ხშირად ისმის კითხვა, არის თუ არა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ის სათამაშოები, რაც საქართველოში იყიდება? თუმცა, კითხვაზე ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ არსებობს, ვინაიდან, უწყება, რომელიც გამოავლენს და შემდეგ აკრძალავს ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოს გაყიდვას, საქართველოში არ არსებობს.
ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს რამდენად სახიფათოა ბავშვებისთვის ის სათამაშოები, რომლებთანაც ყოველდღიურად აქვთ შეხება;
გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია-შედეგები, რომლებიც უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს, ქვეყანაში ყურადღების მიღმა რჩება, რადგან ცნობილია, რომ საქართველოში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოება არ მოწმდება.
ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი-ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციისგლობალურმა ქსელმა“ (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა.
შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული შემოწმებისას 594 სათამაშოდან 164-ში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში სხვადასხვა ნივთიერება, თანაც უფრო მომატებული კონცენტრაციით, ვიდრე ეს დასაშვებია. როგორც შემოწმების შედეგად დგინდება, თითოეული მათგანი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და შესაბამისად, ბავშვების სათამაშოებში თუ მათი კონცენტრაცია მაღალია, ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვებს ყველაფერი პირთან მიაქვთ და ღეჭავენ.
საქართველოში სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება რომ არ არ ხდება, ადასტურებენ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებიც. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, „არც ერთი სათამაშო, რომელიც საქართველოში იყიდება, ლაბორატორიულად შემოწმებული არ არის და არც ბაზრის ზედამხედველობის სამსახური არსებობს, რომელიც შეისწავლიდა, რამდენად უვნებელია ჯანმრთელობისათვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეძენილი სათამაშო“.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის ვალდებულება აიღო.
2018 წლიდან სათამაშოების უსაფრთხოებას კანონი დაარეგულირებს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს.
ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა, შესაბამისი კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მისი ამოქმედება შესაძლოა უკვე 2018 წლიდან მოხდეს.
გასული წლის მარტში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერებაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment