Pages

Tuesday, December 19, 2017

რუსთავში, დამწვარ საცხოვრებელ ბინაში ექსპერტები მუშაობენ


რუსთავში, დამწვარ საცხოვრებელ ბინაში ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ერთოთახიანი ბინა მთლიანად დაიწვა, გამწოვი მილებისა და სადარბაზოდან გავრცელებული კვამლით კი ზედა სართულებზე 2 მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამის 2-ის ნახევრისთვის ძლიერმა სუნმა გააღვიძათ, გარეთ გასვლა კი სადარბაზოში არსებული კვამლის გამო ვერ შეძლეს და მათმა ნაწილმა ბინები ფანჯრებიდან დატოვა.
რამ გამოიწვია პირველ სართულზე ცეცხლი, ჯერ ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე 50 წლამდე მარტოხელა კაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ხანძარი დაუდევრობით გაჩნდა. მისი ცხედარი დამწვარია.
რუსთავში, იმ სადარბაზოს მოსახლეობა, რომელშიც ცეცხლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, სამაშველო სამსახურის არაორგანიზებულობაზეც საუბრობს.
მათი თქმით, ცეცხლი მხოლოდ პირველ სართულზე, ერთოთახიან ბინაში იყო, თუმცა დაღუპულები არიან მეოთხე და მეხუთე სართულებზე მცხოვრებლებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ პირველ სახანძრო მანქანას სამაშველო კიბე არ ჰქონდა, ამიტომ მაშველებს ზედა სართულებზე მყოფები ვერ გამოჰყავდათ, რომლებიც ძლიერი დაკვამლიანების გამო შველას ითხოვდნენ.
მათი თქმით, კიბიანი სახანძრო მანქანა ადგილზე გვიან მივიდა, ამ დროს კი მეოთხე სართულზე მცხოვრები კაცი და მეხუთე სართულზე მყოფი ახალგაზრდა ქალი დაღუპულები იყვნენ.
ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ მეოთხე სართულზე მცხოვრებმა ქალმა, რომელიც ასევე გამოყვანას ითხოვდა, თავის გადარჩენა საკუთარი ძალებით სცადა და სარეცხის თოკებს დაეკიდა, რა დროსაც იგი გადმოვარდა და ორივე ფეხზე მოტეხილობები აქვს. ამ დროისთვის მას 2 ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.
მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ კორპუსის მიმდებარედ თვითნებურად გაშენებული ბაღებისა და ავტოფარეხების გამო მეხანძრეებს ცეცხლის კერასთან მისვლა გაუჭირდათ. ამ ბრალდებებით ადგილობრივები შემთხვევის ადგილზე მისულ ქალაქის მერს დაუპირისპირდნენ.
სახანძრო სამსახურში კი აცხადებენ, რომ დაგვიანების შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა, თუმცა ადასტურებენ, რომ ცეცხლის ადგილზე სამაშველო კიბიანი მანქანა მოგვიანებით მივიდა. ადგილზე სულ 5 სახანძრო მუშაობდა, მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა სამაშველო კიბე.
რუსთავში მეგობრობის მეორე გასასვლელში, ახმეტელის ქუჩაზე ნომერ 3 საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment