ამ ბავშვებს სოციალური ქსელიდან კარგად იცნობენ. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, დედმამიშვილები - საოცრად მუსიკალურ 2 ძმას და ერთ დას "მარშანიების ტრიოდ" იცნობენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მარშანიების ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება. მამა ზურაბ მარშანია ეკონომისტია, დედა - ირმა გაბისონია - მუსიკოსი, უფროსი შვილი ნიკოლოზი 15 წლისაა, რეზი - 12 წლის, ნინი კი 6 წლის გახლავთ. ყველას უზომოდ უყვარს მუსიკა და ამის დასტურია სწორედ ის, რომ ამ ბავშვების ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს - საოცრად უკრავენ და მღერიან.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ბავშვებში მუსიკის სიყვარული მშობლებიდან მოდის, რადგანაც მამა, ოჯახის უფროსი მუსიკის სერიოზული მოყვარულია. ბავშვობიდან დიდი ინტერესი ჰქონდა, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაეკრა. თავისით ისწავლა გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ტუჩის გარმონზე, დრამზე, დოლსა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. დედას კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი აქვს დავამთავრებული.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სწავლის დამთავრებისთანავე მუშაობა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში მუსიკის კათედრაზე დავიწყე. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო გოგონათა გუნდთან მუშაობა. ამჟამად კი ჩემს შვილებთან ვმუშაობ, რადგანაც ამ დროისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის", - გვეუბნება ირმა გაბისონია, ბავშვების დედა.
მისივე თქმით, მათ ოჯახსა და სამეგობროში სულ ისმოდა მუსიკა. ასე რომ, მათმა შვილებმა პატარაობიდანვე გაითავისეს და შეიყვარეს სიმღერა და დაკვრა. უფროს შვილს ნიკოლოზ მარშანიას, მცირე ასაკიდან აღმოაჩნდა კარგი მუსიკალური სმენა, მიიყვანეს ბიჭუნათა ანსამბლ "მძლევარში" (ხელმძღვანელები - ტარიელ და კახაბერ ონაშვილები). სწორედ იქ შეუსწავლია და შეუყვარებია პატარა ნიკას ქართული ხალხური სიმღერები.
"ნიკას თავისი ძამიკო რეზი მალე წამოეწია და ძმასთან ერთად ესწრებოდა ანსამბლ "მძლევარის" რეპეტიციებს. 3 წლის იყო და ხან ჩაეძინებოდა, ხან მონდომებით ისმენდა, ჰყვებოდა ბიჭებს სიმღერაში. სანამ ნინი დაიბადებოდა, ძმები ორ ხმაში მღეროდნენ და ბანს მე ვაძლევდი. ნაცნობ-მეგობრები გვეუბნებოდნენ, მესამე შვილია საჭირო და მშვენიერი ტრიო იქნებაო. მართლაც, ღმერთის ნებით, ნინი მოევლინა ამ ქვეყანას. მახსოვს, ორი თვის იყო, რეზი რომ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა მას სრული სერიოზულობით. ისიც სულგანაბული უსმენდა და უღიმოდა. ასევე, ნიკას აქვს სიმღერის სწავლების შესანიშნავი უნარი. ის ასწავლიდა რეზისაც, რეზი - ნინის და ასე ჩამოყალიბდა "მარშანიების ტრიო", - გვიამბობს პატარა მუსიკოსების დედა.
ნიკას დამთავრებული აქვს ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია ფორტეპიანოს კლასით. ამჟამად, წმინდა ნინოს სახელობის საპატრიარქოს სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ფორტეპიანოს გარდა, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ინტერესი აქვს - უკრავს გიტარაზე, ფანდურზე, დოლზე, შეძლებისდაგვარად, დრამზე და ტუჩის გარმონზე.
რეზიმ კი სიმღერის შემდეგ, დიდი ინტერესი გამოიჩინა ფორტეპიანოს მიმართ. თურმე სულ პატარა იყო, ფორტეპიანოს რომ მიუჯდებოდა და სამ ხმაში აწყობდა ქართულ ხალხურ სიმღერებს.
"იმ დროს კი უკვე ბებიაც ჩაერთო საქმეში, რომელიც სამწუხაროდ, უკვე აღარ გვყავს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ოჯახისთვის... ბებია ფორტეპიანოს პედაგოგი იყო ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში და მისი ინიციატივით გადავწყვიტეთ, რომ რეზის მუსიკალური განათლება მიეღო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში". ძალიან გაგვიმართლა და მოვხვდით არაჩვეულებრივ პედაგოგთან ქალბატონ ნატო მაღალაშვილთან, რომელიც დღემდე დაუღალავად და დიდი შემართებით მუშაობს რეზისთან. ამჟამად ნიჭიერთა ათწლედის მეექვსე კლასის მოსწავლეა", - აღნიშნავს ქალბატონი ირმა.
როგორც შევიტყეთ, რეზი ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრია, რადგანაც - სხვადასხვა კონკურსის პირველი ადგილის მფლობელია, წარმატებით მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერკლასებში. ბახის სახელობის კონკურსზე პირველი პრემია აქვს აღებული; ასევე პირველი პრემია და სპეციალური პრიზი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსზეც გადაეცა; ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის კონკურსზეც - პირველი პრემია და დიპლომი კლასიკური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის, ასევე ლიტვის საელჩოს მიერ დაწესებული პრიზი; მონაწილეობდა ფესტივალზე ქალაქ ბაქოში; დაჯილდოვდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელით (2015 წელი); ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ფესტივალზე "რონდო-კლასიკა" ვირტუოზული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის გადასცეს პირველი დიპლომი. ახლახან, საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VII კონკურსზე, რომელიც 18 წლიდან მონაწილეებისთვისაა, როგორც საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეს, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას პირადი პრემია გადაეცა;
26 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში რეზის სოლო კონცერტიც გაიმართა. დაინტერესებულია კომპოზიციით და ეს ერთი წელია, კომპოზიციის გაკვეთილებს იღებს კონსერვატორიის პროფესორ-კომპოზიტორ მაკა ვირსალაძესთან. დაწერილი აქვს რამდენიმე პატარა საფორტეპიანო პიესა, რომელიც უკვე რამდენიმეჯერ შეასრულა სხვადასხვა კონცერტზე. 31 მაისს მონაწილეობდა ახალი თაობის ვირტუოზების ფესტივალზე, რომელიც წარმოადგენს ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt და ფონდი "იავნანა", რომლის იდეის ავტორი და პროდიუსერი ქალბატონი თეონა ჯორბენაძეა. ივნისში მიწვეულია გერმანიაში მეკლენბურგის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც როგორც სოლო პროგრამით, ასევე კამერულ ინსტრუმენტული კომპოზიციებით წარსდგება. არადა, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ჯერ მხოლოდ მეშვიდეკლასელია.
"ნინის პატარაობიდანვე ესმის მუსიკა. ძმების მსგავსად, ნინიც მუსიკით იძინებდა და მუსიკით იღვიძებდა. ხშირად კლასიკურ მუსიკას ვასმენინებდი. ნიკა და რეზი ასწავლიდნენ სიმღერას და მალე სამივე დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ როგორც ხალხურ, ისე სხვადასხვა სიმღერას გიტარის, ფანდურისა და ფორტეპიანოს თანხლებით. ფორტეპიანოზე აკომპონირებას რეზი უწევდა და ამღერებდა თავის პატარა დაიკოს. ერთხელაც, ნინის და რეზის სრულიად დაუგეგმავად, ტელეფონით ვიდეო გადავუღე, რომლებიც ასრულებდნენ მაია ოთიაშვილის სიმღერას - "ეს ლამაზი მთები" და შემდეგ ავტვირთე ჩემს "ფეისბუქგვერდზე". დილით მეგობარი მირეკავს ტელეფონით, - ნახე, რა ხდება, უამრავი ნახვა აქვს და უამრავი ადამიანი ეხმიანებაო. ამ ვიდეოს უკვე სხვადასხვა სიმღერა მოჰყვა, რომლებიც უცებ აიტაცა მსმენელმა ინტერნეტსივრცეში. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შესრულებული სააღდგომო გალობა "ქრისტე აღდგა მკვდრეთით", რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ისმენდნენ, ეხმიანებოდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ნინი იქ 3 წლის იყო. უცხოელები პატივისცემით და სიყვარულით აღნიშნავდნენ, რომ ქართველებს მრავალხმიანობა გენში და სისხლში აქვთ. ძმებმა პატარა დაიკოს სიმღერის გარდა, ფორტეპიანოზე დაკვრაც ასწავლეს. მიამატეს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი, რამაც ძალზე გაახალისა მსმენელი. შემდეგ იყო მიწვევები სხვადასხვა არხის ტელევიზიაში. ასე გაიცნო და შეიყვარა "მარშანიების ტრიო" მსმენელმა. რეპერტუარს რაც შეეხება, ხანდახან მეც ვეხმარები, რა თქმა უნდა, შერჩევაში. ნინი პირველი ექსპერიმენტული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. მუსიკალურ განათლებას ისიც ცენტრალურ სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში" პედაგოგ ნატო მაღალაშვილთან იღებს", - გვეუბნება ნიჭიერი ბავშვების დედა, რომლის შვილებსაც მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შუძლიათ, აქვთ საოცარი წარმატება და მსმენელისა და მაყურებლისგან აღიარება.
ასეთი გახლავთ ერთი მუსიკალური ოჯახის ამბავი და პატარა ვირტუოზების მუსიკალური კარიერა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment