ვის არ შეეძლება გვარის შეცვლა - მთავრობას ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის პრევენციისთვის ცვლილებები უკვე მზად აქვს
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა. მინისტრის მოადგილე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გარკვეულ დეტალებზეც საუბრობს, რომელიც გვარის გამოცვლას უკავშირდება.
"რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გერმანიაშიც, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც შეშფოთებით უყურებდნენ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. აგრეთვე იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. გაისმა გარკვეული განცხადებები იმის თაობაზე, ხომ არ უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი და ა.შ. რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით, რადგან
ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთელ ქვეყანას, ხელისუფლებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია მოგვეპოვებინა. სამწუხარო იქნება, თუ გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ, მსხვერპლი გახდება დანარჩენი ქვეყანა.
აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების შემუშავება დაგვჭირდება. ერთი ასეთი ცვლილებაა გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არავის შეეძლება არასდროს, უბრალოდ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ამ კუთხით უნდა შეიცვალოს ზომიერად მკაცრი პოლიტიკით. მაგალითად იმით, რომ პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ის ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, პირს დასჭირდება აუცილებლად
თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში",- განაცხადა ბარამიძემ. bpn.ge
No comments:
Post a Comment