ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში იმ ადამიანებს შორის მოხვდა, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა. ხალვაშისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები. უნივერსიტეტის რექტორი აპირებს განმარტებისთვის უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმართოს.
"ოფიციალური შეტყობინება არ მიმიღია, მე ეს გავიგე "რადიო თავისუფლებისგან". აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ვიტოვებ იმედს, რომ ეს იყო აბსოლუტური გაუგებრობა. უნივერსიტეტმა უკვე მოამზადა წერილი და ჩვენ გავაგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ვგეგმავთ წერილის გაგზავნას უკრაინაში საქართველოს საელჩოში და ასევე წერილს გავუგზავნით ყველა იმ უკრაინული უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს უნივერსიტეტთან. 27 უნივერსიტეტია ასეთი. ერთადერთი რა ვერსიაც მაქვს, მდგომარეობს იმაში, რომ 2017 წელს ქერსონისის მუზეუმიდან მივიღე მოწვევა, იმის შესახებ რომ, სევასტოპოლში იმართებოდა სამეცნიერო კონფერენცია. ქერსონისის ანტიკური პერიოდის შესახებ, მე როგორც ამ პერიოდის მკვლევარს, მქონდა მიწვევა კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მას შემდეგ რაც გავარკვიე, რომ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის ანტიკოსთა ასოციაცია, მე ვთქვი უარი, არათუ ჩასვლა. მოხსენებაც არ გამიგზავნია. არ ვიცი რა გახდა საფუძველი. სხვა შემთხვევაში საფუძველი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოვთხოვო სათანადო პასუხი იმ უგუნურებასთან დაკავშირებით, რა განკარგულებასაც მოაწერა ხელი,"- განაცხადა მერაბ ხალვაშმა.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი მირანდა თურმანიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიყვანა უკრაინამ „შავ სიაში“.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მოვხვდი სიაში. ახლა გავიგე ამის შესახებ. ანექსირებულ ყირიმთან არანაირი შეხება არ მაქვს. არც ნათესავი ან მეგობარი მყავს იქ, თუნდაც დისტანციური კონტაქტი რომ მქონდეს ვინმესთან. უკრაინაში, მით უმეტეს ყირიმში, არასდროს ვყოფილვარ“, – აცხადებს მირანდა თურმანიძე.
მისი თქმით, არც ერთი ქმედება, რომელიც სანქციების დაწესების მოტივად არის დასახელებული, არ ჩაუდენია.
უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. დოკუმენტში 800-ზე მეტი პირია შეყვანილი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი მირანდა თურმანიძე.
imedinews.ge
.
No comments:
Post a Comment