Pages

Monday, June 25, 2018

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა


როგორ სძალავენ ფულს უცხოელ ტურისტებს საქართველოში?
- ამის შესახებ სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. „მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ უცხოელ ტურისტებს თაღლითური გზით ფულს სძალავენ, როგორც კლუბებსა და ბარებში, ასევე ტაქსის მძღოლებიც. მაგალითად, ბურჯანაძე იხსენებს ფაქტს, როდესაც ტაქსის მძღოლმა თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი შავ ზღვის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე დატოვა.


გია ბურჯანაძე, „მომხმარებელთა უფლებების ასოციაცია“: -ყოველწლუირად ტურისტულ სეზონთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში აქტიურდება ასეთი სქემები. არსებობს სამი სახის მენიუ: ქართველი მომხმარებლისთვის, უცხოელი ტურისტისთვის და ნასვამი ტურისტისთვის. ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. მენიუში წერენ ჩვეულებრივ ფასებს, რეალურად კი ანგარიში მოდის შეუსაბამოდ მაღალი, შეიძლება ითქვას კოლოსალური თანხებით. ერთი თვის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ინდოეთის მოქალაქეს 8 ლარიან შამპანურში 5000 ლარი გადაახდევინეს. შემდეგ ამ ადამიანმა მიმართა პოლიციას. გარდა ამისა, ძალიან დიდ თანხებს სძალავენ ტურისტებს ტაქსის მძღოლებიც.
 

- რას გულისხმობთ კონკრეტულად?
 -მაგალითად ცოტა ხნის წინ, თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა ტურისტი, რომელიც მიემგზავრებოდა აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. მძღოლმა ატარა რამდენიმე საათი თბილისის ტერიტორიაზე, ბოლოს აიყვანა თბილისის ზღვაზე და უთხრა, რომ ეს არის შავი ზღვაო. 200 დოლარი გადაახდევინა. ზამთარში გვქონდა შემთხვევა, როცა ტაქსს ყაზბეგში სთხოვა ტურისტმა წაყვანა, რეალურად კი თიანეთთან ახლოს, თოვლიან ადგილზე დატოვა და უთხრა ყაზბეგიაო. რაც შეეხება კლუბებში თანხის გამოძალვას, ამ მხრივ პირველ ადგილზეა თბილისი, მეორეზე - ბათუმი.

ორივე ამ ქალაქში უკვე ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც უცხოელ ტურისტებს არარეალურ მენიუში კოლოსალური თანხების გადახდას აიძულებენ. ეს თაღლითური სქემა სახელმწიფომ რამენაირად თუ არ დაარეგულირა, მერწმუნეთ ეს ხალხი აქ მეორედ ნამდვილად აღარ ჩამოვა და უფრო მეტიც, მაქსიმალურად გაავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ ექცევიან საქართველოში ტურისტებს. ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, რომლისთვის ტურიზმი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
primetime.ge

No comments:

Post a Comment