Pages

Saturday, November 25, 2017

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კანონის მიხედვით, რას უნდა აკმაყოფილებდეს შენობა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ხანძრის დროს, სასტუმროს სავარჯიშო დარბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ისინი ძლირი დაკვამლიანების გამო გაიგუდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, დაღუპულებიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.

ხანძრის ლიკვიდაციას თითქმის 5 საათი დასჭირდა და სასტუმროდან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 200-მდე თანამშრომელი. გამოძიება დაწყებულია მუხლით, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სასტუმრო "ლეოგრანდე" სახანძრო წესების დაუცველობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ დაჯარიმებული იყო. როგორც ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაჯარიმება ნამდვილად მოხდა, დანარჩენი დეტალები კი გამოძიების შემდგომ გაირკვევა.

ამასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სასტუმრო "ლეოგრანდს" წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, რადგან დოკუმენტაცია არ ჰქონდა წესრიგში.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არ არის ორგანო, რომელიც სასტუმრო და კვების ობიექტების გახსნაზე ან დახურვაზე ნებართვებს გასცემს ან რაიმე ტიპის მონიტორინგს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, რომელსაც ჰქვია "რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ. "ლეოგრანდთან" დაკავშირებით სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმა მითხრეს, რომ დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში. "ლეოგრანდი" 2017 წელს ჩვენს მიერ რეკომენდირებული არაა, რადგან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში", - განაცხადა ღლონტმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ბათუმში ხანძრის ადგილას იმყოფებოდა, "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა რომ, "შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყნების საშუალებით, ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მეშვიდე სართულზე". შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს.

სასტუმრო "ლეოგრანდი" 5-ვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.

სასტუმრო და სამორინე "ლეოგრანდის" აღწერილობაში, რომელიც ბათუმის სასტუმროების გვერდზეა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ სასტუმროს "სხვა მომსახურებებში" შედის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ცეცხლმაქრი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაახლოებით 8 საათზე, სასტუმროში შუქი გაითიშა და სტუმრებს უთხრეს, რომ შენობაში ხანძარი იყო. მათივე თქმით, რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, ავტომატურად ჩაიკეტა კარი, ლიფტი. თვითმხილველების თქმით, შუქის ჩაქრობისთანავე ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. სასტუმროში მყოფები ცდილობდნენ შუშები ჩაემტვრიათ, რომ შენობიდან კვამლი გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ფოტოზე ჩანს დაზიანებული ფანჯარა, სავარაუდოდ შენობაში მყოფები მის ჩამსხვრევას ცდილობდნენრა წერია კანონში?

"მაცნეში" გამოქვეყნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში შენობა-ნაგებობები. გთავაზობთ ამონარიდებს კანონის მესამე მუხლიდან:

მუხლი 3. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობების და სათავსებისათვის 
  • სათავსებისა და შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და დანადგარები (კვამლსაწინააღმდეგო დაცვა, სახანძრო ავტომატიკის საშუალებები, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო კარები, სარქველები, სხვა დამცავი მოწყობილობები ხანძარსაწინააღმდეგო კედლებსა და გადახურვებში და სხვ.) მუდმივად უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.
  • კარების თვითჩამკეტი მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. დაუშვებელია რაიმე სამარჯვის დაყენება, რომელიც ხელს შეუშლის ხანძარსაწინააღმდეგო ან კვამლსაწინააღმდეგო კარების (მოწყობილობის) ნორმალურ დაკეტვას.
13. ობიექტების შენობა-ნაგებობებში (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა) აკრძალულია:
  • დერეფნებიდან, ჰოლებიდან, ფოიედან, კიბის უჯრედებიდან საევაკუაციო გასასვლელების პროექტით გათვალისწინებული კარების, საევაკუაციო გზებზე ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელების შემაკავებელი სხვა კარების მოხსნა. მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლა, რომლებიც იწვევენ ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესებას, ზღუდავენ ცეცხლსაქრობებთან, სახანძრო ონკანებთან და სახანძრო უსაფრთხოების სხვა საშუალებებთან მისვლას ან ამცირებენ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების (ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის სტაციონალური ავტომატური დანადგარი, კვამლგამწოვი სისტემები, მაუწყებლობის სისტემები) მოქმედების ზონას. კვლავდაგეგმარების შედეგად ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის ან ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარების მოქმედების ზონის შემცირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სათავსების სივრცე დამატებით დაცულია შესაბამისად - ინდივიდუალური მაუწყებლებით ან მოდულური დანადგარებით;
  • კარების, აივნების და ლოჯიების ლიუკების, მომიჯნავე სექციებში გადასასვლელების, გარე საევაკუაციო კიბეებზე გასასვლელების ჩახერგვა ავეჯით, მოწყობილობებით და სხვა საგნებით;
  • ფანჯრებზე და სარდაფის ფანჯრების თანაორმოებზე ყრუ გისოსების დაყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნებადართულია დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებით;
  • ლოჯიების, აივნების და გალერეების შემინვა, რომლებიც გადიან დაუკვამლიანებელ კიბის უჯრედში;
  • საერთო დერეფანში (კიბის უჯრედის ბაქანზე) გამავალი კარის მიმართულების შეცვლა ან დამატებითი კარის მოწყობა, თუ ეს ხელს შეუშლის ადამიანთა თავისუფალ ევაკუაციას ან გააუარესებს მეზობელი ბინებიდან ევაკუაციის პირობებს;
14. შენობა-ნაგებობების სახურავზე გარე სახანძრო კიბეები და მოაჯირი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ გამოიცადოს სიმტკიცეზე.

ბათუმის სასტუმროში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment