დიდ დიღომში საწყობის ტერიტორიიდან, სადაც ძლიერი ხანძარი იყო, მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქესთან ერთად ორი ლეკვიც გადაარჩინეს. ემოციური ფოტო სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. როგორც გაირკვა ლეკვებს პატრონი მალე გამოუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ოთხფეხა მეგობრები მას უვნებლად ჩააბარეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Ambebi.ge იმ მეხანძრე-მაშველებს ესაუბრა, რომელთა ამბავმა და ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა:
ემზარ გოგავა, მეხანძრე-მაშველი:
- ადგილზე ძალიან დიდი ხანძარი დაგვხვდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ძლიერი ქარი იყო, რაც ცეცხლს აძლიერებდა. დაახლოებით 4-5 საათი ცეცხლის მაღალი კერების ჩაქრობა გვიწევდა. შენობიდან ერთი ადამიანი გამოვიყვანეთ. საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. როდესაც ხანძრის მთავარი კერები ჩავაქრეთ, იქ ერთი პატარა ლეკვი შევნიშნეთ, კუთხეში იყო მიყუჟული და ტიროდა... ხანძრის ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ერთი ადგილი, სადაც ბიჭები ცეცხლმოკიდებულ კედელს ჭრიან, იქ იყო ხანძრის გავრცელების მეორე კერა და მეორე ლეკვი სწორედ იქ ვიპოვეთ... ორივე ძალიან საყვარელი იყო, საცოდავად კუთხეში იყვნენ მიყუჟული და შეშინებული წკმუტუნებდნენ...
- ლეკვების დედა იქ არ იყო?
- დედა ლეკვების გამოყვანის შემდეგ, ხანძრის კერის შუაში ვიპოვეთ. სავარაუდოდ, ხანძრის გამო დაიბნა, შვილებს ვერ მიაგნო, მაგრამ იქაურობა არ დატოვა, რადგან შვილები იქვე ეგულებოდა... აქამდე ძაღლის ასეთი მეტყველი სახე და თვალები არ მინახავს. ფაქტობრივად, დაგვინახა თუ არა მიშველეთო, გვითხრა... სიტყვები აღარ იყო საჭირო... საბედიეროდ, ისიც დაუზიანებლად გამოვიყვანეთ. ძალიან მინდოდა სახლში წამეყვანა, ჩემს თანამშრომლებსაც უნდოდათ, მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სამსახურში წაგვეყვანა. მალე პატრონიც გამოჩნდა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ მათი ლეკვები გადავარჩინეთ..
მერაბ ქობესაშვილი, მეხანძრე-მაშველი:
- ადგილზე მისულებს ძლიერი ცეცხლი დაგვხდა. საკმაოდ მძიმე სურათი იყო, კიდევ კარგი ხალხი არ იყო, თორემ პანიკა გარდაუვალი იქნებოდა... როდესაც მთავარი პრობლემა გადავლახეთ, კუთხეში პატარა ლეკვი შევნიშნეთ, ერთს ფეხი აკლდა, ანუ სამი ფეხით დაბადებულა. ბავშვივით შეშინებული იყო. მიუდგომელ ადგილას, ხანძრის კერასთან ახლოს იყო და დროულად რომ არ მივსულიყავით, დიდი ალბათობით დაიწვებოდა. ჯერ ვცადე შორიდან მომეხმო, მაგრამ ისეთი შეშინებული იყო, ვერ ინძრეოდა. შემდეგ ახლოს მივედი და დავინახე, ბავშვივით ტიროდა...
მივხვდით, რომ იქვე ახლოს დედალი ძაღლიც უნდა ყოფილიყო. თან თანამშრომელმა თქვა, დიდი ძაღლის ყეფის ხმაც მესმოდაო. ხანძრის სივრცეში უფრო ღმრად რომ შევედით, დედაც შევნიშნეთ. საკმაოდ დიდი ცხოველია და შემეშინდა, გაღიზიანებული არ იყოს და არ მიკბინოს-მეთქი. თუმცა ახლოს რომ მივედი, შევამჩნიე, ძალიან საცოდავი სახე ჰქონდა. რაღაც ყუთივით იდგა და იმაში იყო შემძვრალი, ავაყირავეთ და ისე გამოვიყვანეთ. შეღრენა კი არა, ურეაქციოდ იყო.
- სადღაც მამალი ძაღლიც იპოვეთ არა?
- დიახ, მას შემდეგ, რაც დედალი ვიპოვეთ მასაც მივაგენით. მთელი ოჯახი ერთად შეიყარა, გაოცებული ვუყურებდით მათ რეაქციებს, არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ. ერთმანეთის მიმართ სითბოსა და სიყვარულს ადამიანებივით გამოხატავდნენ... ასეთი რამ პირველად ვნახე და მეგონა რაღაც ფილმს ვუყურებდით.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment