Pages

Friday, March 16, 2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი: ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, საბაგიროც გაითიშებოდა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, გუდაურში საბაგირო და მისი ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო და ამის შედეგად დაშავდნენ ტურისტები. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
”საბაგირო და მისი ყველა ნორმა იყო შემოწმებული. საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული გერმანული კომპანიაა, რომელმაც დაამონტაჟა ეს საბაგირო. საბაგიროს ყველა პარამეტრი შემოწმებული იყო. მომხდარის შედეგად ყველა დეტალს შევისწავლით", - განაცხადა ზაუტაშვილმა. 
მისივე თქმით, ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, ამ შემთხვევაში, მთლიანად საბაგირო გაჩერდებოდა და მსგავსი შედეგიც არ დადგებოდა. 
”ჩვენთან ელექტროენერგიის გათიშვაზე არ შემოსულა ინფორმაცია. მსგავსი შემთხვევა რომ ყოფილიყო, პირიქით, საბაგირო გაითიშებოდა. საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა. საბაგირო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს მომხდარი ფაქტის შესწავლა”, - განაცხადა ზაუტაშვილმა. 
საბაგიროს, რომელიც გუდაურში რამდენიმე საათის წინ გამოვიდა მწყობრიდან, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში ჩაუტარდა. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს.
ლაპარაკია საბაგირო „საძელეზე“, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საბაგიროს ინსპექტირება კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაუტარა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განაცხადა. 
"საბაგირო გასული წლის 22 დეკემბერს შევამოწმეთ. მაშინ საბაგირო იდეალურ მდგომარეობაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დროს ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ მონაცემებს. საბაგირო ისეთი ობიექტია, რომ თუ სწორი ექსპლუატაცია 
არ მოხდა, შესაძლოა, იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ორ დღეში მწყობრიდან გამოვიდეს. რაც შეეხება საბაგიროების ინსპექტირების პერიოდულობას, კანონის თანახმად, 1-დან 4 წლამდე პერიოდია. ყველაზე ხშირად კი ინსპექტირება წელიწადში ერთხელ ტარდება ,“-აღნიშნა შელიამ. 
გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ენერგოპრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პირველივიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.
გუდაურში მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი თბილისში ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოჰყავთ. ცნობილია, რომ ქალი ორსულადაა და ის სხვა ქვეყნის, კერძოდ კი, შვედეთის მოქალაქეა. როგორც გაირკვა, ისიც ვერტმფრენით მოჰყავთ.
თბილისში გადმოჰყავთ ასევე უკრაინელი კაცი, რომელიც მძიმედაა დაშავებული.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს. 
სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარის ამსახველი რამდენიმე ვიდეო ვრცელდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment