Pages

Thursday, December 20, 2018

კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე გურჯაანის რაონული სასამართლო განცხადებას ავრცელებს. 
"გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ დავით კ.-ს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მიმართულებით გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, ამავე დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი, რომლითაც ისინი ყვარლის გავლით შეძლებდნენ თელავში ჩასვლას.
მიუხედავად ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებისა, 2018 წლის 16 დეკემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც სურდათ თელავის მიმართულებით გადაადგილება, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. იმავე დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, პოლიციის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით კ. თავს დაესხა საავტომობილო გზაზე ავტობუსში მყოფ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორს, რომელსაც მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო, ამჟამად კი ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს პატიმრობას.
ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების თავიდან არიდების გამო, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა,"- წერია განცხადებაში.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას 9 აპრილის ტრაგედიას ადარებენ. როგორც ნიკა მელიამ სასამართლოსთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია. 
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment