ბოლო დღეებში გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებიდან, ყველაზე საინტერესო მისი ბოლო ეპიზოდია, რომელშიც, სავარაუდოდ, „ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობენ (მოისმინეთ აუდიო). საუბარში ახსენებენ „მეგობარ ოთარს“, მის „უფროსს“, ფონდს რომელიც თურმე იგივე პარტია ყოფილა, სადაც მოგების 50% უნდა წავიდეს და ა.შ.
ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილს იმის დამადასტურებლად მოჰყავს, რომ მისთვის ხელისუფლება ფულის გამოძალვას ცდილობდა და ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობას სთხოვდა. ვანო ჩხარტიშვილის თქმით კი, აუდიოჩანაწერებში ასახული საუბარი 2 წლის წინ შედგა თავად ოქუაშვილის თხოვნით და ბიზნესმენები მხოლოდ და მხოლოდ თამბაქოს ბაზარზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა არავის უნდა და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ჩვენ ისევ დავეშვებოდით იქამდე, რომ კვლავ დაიწყებოდა ბიზნესის გადანაწილება, ახალი დაჯგუფების შექმნა, ფინანსური კლანების ჩამოყალიბება... არსებული სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან ისე, როგორც შევარდნაძე, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგი არც ერთია და არც მეორე. ამ ჩანაწერებით უბრალოდ, იმის ლუსტრაცია მოხდა, რაზეც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ - რომ ხდება ბიზნესის ცალკეული სფეროების დაპატრონება, მონოპოლიზების და ბაზრის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა.
კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, საქართველოში თამბაქოს ბიზნესი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, სხვადასხვა კლანების ინტერესესის საგანს წარმოადგენდა. ჩემი აზრით, ჩანაწერში ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცას რომ გაუჩნდა სურვილი, ორი საწარმოსგან მონოპოლია შეექმნა და შემდეგ უკვე სიგარეტის იმპორტი დაებლოკა და ამის მიღწევისთვის კონკრეტული პირების სახელს იყენებდნენ ან შესაძლოა, მათი ნებართვითაც აკეთებდნენ. ქვეყნისთვის ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ეს არის სამწუხარო რეალობა...
არ ვგულისხმობ იმას, რომ მაინცდამაინც ივანიშვილი არის დაინტერესებული თამბაქოს ბიზნესით, რადგან ეს რომ სდომოდა, სხვაგვარად შეეძლო გაკეთება - მას საწყისი კაპიტალიც აქვს, იმპორტზე მუშაობაც შეუძლია და წარმოებაც. მაგრამ ფაქტია, რომ რაც ხდება, ხდება ივანიშვილის სახელით ან მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ. ასე ხდებოდა შევარდნაძის დროსაც, როდესაც მისი სახელით მოქმედებდნენ და მის სახელს იყენებდნენ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს და მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? ეს კაცი ხომ ქართული საზოგადოებისთვის 1990-იანი წლებიდან დღემდე სწორედ საეჭვო სქემებთან ასოცირდება.
- აუდიოჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სახელები გაჟღერდა, იგივე მამაცაშვილის....
- ივანიშვილი ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული - თუ ეს მისი ნებართვის გარეშე ხდებოდა, მაშინ რადიკალური ზომა უნდა მიიღოს და მე თუ მკითხავთ, აქამდეც უნდა მიეღო. თუ თავად იყო ჩართული, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მაინც მგონია, ამ საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს ინფორმაცია რაღაც დონეზე ექნებოდა. შესაძლოა, არასრული ან არასწორი, მაგრამ ინფორმაცია ექნებოდა.
- ჩანაწერში ახსნებენ ფონდს ანუ პარტიას, სადაც 50% უნდა წავიდეს...
- საგანგაშოა, თუ პარტიაში მმართველ პოლიტიკურ ძალას გულისხმობენ. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ამ გამოძიებით თავად ივანიშვილიც უნდა იყოს დაინტერესებული. დავიჯერო, ყოფილ პრემიერს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!
- ჩანაწერებში “მეგობარი ოთარიც“ ფიგურირებს, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა
- ფარცხალაძე სახელისუფლებო წრეზე ტრიალებს და ამ წრიდან მისი განდევნა ვერ ხერხდება. ასეთი ხალხი ხან ივანიშვილთან არიან, ხან ცოტა მოშორებით, ხან გაჩუმდებიან და გვერდზე გადგებიან, მერე ისევ გამოჩნდებიან, მაგრამ მათი საბოლოო მოშორება არ ხდება. სავარაუდოდ, მსგავსი დაჯგუფება ერთი კი არა, რამდენიმეა. ამიტომ არის საჭირო, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად და არა პარტიის თავმჯდომარედ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. სხვანაირად საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ივანიშვილის ფაქტორია გადამწყვეტი, მის სახელს იყენებენ და ამ დროს ის არ არის ოფიციალური პირი. თუ არადა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდათ, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდათ, გაივსება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment