Pages

Sunday, March 4, 2018

ლომჯარია: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ, რომ დაჩქარდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოფელ წილკანში ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მათ ომბუდსმენის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნო. 
„ჩვენ მივაწვდინეთ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ვცდილობთ მაქსიმალურად დაჩქარდეს გადმოსვენების პროცესი. ამ ეტაპზე ოჯახისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც პირველი რიგის ამოცანა სწორედ ეს არის. ჯერჯერობით ძნელია იმის დაზუსტება კონკრეტულად რა დრო დაჭირდება გადმოსვენების პროცესს, ინფორმაციის მიღება ოკუპირებული რეგიონიდან გართულებულია, გამკაცრებულია საპოლიციო რეჟიმი. ჩვენ ვიქნებით ჩართული საქმის ყველა ეტაპზე და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდინა ხმა და ცდილობს კიდევ დამატებითი კავშირების გამოყენებას, რაც დააჩქარებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას.
ნინო ლომჯარიამ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იოსებ პავლიაშვილის ოჯახიც მოინახულა, თუმცა რადგან პავლიაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება, ოჯახს მედიასთან გამოჩენა არ სურს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.
სამოქალაქო მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment