Pages

Friday, July 27, 2018

“მრავალშვილიანობა პრესტიჟული უნდა იყოს და არა პირიქით” – რვაშვილიანი დედის ისტორია


საქართველოში მრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭათ. შესაბამისი ცვლილებები – “სამოქალაქო კოდექსში” შევიდა, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

ცვლილებებით განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს.
www.sabavshvo.info  შემოგთავაზებთ ინტერვიუების ციკლს მრავალშვილიან ოჯახებთან. მათი ყოფა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს, რამდენად მიზერულია სახელმწიფოს „20 ლარიანი დახმარება“  მათთვის, ვისაც ქვეყანის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
www.sabavshvo.info-ს სტუმარი ამჟამად 8 შვილის დედა, ირმა სიგუა გახლავთ, რომელიც ამბობს, რომ დედობა ქალის უმთავრესი მისიაა. ქალბატონ ირმას პირველი შვილი ბექა უგრეხელიძე 26 წლისაა, ნაბოლარა გაბრიელი კი 7 წლის. წლების წინ ოჯახმა არსებობისთვის საცხოვრებელი სახლი გაყიდა. ამჟამად  ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ირმა სიგუა პროფესიით ფილოლოგია და საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. მრავალშვილიანი დედა 47 წლისაა და ცოტა ხნის წინ იგი ბებია გახდა. მისი უფროსი  შვილი, ბექა უგრეხელიძე პატარა ელენეს მამაა. ირმამ  ოჯახი 20 წლის ასაკში შექმნა და ერთ  წელიწადში, მისსავე დაბადების დღეზე, დედა გახდა. უკვე 27 წელია თავდაუზოგავად უძღვება  დიდ  ოჯახს და თვლის, რომ დედობა უმთავრესი მისიაა ქალის ცხოვრებაში.
– სტატუსი, მრავალშვილიანი დედა თქვენი მთავარი პროფესიაა?
– ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის შემდეგ მთავარი პროფესიის ადგილი დედობამ დაიკავა, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნისას გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მინდოდა ბევრი შვილის ყოლა, რაც მართლაც ამისრულდა.
– როგორი იყავით ადრე და როგორი ხართ ახლა, მარავალშვილანი დედა?
– შვილებთან ურთიერთობამ უფრო მეტი სიყვარული და სითბო შემძინა.
– დედა-შვილობა უპირობო სიყვარულია?
– თუ ადამიანს სიყვარულის უნარი გააჩნია, მას ვერანაირი პირობა და დაბრკოლება ვერ შეაჩარებს. თუმცა სიყვარული, ისევე როგორც გამოცდილება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძლიერდება და ადამიანს გასწავლის სხვისთვის, ამ შემთხვევაში, შვილებისთვის ცხოვრებას და განიჭებს უსაზღვრო სიხარულს.
– მრავალშვილიანობამ საკუთარი „მე“ ხომ არ წაგართვათ?
– მრავალშვილიანობამ საკუთარი მე კი არ წამართვა, არამედ ეგოიზმზე მაღლა სიყვარულის დაყენების უნარი შემძინა. როდესაც მერვე შვილი გავაჩინე, მალევე  მომეცა შესაძლებლობა ჩემი ოცნება ამეხდინა და პედაგოგად დამეწყო მუშაობა. ქალზეა დამოკიდებული, თუ მოინდომებ, ვერავინ შეძლებს წაგართვას საკუთარი მე.
– როდესაც ოჯახს ქმნიდით, იცოდით რომ მრავალშვილიანი დედა გახდებოდით?
– ბავშვობაში ვოცნებობდი ოთხი შვილი მყოლოდა – ორი გოგო და ორი ბიჭი, ისევე როგორც ჩემს მეუღლეს სურდა თურმე იგივე. მართლაც, ღმერთმა მოგვცა 8 შვილი – 5 ბიჭი და 3 გოგონა. როდესაც მეექვსე გავაჩინე, იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, არ მეგონა თუ  კიდევ შევძლებდი ბავშვის არა თუ გაჩენას, არამედ ხელში აყვანასაც კი.  მაგრამ მეშვიდე შვილის გაჩენის შემდეგ ისეთი ძალა და ენერგია ვიგრძენი, მე თვითონ მიკვირდა. თითოეულ ბავშვს, თავისი ძალა, სიყვარული და ენერგია მოაქვს დედისთვის და ოჯახისთვის.
– ყველაზე მეტად რა გიძნელდებათ?
– დროის დეფიციტი. დრო არასოდესაა  საკმარისი. რვავე შვილს უნდა მოუსმინო, მოეფერო, მისცე სწორი რჩევა. ეს ძალიან რთულია. ერთი ხარ, ყველას უნდა ეყო.
– ყველაზე ძალიან რა სჭირდება მრავალშვილიან ოჯახს?
– პრობლემები, რა თქმა უნდა, გვაქვს, როგორც ნებისმიერ ოჯახს, თუმცა მრავალშილიანობიდან გამომდინარე, რთულია ფინანსურად გაწვდე ყველა შვილის ამა თუ იმ ნიჭის განვითარებისათვის საჭირო საშუალებებს. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი წრე, სპორტისა თუ ხელოვნების მიმართულებით, ფასიანია და არანაირი შეღავათი ჩვენთვის არ არსებობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის მრავალშვილიანი ოჯახი გაიგივებულია სოციალურად დაუცველებთან, რაც არასწორად მიმაჩნია, რადგან სოციალურად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ოჯახი, სულადობის მიუხედავად. მრავალშვილიანი ოჯახი კი ჩვენნაირი დემოგრაფიული პრობლემების მქონე სახელმწიფოსთვის, ღირსეული და სამაგალითო უნდა იყოს. მრავალშვილიანობა პრესტიჟული უნდა იყოს და არა პირიქით… გაგიკვირდებათ, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით ჩვენ ოჯახს არ აქვს მრავალშვილიანის სტატუსი და არანაირი შეღავათი არაა გათვალისწინებული. მარტო ფინანსურ დახმარებაზე არ ვსაუბრობ. სახელმწიფომ სულ მცირე სტიმული მაინც უნდა მისცეს ადამიანებს, რომ ახალდაქორწინებულმა წყვილმა  გამრავლებაზე და ბევრი შვილის გაჩენაზე იფიქროს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.
– როგორ ახერხებთ ამდენი პრობლემის მოგვარებას?
–  ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება. თავიდანვე ერთად ვზრდით ბავშვებს, ის მაძლევს უდიდეს ძალას და ენერგიას. ასევე მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები და მათი უანგარო თანადგომით მივუყვებით ამ ცხოვრების რთულ, მაგრამ მომავლის იმედით აღსავსე გზას.
 ესაუბრა: ნინო ფაჩუაშვილი
sabavshvo.info

No comments:

Post a Comment