Pages

Friday, July 27, 2018

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანი დაამარცხა! - ქართველი ჰამბურგის ტურნირის 1/2 ფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე შესანიშნავ სვლას აგრძელებს. ფილიპ კოლშრაიბერისა და პაბლო კუევასის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო "თიხისტის", პაბლო კარენო-ბუსტას ჯერიც დადგა.
ბასილაშვილი და მიმდინარე ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი, მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, კარენო-ბუსტა ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ.
თამაშის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ ინიციატივა ქართველს ჰქონდა და შეხვედრას იგი აკონტროლებდა, ესპანელი კი ტემპის დაგდებას ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში, არ გამოუვიდა...

ნიკოლოზი ჩვეულად აგრესიული იყო და მეტოქეს მატჩის მისთვის სასურველ რიტმში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდა, თავად კი ზუსტად მოქმედებდა და პირველ პარტიაში 5:4-ზე სეტზეც აწვდიდა, მაგრამ ჩაწოდება დათმო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც სიტუაციას ისევ საქართველოს პირველი ჩოგანი კარნახობდა და შემოკლებული გეიმი 7:3-ზე დახურა.
ამას მეორე სეტის ბრეიკით დაწყება მოჰყვა, კარენო ბუსტა კი სათავისოდ ათამაშებას ვერაფრით ახერხებდა, თუმცა ესპანელმა ერთ მომენტში ინიციატივა ჩაიგდო და თითქმის 5:4-ზე ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და ჯერ საკუთარი გეიმი, შემდეგ კი მეტოქის მოიგო და თამაშიც დაასრულა - 7:6; 6:4. 
ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 75%, მეორეზე კი 56% მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია და საკუთარ "ოქროს ჩამონათვალს" კიდევ ერთი წონადი სახელი - პაბლო კარენო ბუსტა შემატა. მას აქამდე დომინიკ ტიმი, ტომაშ ბერდიხი, ჟილ სიმონი, ტომი ჰაასი, ივო კარლოვიჩი, ბორნა ჩორიჩი და ფელისიანო ლოპესი დაუმარცხებია.
ამასთანავე, 26 წლის ქართველმა 500-იანი ტურნირის 1/2 ფინალში პირველად გააღწია, რაც ასევე მნიშვნელოვანი წარმატებაა. დიდი სლემისა და 1000-იანი მასტერსის შემდეგ, ჩოგბურთში ამ კატეგორიის ტურნირი ყველაზე პრესტიჟულია.
შედეგად, ნიკა ჰამბურგის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, რითაც 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე ახალგაზრდა და ნიჭიერი ჩილელი, ნიკოლას იარი იქნება. 22 წლის სამხრეთ ამერიკელი კარგ ფორმაშია და დღეს, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო. მეორე ნახევარფინალში, ლეონარდო მაიერი და იოზეფ კოვალიკი ხვდებიან.
crystalsport.ge

No comments:

Post a Comment