მეწამორის ელექტროსადგური, რომელიც სომხეთში დაბა მეწამორში მდებარეობს, ხვალიდან მომდევნო ოთხი თვის ჩავთლით ფუნქციონირებას შეაჩერებს. მიზეზი სამოდერიზაციო სამუშაოებია, რამაც ელექტროსადგურის უსაფრთხოების სტანდარტები უნდა გაზარდოს. თუმცა, ევროკავშირი, რომელიც უკვე წლებია სომხეთს ამ ელექტროსადგურის დახურვისაკენ მოუწოდებს, მიიჩნევს, რომ საბჭოთა დროს აგებულ სადგურს მოდიფიცირების შემთხვევაშიც არ შეუძლია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები დააკმაყოფილოს. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდება, მაგალითად მიწისძვრა, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ატომური ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდეს და კატასროფული ზიანი მიაყენოს, როგორც სომხეთს, ისე მის მეზობლად მდებარე ქვეყნებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბოლო პერიოდში აქტიურად მსჯელობენ ატომური ელექტროსადგურების საჭიროების შესახებ იმ რისკებთან მიმართებაში, რასაც მათი არსებობა შეიცავს. იაპონიაში მოხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებულ ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლამ მთელი მსოფლიო იმაზე დააფიქრა, თუ რამდენად უსაფრთხოა საერთოდ ატომური ენერგია. „ფუკუსიმა 1“-ის კატასტროფა არ არის ერთადერთი ტრაგედია, რომელმაც ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საშიშროება წარმოაჩინა. მსგავსი რამ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების სამკილომეტრიან კუნძულსა და ჩერნობილში.
როდესაც ატომურ ელექტროსადგურებზე მსჯელობა იწყება, სპეციალისტები ერთხმად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, მეწამორის ატომური ელექტროსადგური დღეისთვის ყველაზე საშიში „ატომური ობიექტი“ იყოს. უპირველეს არგუმენტად მისი ხანდაზმულობა მოჰყავთ. ეს სადგური გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ანუ ჩერნობილის ელექტროსადგურამდე გაცილებით ადრე. სპეციალისტების აზრით, იგი დაფუძნებულია ძველ სტანდარტებსა და ნორმებზე, რომლებიც თანამედროვე რისკფაქტორებს ვერ პასუხობენ. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ფიზიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, ელექტროსადგურის არასასურველ ადგილზე მდებარეობაა. გავრცელებული მოსაზრებით, ელექტროსადგური სეისმურად მეტად აქტიურ ზონაშია აშენებული.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სწორედ ამ რისკ-ფაქტორების გამო, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდეს სომხეთს, დაეხურა მეწამორის ატომური ელექტროსადგური. სადგური რომ უნდა დაიხუროს, ევროკომისიის ანგარიშშიც არის ნათქვამი.
როგორც ცნობილია, დაბა მეწამორში მდებარე ატომურ სადგურზე სომხეთის ენერგომოხმარების 40% მოდის. სწორედ ამიტომ აჭიანურებს სომხეთი ელექტროსადგურის დახურვას.
მეწამორის ატომური ელექტროსადგური, ერევნიდან 30 კმ-ში მდებარეობს, თბილისიდან კი 113 კმ-ით არის დაშორებული
ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა და შედგება ორი ენერგობლოკისგან. 1988 წელს რეგიონში მოხდა 6,9 მაგნიტუდის გამანადგურებელი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მხოლოდ 75 კილომეტრით იყო დაშორებული ელექტროსადგურიდან. მაშინ ხელისუფლებამ მეწამორის მუშაობა შეაჩერა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ კვლავ აამოქმედა ის, ვინაიდან 1988-94 წლებში მთიან ყარაბაღში ომის შედეგად, ქვეყანას თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მას შემდეგ რაც, 90-იანი წლების დასაწყისში მცხეთის ატომური ელექტროსადგურის ("მცხეთის რეაქტორად" ცნობილი "მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი" 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში) კონსერვაცია მოხდა, მეწამორის ელექტროსადგური კავკასიაში ერთადერთია.
„ფუკუსიმა 1“-ზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ელექტროსადგურების სრულ უარყოფაზე ალაპარაკდა. ევროპელები საკუთარ ხელისუფლებებს დაცვის გამკაცრებასა და ატომური ელექტროსადგურების ლიკვიდაციას სთხოვენ. გერმანელმა ხალხმა ატომური ელექტროსადგურების არსებობა მასშტაბური საპროტესო აქციებით არაერთხელ გააპროტესტა. გერმანიის ხელისფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის მასშატაბით არსებულ თითოეულ ატომურ ელექტროსადგურს 2020 წლისთვის დახურავს. საფრანგეთი და ესპანეთი თავიანთ ელექტროსადგურებზე ტესტებს ჩაატარებენ, რაც ამ სადგურების შემდგომ ბედს განსაზღვრავს. ელექტროსადგურებზე უარის თქმა შვეიცარიამაც გადაწყვიტა, სადაც ქვეყნის ენერგორესურსის საერთო მაჩვენებლის 40 პროცენტი სწორედ ამ სადგურებზე მოდიოდა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment