიდებელი, 11% მუსლიმი, 3% სომხური-სამოციქულო ეკლესია, 1% კათოლიკე, 0.5% არცე რთი, 1% სხვა.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გასული წლის აპრილში გასაჯაროვდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა და ამ მონაცემით წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით იყო შემცირებული.