Pages

Tuesday, January 29, 2019

პედაგოგთა პროფკავშირები: სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება მიუღებელია

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას ეხმიანება და აცხადებს, რომ სამინისტროს განცხადებები საჯარო სკოლის მასწავლებლის ანაზღაურებისა და ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის ცვლილებების შესახებ ბუნდოვანი და ზოგადია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პროფკავშირისთვის ასევე მიუღებელია სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება:
"ვფიქრობთ და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდების გაუქმება დააკნინებს სკოლის როლს, მოსწავლეებს დაუკარგავს მოტივაციას და გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს სკოლებში. რაც მთავარია, გაძლიერდება რეპეტიტორთა ინსტიტუტი მხოლოდ იმ საგნებში, რომლის ჩაბარებაც სავალდებულოა ეროვნულ გამოცდებზე.
მაშინ როდესაც, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში ფაქტიურად არ არსებობს კონკურსი (ერთეული ფაკულტეტების გარდა) და უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული საკონკურსო ადგილების რაოდენობა აღემატება აბიტურიენტთა რაოდენობას, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,  გადასალახი ბარიერის განსაზღვრის უფლება მიენიჭოს უნივერსიტეტებს.
გამოვხატავ რა პედაგოგთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღრმად გააანალიზოს დაანონსებული რეფორმის პრიორიტეტების ყველა ასპექტი და ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ განათლების სისტემაში ჩატარებულ ყველა რეფორმას, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. 
საკითხი აქტუალურია, ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას და შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს", - აცხადებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი.
2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის. 
ასევე, 2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment