Pages

Wednesday, June 20, 2018

ლია გიგაური განმარტავს, რა სიახლეები იქნება სკოლებში 2018-2019 სასწავლო წელს

დაწყებით საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება, ახალი სახელმძღვანელოები, მცირედი ცვლილება საგაკვეთილო საათებში, მეხუთე კლასში სკოლის მიერ ორი უცხოური ენის შეთავაზება; ასევე, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და შემაჯამებელი დავალებების შემცირება - ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 17 სექტემბერს, 2018-2019 სასწავლო წლის პირველი დღიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ელით.
დეტალურად სიახლეების შესახებ მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის პასუხებს edu.aris.ge ავრცელებს.
დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა.
იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.
გიგაურის განმარტებით, I კლასიდან V კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით, მოსწავლეები არ შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით. ამ დრომდე, ნიშნები არ იწერებოდა I-IV კლასებში. მეხუთე კლასში გადასულ მოსწავლეებს კი უკვე შეხება უწევთ ახალ (საგნობრივ) პედაგოგებთან, იწყება ნიშნების წერა, ისინი ერთგვარად უცხო გარემოში ხვდებიან, რასაც ხშირად ახლავს დემოტივირება და ჩავარდნა სწავლაში.
„მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით გავაჩინეთ ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში  სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, - განაცხადა ლია გიგაურმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment