ბოლო დროს, მედიით რამდენჯერმე გახმაურდა პოლიციის მიერ დაკავებულებზე ფიზიკური და ფსიქოლოგოგიური ზალადობის ფაქტები. "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ სასურველი აღიარების მოპოვების მიზნით სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებებსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორებში პირებს სასტიკად უსწორდებიან.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქმის მასალები ცხადყოფს, რომ საგამოძიებო ორგანო ყველა შემთხვევაში აღძრავს საქმეს სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, თუმცა გამოძიება ბოლომდე თითქმის არასოდეს მიჰყავს. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშიც, რომელშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ პროკურატურა სამართალდამცველების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ბოლომდე არ იძიებს.
სერგო მამასახლისის საქმე
სერგო მამასახლისი 2017 წლის 22 სექტემბერს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საქმის მასალებით, იგი ჯგუფურ ყაჩაღობაში მონაწილეობის ბრალებით დააკავეს. იმ დღეს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს "ალფას" ოთხი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. გაწეული წინააღმდეგობის გამო მძარცველებმა ვერაფერი წაიღეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაკავების შემდეგ მამასახლისი კოსტავას ქუჩაზე მდებარე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. სადაც, როგორც თავად დაკავებული ყვება მას გონების დაკარგვამდე სცემდნენ და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ.
"სამსახურს მოვრჩი და ვაგზალის ტერიტორიაზე ვიდექი. უცებ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩამსვეს მანქანაში და გადამიყვანეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით მდებარე პოლიციის შენობაში. შემიყვანეს თუ არა განყოფილებაში მაშინვე დამიწყეს ცემა, მთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას, რა უნდა მეღარებინა რაც არ ჩამიდენია? ერთ საათზე მეტი მცემეს, თავში მირტყამდნენ ხელებს, ფეხებს, ბოლოს ფეხსაცმელი გაიხადეს და იმას მირტყამდნენ. სულ სამნი იყვნენ, მერე გაჩერდნენ ერთი ნახევარი საათი. სხვა ოთახში ამიყვანეს, სადაც 3-4 პოლიეთილენის პარკი ერთმანეთზე ჩამოაცვეს და თავზე გადმომაფარეს, თან მცემდნენ.
ცემით რომ ბრალი ვერ მაღიარებინეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა: შენს არასრულწლოვან შვილს თვალწინ გაგიუპატიურებთ და გაყურებინებთო. ერთი თერთმეტი წლის ბიჭი მყავს...
ამის თქმა იყო და მაშინვე ვაღიარე ბრალი და ხელიც მოვაწერე შესაბამის საბუთზე. ყველას ამოვიცნობ დღესაც, წელიწადზე მეტია გასული და ჩემი თვალებიდან არ ამოვა არც ერთის სახე. რამდენი ხანია ვითხოვ - მოაწყონ ამოცნობა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა გამოძიების მხრიდან" - ამბობს მამასახლისი აუდიოჩანაწერში, რომელიც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა ჩაიწერეს.
ბრალის აღიარების შემდეგ, მამასახლისი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მასთან შევიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ომბუდსმენის აპატარის შესაბამის ოქმში დეტალურადაა აღწერილი ის ფიზიკური დაზიანებები, რაც დაკავებულს გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა: "სიწითლე ცხვირთან, ლოყებზე, აღენიშნება მარჯვენა თვალის სილურჯე, სიწითლეები, სისხლაჟღენთები და ნაკაწრები ყელის, ხელის მტევნის, იდაყვის და ზურგის არეში. აღენიშნება თავის გასიება მარჯვენა მხარეს" - ნათქვამია ოქმში.
მოგვიანებით გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანილი მამასახლისის სამედიცინო შემოწმებამაც იგივე დაადასტურა. მსჯავრდებულ მამასახლისის ფორმა #100-ში ვკითხულობთ, რომ მას თავის ტვინის შერყევა და თავის ქალის ტრავმა დაუდგინდა. მოგვიანებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, რომ მამასახლისი ნაცემი იყო.
ყაჩაღობაში ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მამასახლისი ახლა სასჯელს იხდის.
მისი უფლებადამცველის, ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, სამართალდამცველების წინააღმდეგ საქმის აღძვრა სასამართლო პროცესზევე დაავალა მოსამართლემ პროკურორს.
"პროცესზე იმდენად აშკარად ეტყობოდა მსჯავრდებულს, რომ სასტიკად იყო ნაცემი, მოსამართლემ დაავალა პროკურორს საქმის აღძვრა. საქმის წარმოება დაიწყო, მაგრამ იმის იქით არაფერი გაკეთებულა. უცნაური ის არის, რომ კვალიფიკაცია თავად პროკურატურამ დაამძიმა და საქმე წამების მუხლით აღძრა და არა უფლებამოსილების გადამეტებით, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. რამდენჯერმე მივმართე პროკურატურას, მაგრამ პასუხს არ მცემენ რა ხდება, როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი და მიმდინარეობს თუ არა საერთოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ, ეს ადამიანი ამბობს - დაკითხვაზე მისული პოლიციელებიდან ამოიცნო მის ცემაში მონაწილე პირი. ეს თქვა დაკითხვაზეც და ამოცნობა დღემდე არ ჩაუტარებიათ, არადა, ეს ადამიანი ითხოვს ამოცნობასა და აცხადებს რომ ძალიან კარგად ახსოვს ყველა მათგანის სახე“ - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე და მათ მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე საკუთარ ანგარიშებში ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ანი ნასრაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში პრობლემის მმასშტაბურობას უსვამს ხაზს და რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს:
"ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს არაერთ საქმეს, რომლებშიც სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებული თუ უბრალოდ მოქალაქის სტატუსით მისული პირები პოლიციის განყოფილებებში ღიად აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყობის, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლები იყვნენ. უპირველესი პრობლემა რაც ამ თემის განხილვისას წამოიჭრება ეს არის შემთხვევების არასათანადო გამოძიება. ყველაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმეს დაგვიანებით აღძრავენ, რაც მოგეხსენებათ აფერხებს მტკიცებულებების მოპოვებას და შესაბამისად დროულ გამოძიებას.
ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა არასწორი კვალიფიკაციით საქმეების აღძვრა. მაშინ როდესაც აშკარა სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა, საქმე აღიძრება ხოლმე უფლებამოსილების გადამეტებით. ეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, რაც არ ითვალისწინებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მტკიცებულების სახით, ეს ფაქტი კი გამოძიებას პირდაპირ უშლის ხელს.
პრობლემურია დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხიც. როდესაც ადამიანს არ აქვს ასეთი სტატუსი, მას არ აქვს წვდომა სასამართლო საქმეებზე და შესაბამისად ვერ იგებს რა გააკეთა საგამოძიებო ორგანომ მის საქმეში, რა მტკიცებულებები მოიპოვა და საერთოდ გააკეთა თუ არა რამე. პროკურატურა თავს იკავებს პოლიციის თანამშრომელების დასჯისგან. ამას ამტკიცებს ის საქმეები, რომელბიც ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს და ეს ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშშიც" - ამბობს ანი ნასრაშვილი.
AMBEBI.GE შეეცადა პროკურატურისგან მოეპოვებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა სერგო მამასახლისის საქმის გამოძიება. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული შეკითხვა წერილის სახით მიგვეწერა, რაზეც პასუხს ათი სამუშაო დღის ვადაში გაგვცემდნენ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment