Pages

Saturday, June 29, 2019

განათლების სამინისტრო: ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად ყველა აბიტურიენტის უფლება დაცული იქნება

საქართველოს მეცნიერების და განათლების სამინისტრო ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.
„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შექმნილ პრობლემებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა არაერთმა აბიტურიენტმა და მათმა ახლობელმა გააკეთა განცხადება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებოდათ და განათლების სამინისტროს სთხოვდნენ, რომ გამოცდები მათთვის გადაევადებინათ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე 27 ივნისს 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გაატარებენ ადამიანებს, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება კი ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე ადამიანებს.
დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, საქართველოში იმართება პროვოკაციული ხასიათის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას ეხება. მათ შორის აქციებია ზუგდიდშიც. 
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიჩინონ კონსტრუქციულობა, ასევე შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment