Pages

Tuesday, November 27, 2018

შსს-მ გლდანში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გლდანში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ არხის ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტრაპაიძემ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე პირდაპირ ეთერში ჩართვას გეგმავდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment