28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პროცესის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს. თუ ამ პოლიტიკურად ცხელ წინასაარჩევნო ატმოსფეროს გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით სიმშვიდე, არც კენჭისყრის დღესაა მოსალოდნელი.
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები: რა მოხდება, თუ არჩევნებზე მივა და ორივე კანდიდატს გადახაზავს? ან რა მოხდება, თუ ორივე კანდიდატი თანაბარ ხმებს დააგროვებს? რა შემთხვევში შეიძლება გამოცხადდეს არჩევნები ჩაშლილად? გველის თუ არა "მესამე ტური" და ა.შ. როგორც AMBEBI.GE-მ გარკვია არჩევნების ჩაშლის, არც თეორიული და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ ორივე კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებს, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი რომელმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე:
"არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით კანონში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზეა დათქმა, რომ თუ სასამართლომ ბათილად ცნო ურნების 10%-ზე მეტის შემაჯამებელი ოქმის შედეგები, არჩევნები ხელახლა ჩატარდება, როგორც ეს მოხდა 2003 წელს. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მსგავსი ჩანაწერი არ გვაქვს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თანაბრად თუ გადანაწილდა, გამარჯვებული იქნება სალომე ზურაბიშვილი, რადგან კანონში წერია, რომ პრეზიდენტი გახდება ის, ვინც პირველ ტურში მიიღო ყველაზე მეტი ხმა.
რამდენი ამომრჩეველიც არ უნდა მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. ბათილი ბიულეტინების რაოდენობა ჩვეულებრივად იწერება შემაჯამებელ ოქმში. მაგალითად, თუ ერთ-ერთ უბანზე ყველა ამომრჩეველმა ორივე კანდიდატი გადახაზა, ჩვეულებრივ შეივსება შემაჯამებელი ოქმი და კანდიდატებს ნოლი დაეწერათ. თუ ამომრჩევლები უბანზე არ მივლენ, მაშინაც ასე ჩაიწერება.
შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის არანაირი თეორიული შანსი არ არსებობს. გაბათილდება მხოლოდ ის უბანი, სადაც რაიმე სახის ინციდენტი მოხდება. ასე, რომ ჩაშლის და ხელახალი არჩევნების გამართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს" - გვითხრა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია სავარაუდოდ, 16 დეკემბერს, კენჭისყრიდან მესამე კვირა დღეს გაიმართება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment