ფეთჰულაჰ გიულენს მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში სასწავლებლები უკვე დაუკეტეს
სკანდალი: ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას
ვინ არის თურქი ფეთჰულაჰ გიულენი, რომლის დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი უნივერსიტეტები რელიგიური ექსტრემიზმის გამოაშკარავების შემდეგ დახურეს, საქართველოში კი მისი სახსრებით დაარსებული 14 სასწავლებელი შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას?
რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს.
მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან პირისპირ გამართული აუდიენციისას ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს პირადად გადასცა იმ პირების სია, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში ფეთჰულაჰ გიულენის წარმომადგენლები იყვნენ და არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სახელმწიფო მმართველობის დონეზე ჰქონდათ განზრახული რუსეთსა და აზერბაიჯანში თავის დამკვიდრება.
აშშ-ში მის მიერ გახსნილ სკოლებში “ეფ-ბი-აი“ შევიდა. აშშ-მ, აღნიშული სასწავლებლების დახურვის პარალელურად, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სწორედ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ – “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც.
გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან.
სწორედ გიული ალასანია უძღვება ფეთჰულაჰ გიულენის ინიციატივით გამართულ კონფერენციებს, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად ტარდება.
ფეთჰულაჰ გიულენის პიროვნებით და მისი საქმიანობით თურქოლოგი არასამთავრობო ორგანიზაცია
”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი დაინტერესდა.
კვიციანის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც გიულენის საქმიანობის შესახებ სკანდალური დეტალები გამოკვეთა.
გამოძიების შედეგების შესახებ კვიციანმა “კვირას“ ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია.
ვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი: გიულენი 1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზურუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში დაიბადა. მას არაბულ ენას მამა – რამიზ ხოჯა ეფენდი ასწავლიდა, ყურანი შეისწავლა და ჰაფიზი გახდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ერთი წელი ერზურუმში ცხოვრობდა. შემდეგ ედირნეში დაბრუნდა და 1964 წლის 4 ივლისიდან მეჩეთ დარულჰადისში ყურანის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე მეჩეთში იმამის მოვალეობასაც ასრულებდა.
ღვთისმეტყველ-მქადაგებელი იყო. მან, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით დაიწყო პედაგოგიური და საგანმანათლებლო პრაქტიკა ყურანის შემსწავლელ კურსებზე.
„ქესტანეპაზარიდან”, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი, გააგზავნეს ჰაჯად. ეს მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში მოხდა.
შემდეგ იგი საიდ-ნურსის დაჯგუფებას შეუერთდა. პარალელურად დააფუძნა საკუთარი დაჯგუფება, რომელიც საიდ-მურსის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, მის მიმდევრებს კი გიულენისტებად მოიხსენიებდნენ. ორგანიზაციის წევრები პერიოდულად მართავდნენ შეხვედრებს, ქადაგებდნენ ისლამს და ახალ წევრებს ყურანს დეტალურად აცნობდნენ. მისი დაჯგუფების გაფართოებასთან ერთად გიულენს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი გაეზარდა. მან რელიგიურ გრძნობებზე თამაშით ჯგუფის ძველი და ახალი წევრებისგან
ფულის აგროვება დაიწყო. ამის მიზეზად კი ნაკლებად შეძლებულების დახმარების სურვილი დაასახელა, თუმცა შეგროვებული თანხის თითქმის სრულ ოდენობას პირადად მოიხმარდა. ეტაპობრივად გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები მატულობდნენ. ადრე თუ მას თანამოაზრეები მხოლოდ თურქეთის დიდ ქალაქებში ჰყავდა, დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის იდეოლოგიას მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათ შორის საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები. გიულენისტების მომხრეების ჯგუფების წევრები იკრიბებიან ამავე ჯგუფის წევრების სახლებში, იქ აგროვებენ თანხას, რომელსაც ამ საქმისთვის გამოყოფილი რამდენიმე პირი უწევს ორგანიზებას. ეს ხდება არაოფიციალურად. ე.წ ობშიაკის სახით. თანხის უმეტესობა კი კვლავ გიულენის ჯიბეში მიდის. გიულენის დაჯგუფება მიწისქვეშა ორგანიზაციაა, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიას მისდევს. ჯგუფის წევრები გიულენთან ქულების დაწერის მიზნით ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებენ და საჭირო ვითარებაში შანტაჟსაც მიმართავენ.
გიულენის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი ფუნქციონირების მთავარი მიზანი:
ფეთჰულაჰ გიულენმა სასწავლო ცენტრები თავდაპირველად მხოლოდ თურქეთის მასშტაბით გახსნა. პარალელურად ის უნივერსიტეტებს და ბაღებს, ასევე სკოლებს სხვადასხვა ქვეყანაში აარსებდა. რელიგიურ იდეოლოგიას ამოფარებული გიულენი ცდილობდა ტოტალური კონტროლის მოპოვებას თურქეთის მმართველობაზე. მან შეაღწია პროკურატურაში, კერძო სასამართლოები შექმნა. ასეთი სასამართლოების დაარსება თურქეთის კანონმდებლობით დაშვებული იყო. თურქეთის ხელისუფლებამ, რომელიც გიულენს საფრთხისშემცველ ფიგურად ვერ აღიქვამდა, შეიტყო, რომ მის მიერ თურქეთში გახსნილ სასწავლებლებში რელიგიური ექსტრემისტების მომზადება და მათთვის არასწორი იდეოლოგიის ჩანერგვა ხდებოდა. თურქეთში რამდენიმე სამხედრო გადატრიალებაც მოხდა, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა რელიგიური მმართველობის ქვეშ არ მოქცეულიყო და ლაიციზმი გაგრძელებულიყო. გიულენის ჯგუფი კი ლაიციზმის წინააღმდეგ ღიად გამოდიოდა და მას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
მოხდა ისე, რომ თურქეთის ხელისუფლებამ 2002-03 წლებში გიულენი ტერორიზმში ბრალდებულად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა. თუმცა გიულენმა აშშ-ში გაქცევა მოახერხა. შტატებში მან სასწავლებლები დააარსა. მისი დაფინანსებით საგანმანათლებლო დაწესებულებები ეტაპობრივად კიდევ 48 ქვეყანაში დაფუძნდა. სასწავლებლებში დასაქმებულები არიან მისი იდეოლოგიის მქონე პედაგოგები, ძირითადად, ისინი, ვინც მისივე გახსნილი უნივერსიტეტები დაამთავრა.
ასეთ პედაგოგებს ვალდებულება აქვთ, შემოსავლების 5-დან 20 პროცენტამდე გიულენს ფარული გზით გაუყონ.
ყველა სასწავლებლის მმართველი საბჭო მან დააკომპლექტა. რა თქმა უნდა, ადგილობრივი პერსონალიც დაასაქმა. ისინი შეიძლება ისლამს არ მისდევენ, თუმცა სრულად ემორჩილებიან მმართველი საბჭოს მოთხოვნებს. გიულენი საკუთარ თავს მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს უწოდებს. მისი ავტორობით გამოსული ლიტერატურა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მის მიერ დაარსებულ სასწავლებლებში უფასოდ რიგდება.
რატომ დახურეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა გიულენის გახსნილი უნივერსიტეტები:
ამერიკის შეერთებულ შტატებში გიულენის მიერ სასწავლებლების გახსნის ფაქტს ხელისუფლება დადებითად შეხვდა. მას განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ერიცხებოდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც სასწავლებლებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თუ რას ემსახურებოდა გიულენის ჩანაფიქრი და რა დიდი საფრთხე შეიძლება ეწვნია ამერიკას განათლებული რელიგიური ექსტრემისტებისგან, მის დაფუძნებულ სკოლებში “ეფ-ბი-აი“
შევიდა, აშშ-მ, აღნიშნული სასწავლებლების დახურვის პარალელურად, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცა.
აზერბაიჯანში, ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ შემთხვევით გასაჯაროვდა წერილი, რომლის ადრესატიც ფეთჰულაჰ გიულენი იყო. წერილში გიულენს აზერბაიჯანელი მომხრეები ატყობინებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ თანამოაზრეებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის დიდი შანსი ჰქონდათ. წერილის ავტორი წერდა, რომ ამით გიულენს აზერბაიჯანის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაუადვილდებოდა. ამ ამბავს აზერბაიჯანის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. ამ პერიოდში რეჯებ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა, პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც გიულენს აზერბაიჯანში დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს უწყობდნენ.
აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანში გიულენის მიერ გახსნილი აბსოლუტურად ყველა სასწავლებლის
დახურვა მოჰყვა, შენობები კი, სადაც ეს სასწავლებლები ფუნქციონირებდნენ, კომპანია “სოკარს“ გადაეცა. დაიხურა ტელევიზია და გიულენის მიერ აზერბაიჯანში წამოწყებული ბიზნესებიც შეჩერდა.
ასევე ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ აუდიენციას რუსეთში გიულენის მიერ დაარსებული უნივერსიტეტების დახურვა მოჰყვა. რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხიდან გამომდინარე, რუსეთმა სასამართლოს ძალით ფედერაციაში არსებული მისი ყველა სასწავლებელი დახურა.
გიულენის მიერ გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურა თურქმენეთმა, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, ირანმა, რუსეთმა, 2012 წელს – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მოწვეულ მასწავლებლებს უფრო მეტი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე აფხაზებს. რეალურად კი გიულენის მიერ გახსნილი სასწავლებლების აფხაზეთში დახურვის სურვილი კრემლმა გამოთქვა.
რომელ სასწავლებლებს და რა ბიზნესებს აკონტროლებს გიულენი საქართველოში და რა კავშირი აქვს ექსპრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან:
1994 წელს საქართველო-თურქეთში შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში უთიერთობების მჭიდრო კავშირის დამყარებას გულისხმობდა. სწორედ ამ პერიოდში გახსნა გიულენმა “დემირელის“ სასწავლებელი. იმავე პერიოდში სოხუმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სასწავლებლები დაარსდა.
საქართველოში ის რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა–ლიცეუმი „სხივი“; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.
ერთი სიტყვით, ყველა თურქული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, მას ექვემდებარება. მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.
რომან კვიციანი აცხადებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მრავლად არიან გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები.
მისი თქმით, გიულენს საგანმანათლებლო სფეროს გამოყენებით განზრახული აქვს სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსება და კონტროლის დამყარება.
კვიციანის თქმითვე, გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლებლები საქართველოში განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მომრავლდა, რადგან მას სააკაშვილის ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ პერიოდში იხურებოდა იგივე გიულენის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
გიულენს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს ექსპრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან, რომელიც, კვიციანის ინფორმაციით, გიულენის ინიციატივით საქართველოში გამართული კონფერენციების ორგანიზატორი და მასთან საკმაოდ დაახლოებული პირია.
სხვა ქვეყნების მსგავსად, გიულენი საქართველოშიც აკონტროლებს თურქული ბიზნესის უმრავლესობას.
ეს არის სამშენებლო, ტექსტილის, სამედიცინო ბიზნესები, თუმცა პრიორიტეტული მაინც განათლების სფეროა.
გიულენი ფიქრობს, რომ სწორედ ამ სფეროს დახმარებით შეძლებს ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვის სადავეების ჩაგდებას. სწორედ ამიტომაც გიულენი და მისი წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი იდეოლოგიის მიმდევრები სახელმწიფო უწყებებში დასაქმდნენ. მათ საქართველოში არსებულ სასწავლებლებში ჰყავთ დამხმარეები, რომლებმაც იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
რომან კვიციანის კერძო გამოძიებით დგინდება, რომ გიულენი “ქართველ მეწარმეთა ასოციაციის“ უკანაც დგას.
მისი თქმით, აღნიშნულ ასოციაციაში მხოლოდ ორი წევრია ქართველი, ისიც ფორმალურად, რათა გიულენის ბიზნესინტერესების გამტარებლებში ეჭვები არ დაბადონ და თავისუფლად ჩაიხედონ ქართული ეკონომიკის შიდასამზარეულოში.
გახმაურებული ტერაქტები და მკვლელობები, რომლებსაც გიულენის ხელწერასთან მივყავართ:
თურქეთში, და არა მხოლოდ იქ, ვარაუდობდნენ და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიულენსა და მის დაჯგუფებას არაერთ გახმაურებულ მკვლელობასთან და ტერაქტის ორგანიზებასთან აქვს კავშირი.
თურქეთში, და არა მხოლოდ იქ, ვარაუდობდნენ და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიულენსა და მის დაჯგუფებას არაერთ გახმაურებულ მკვლელობასთან და ტერაქტის ორგანიზებასთან აქვს კავშირი.
ეს არის სტამბოლში ერთ-ერთი სომხური ჟურნალის რედაქტორის მკვლელობა. იმავე წელს ტრაბზონში კათოლიკე მღვდლის სიკვდილი, რომლის კვალიც გიულენის სახელთან მიდის. ქალაქის მერიაში მომუშავე ერთ-ერთმა პირმა სინანულით განაცხადა, რომ გიულენთან დაკავშირებულ პირებს მღვდლის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია მისთვის ადრე რომ მიეწოდებინათ, მკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. გიულენს უკავშირებენ წელს სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, როცა თურქეთმა სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა, თუმცა, საზღვარზე შემოწმებისას ტრაილერებში ტვირთის ნაცვლად შეიარაღება აღმოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სწორედ გიულენის გარემოცვამ შეგნებულად გაახმაურა ეს ფაქტი, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში თურქეთის
ხელისუფლება დაკნინებულიყო და ქვეყნისთვის ტერორისტების ხელშეწყობა დაებრალებინათ.
ადგილობრივ მედიაში გიულენის გვარმა სექტემბრის დასაწყისში თურქეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიჟღერა.
საქმე ეხება თურქეთის 16 პროვინციაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ათობით პოლიციელი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულ სამართალდამცველებს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებათ ბრალი.
მათ თურქი მაღალჩინოსნების უკანონო სატელეფონო მოსმენებში ადანაშაულებენ.
თურქეთის ხელისუფლებამ სამართალდამცველების მასობრივი დაკავება მიმდინარე წლის ზამთარში დაიწყო.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა, კიდევ არსებობს უამრავი საქმე.
უკანასკნელი ინფორმაციით, გიულენი აშშ-დან გაქცევას და აფრიკის იმ ქვეყანაში გადასახლებას აპირებს, რომელთანაც თურქეთს ორმხრივი ურთიერთშეთანხმება არ აქვს. შესაბამისად, თურქული მხარე ასეთი ქვეყნისგან გიულენის ექსტრადირებას ვერც მოითხოვს.
რომან კვიციანი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერსდეს ფეთჰულაჰ გიულენის იმ საქმიანობით, რომელსაც ის საქართველოში საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში ეწევა და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ამ მიზნით ის უახლოეს პერიოდში შესაბამის სტრუქტურებს წერილობით მიმართავს.
kvira.ge
No comments:
Post a Comment