Pages

Monday, October 29, 2018

კახა კალაძე: ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო. 
კალაძის თქმით, ამ არჩევნებით ხალხმა მმართველ გუნდს შეტყობინება გაუგზავნა - "რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია. შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ამის შედეგი იყო ისიც, რომ პარტია შიდა კვლევების მონაცემებს ეყრდნობოდა, რის გამოც "კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა."
"თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი „გამოფხიზლება“, ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია.
სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯომარის პოსტზე დაბრუნებისას: გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, გასაძლიერებელია კომუნიკაცია, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი, შედეგზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული.
გზავნილი მიღებულია და  ჩვენ მზად ვართ  ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას.
ბუნებრივია, ჩვენ ვართ თვითკრიტიკულები, ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე, თუმცა პრობლემებს აქვს  ობიექტური მიზეზებიც- მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც, საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. სწორედ ის პრობლემები, რომელთანაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ გამკლავებას", - თქვა კალაძემ. 
პარტიის გენერალური მდივანის განცხადებით, არჩევნების შედეგში მათი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განიხილავენ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და "დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა მათი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი".
"დარწმუნებულები ვართ, რომ  მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა  ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის,  მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას", - განაცხადა კახა კალაძემ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment