Pages

Friday, February 16, 2018

„სათამაშოები, რომლებთანაც ბავშვებს ყოველდღიური შეხება აქვთ, მომწამვლელია“

ხშირად ისმის კითხვა, არის თუ არა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ის სათამაშოები, რაც საქართველოში იყიდება? თუმცა, კითხვაზე ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ არსებობს, ვინაიდან, უწყება, რომელიც გამოავლენს და შემდეგ აკრძალავს ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოს გაყიდვას, საქართველოში არ არსებობს. 
საადვოკატო ბიურო OK&CG შეეცდება, განგიმარტოთ, რამდენად სახიფათოა ბავშვებისთვის ის სათამაშოები, რომლებთანაც ყოველდღიურად აქვთ შეხება;

გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია-შედეგები, რომლებიც უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს, ქვეყანაში ყურადღების მიღმა რჩება, რადგან დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოება არ 
მოწმდება.

ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი-ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა“ (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა.

შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული შემოწმებისას 594 სათამაშოდან 164-ში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში სხვადასხვა ნივთიერება, თანაც უფრო მომატებული კონცენტრაციით, ვიდრე ეს დასაშვებია. როგორც შემოწმების შედეგად დგინდება, თითოეული მათგანი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და შესაბამისად, ბავშვების სათამაშოებში თუ მათი კონცენტრაცია მაღალია, ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვებს ყველაფერი პირთან მიაქვთ და ღეჭავენ.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


საქართველოში სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება რომ არ არ ხდება, ადასტურებენ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებიც. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, „არც ერთი სათამაშო, რომელიც საქართველოში იყიდება, ლაბორატორიულად შემოწმებული არ არის და არც ბაზრის ზედამხედველობის სამსახური არსებობს, რომელიც შეისწავლიდა, რამდენად უვნებელია ჯანმრთელობისათვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი სათამაშო“.

ვინ და როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემა?
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის ვალდებულება აიღო, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ამ დრომდე არ შესრულებულა.

დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ამ საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციები, რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს.
რას ითხოვს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ?
პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივა 2001/95/EC: „წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ კომპეტენტური პირები ან შექმნან კომპეტენტური ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად ნორმებთან შესაბამისობას. მათ უნდა მიენიჭოთ სათანადო ძალაუფლება, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები, რომლებიც ამ დირექტივით არის განსაზღვრული.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ შესაბამისი ორგანოების ამოცანები... მათ ზომები უნდა მიიღონ ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა, ადამიანს საფრთხეს უქმნიდეს; გონივრულ ვადაში მისცენ გაფრთხილება რისკის არსებობის შესახებ.

ნებისმიერი სახიფათო პროდუქტის შემთხვევაში: უნდა აიკრძალოს მისი რეკლამა და დაადგინონ წესები აკრძალვის უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი საშიში პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც უკვე ბაზარზეა: [შესაბამისმა ორგანომ] უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ გატანა და აცნობოს მომხმარებელს არსებული რისკის შესახებ. მწარმოებელსა და დისტრიბუტორთან ერთად გაუწიოს კოორდინაცია ან, თუ საჭიროა, მოახდინოს მყიდველისგან საშიში პროდუქტის უკან გამოთხოვისა და შესაბამის პირობებში განადგურების ორგანიზება“,-ამის შესახებ ნათქვამია პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად დირექტივაში, რომლის გათვალისწინებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აკისრია.

დირექტივის თანახმად, სათამაშოების ხარისხი უნდა იყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი. დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ის უნდა იწვევდეს გაგუდვას, ასფიქსიას და არ უნდა იყოს აალებადი.
აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სათამაშოების შესახებ დირექტივის მიღება დაგეგმილია 2019 წელს, მანამდე დაგეგმილია შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები-შესაბამისი კადრების მომზადება და სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საადვოკატო ბიური OK&CG-ში აცხადებენ, რომ პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებით ვერ მოგვარდება და სახელმწიფომ კანონმდებლობაზე მუშაობის პარალელურად უნდა იზრუნოს, შექმნას ისეთი კვლევითი დაწესებულებები, სადაც სათამაშოების ხარისხის შემოწმება შესაძლებელი იქნება.

„ერთია, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო კუთხით დასარეგულირებელია, მაგრამ არ უნდა დაგავავიწყდეს,რომ აღნიშნულ პრობლემას მხოლოდ ფურცელზე გაწერილი ნორმები ვერ აღმოფხვრის. საქმე ის არის, რომ ტექნიკური თვალსაზრისითაც გარკვეული პრობლემები გვაქვს, რადგან ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი დაწესებულება, ლაბორატორია, სადაც შემოწმდება, შეესაბამება თუ არა სათამაშო პროდუქციის ხარისხის იმ ნორმებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ზოგადად, ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას არ გვთხოვს. ხელშეკრულებით აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ამ უკანასკნელის დახვეწასთან ერთად მისი პრაქტიკაში განხორციელებისთვის შესაბამისი საფუძველიც შეიქმნას, რათა კანონი იყოს ქმედითი და გაკონტროლდეს, სრულდება თუ არა იგი რეალურად,“- განმარტავს ადვოკატი ანა გორდეზიანი.

წყარო: myadvokat.ge

No comments:

Post a Comment