27 წლის ასაკში მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა და ბაბუის ეზოს ახალი სიცოცხლე შესძინა... ცნობილი წინაპრის სახლი რომ არ დაკეტილიყო, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო და წყალტუბოსა და თბილისს შორის ყოველდღიური კავშირი გაიბა. ამგვარად, ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლი "სიჩუმეს" გადაარჩინეს და არაოფიციალურ სახლ-მუზეუმად აქციეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ოტიას ეზოს სხვა დატვირთვაც აქვს - აქ მისული სტუმრები და ტურისტები, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას ეცნობიან და აგემოვნებენ. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, ალბათ, ძნელად შეირჩეოდა სხვა უფრო ეფექტური სახელი, ამგვარ ბმაში რომ ყოფილიყო მწერალთან. ასე შეიქმნა პროექტი „ოტიას ეზო“, საკუთარი ლოგოთი და ნატურალური პროდუქტებით.
AMBEBI.GE-ს სტუმარი უმცროსი ოტია იოსელიანია, რომლიც სახლ-მუზეუმის ყოველდღიურობაზე გვიამბობს.2011 წელს, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მამა თბილისიდან წყალტუბოში გადმოვიდა. სახლს პატრონი სჭირდებოდა... მე მაშინ ვსწავლობდი, სამ წელიწადში სწავლა დავასრულე და ნელ-ნელა მეც გადმოვედი აქეთ. 2013 წლიდან დავიწყეთ ოჯახისთვის რაღაცეების მომზადება. ვამზადებდით ღვინოს, თაფლს, არაყს და სტუმრებს ჩვენი პროდუქციით ვუმასპინძლდებოდით.შემდეგ, მეგობრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათაც სურდათ ეს პროდუქტი და შემოგვთავაზეს წარმოება დაგვეწყო - ასე ჩაეყარა საფუძველი საოჯახო მეურნეობას. ვმასპინძლობთ ტურისტებს და ვაწარმოებთ სხვადასხვა პროდუქტს. ახლა ვგეგმავთ ოჯახის ლუდი მოვამზადოთ.
პროდუქტის რეალიზებას აქვე ვახდენთ, პატარა შეკვეთები ადგილზეც მიგვაქვს. სახელწოდება „ოტიას ეზო“, რა თქმა უნდა, ოტიასგან გამომდინარე შეირჩა, რადგან მარტო „ოტიას“ ვერ დავარქმევდით, შევჯერდით „ოტიას ეზოზე“, პროდუქტი ხომ მისი ეზოდანაა.
გვაქვს ლოგოც, სვანური ქუდი, რომელიც ქართულ ო-ს წააგავს, ანუ „ოტიას ეზო“. ძალიან მოსწონთ იდეა, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს. გვაქვს ინტერნეტ-გვერდი, სადაც შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს პროდუქციას, რომელიც არის ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენი თაფლი ძვირია, მაგრამ ჩვენი პროდუქცია ნატურალური და სამკურნალოა. სჯობს, ცოტა მიირთვან და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ" - ამბობს უმცროსი ოტია.
ოტია იოსელიანის სახლს ოფიცალურად მუზეუმის სტატუსი არ აქვს. შთამომავლებმა ამჯობინეს არაოფიციალური სახლ-მუზეუმი შეექმნათ, ვიდრე სხვა მუზეუმების მსგავსად დაკეტილიყო, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულიყო. სტუმრებს მეგზურობას თავად უწევენ და სახლში არსებული ნივთების ისტორიას აცნობენ. მწერლის სახლში მისი პირადი უამრავი ნივთი ინახება. წიგნები, ჩანაწერები, აფიშები, ქუდები, ხმლები და ქართული ჩოხა, ყველაფერი თითქმის ხელუხლებლად შეინახეს შთამომავლებმა, ისე როგორც დიდმა მწერალმა დატოვა
უმცროსი ოტია იოსელიანის განცხადებით, ჯერჯერობით წყალტუბოში სეზონური ტურიზმია, თუმცა მიაჩნია, რომ ქალაქს აქვს პოტენციალი ტურისტი ყველა სეზონზე მიიღოს.
უმცროს ოტიას ბაბუის მსგავსად ქართული ენის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. არ მოსწონს საუბრის დროს ბარბარიზმებს რომ იყენებენ. თავად არ წერს, პროფესიით არქიტექტორია და ამ მიმართულებით მუშაობს. ბაბუას დიდი პატივისცემით და სიყვარულით იხსენებს. იზიარებს მოსაზრებას, მის მკაცრ ხასიათთან დაკავშირებით და გვიმხელს, რომ მწერალი განსაკუთრებულად მკაცრი ოჯახის წევრებთან იყო
არ იყო მარტივი მასთან ურთიერთობა, მწერალს ბევრი საქმე აქვს და ხშირად ვერ ვურთიერთობდით მასთან. ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო, როგორც ქართველ ბაბუასა და შვილიშვილებს აქვთ. მკაცრი იყო, ოჯახში უფრო მეტად მკაცრი იყო და მეტს მოითხოვდა" - ამბობს ოტია იოსელიანი.
კითხვაზე, მოეწონებოდა თუ არა მისი საქმიანობა და საოჯახო მეურნეობა ბაბუას, გვპასუხობს: "შეიძლება, ღიმილი და შექების სიტყვა არ ეთქვა, მაგრამ „ცუდი არააო“ - გვეტყოდა, რაც ჩვენთვის საკმარისი იქნებოდა".
მშობლიურ კერაზე დაბრუნების გადაწყვეტილებას არ ნანობს. 27 წლის ოტია იოსელიანი თვლის, რომ თბილისი აქტიური და საინტერესო რაიონებიდან ჩანს, რეალურად კი რაიონებში გაცილებით საინტერესო ცხოვრებაა, მთავარია, როგორ დაინახავ და შეიგრძნობ ამას. მწერლის შვილიშვილი ახლა ქორწილისთვის ემზადება და AMBEBI.GE-ს უმხელს, რომ ქორწილის ცერემონიალისთვის ერთ-ერთ ადგილად სწორედ წყალტუბო განიხილება
ambebi.ge
No comments:
Post a Comment