Pages

Friday, October 26, 2018

ბოლტონმა საქართველოში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას პორველი ოფიციალური შეხვედრები გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონალური საფრთხეები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ბოლტონი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსაც. 
„გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, შევეხეთ ყველა იმ თემას, რომლებიც აქტუალურია და ვისაუბრეთ იმ გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე, რომლებთანაც საქართველოს უწევს გამკლავება“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ამ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის გარეშე.
თბილისში ტრამპის მრჩევლის ვიზიტი რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთ-საქართველოს ტურნეს ფარგლებში შედგა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment