2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი საგამოცდო დღე დასრულდა. წინა წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდაზე არც ნასვამი აბიტურიენტი გამოცხადებულა და არც გადაწერის გამო მოუხსნიათ აპლიკანტი საგამოცდო პროცესიდან. თუმცა შარშანდელივით, წელსაც ელექტროენერგიის პრობლემა შეექმნა თბილისის ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტშია განთავსებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ პრობლემას მომზადებული დახვდა და გენერატორები აამუშავა. აბიტურიენტების მთავარი სასაუბრო საკითხი წლევანდელი სიახლე იყო, მათი ნაწილი ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოცდას დადებითად აფასებს, თუმცა მეორე ნაწილი კონკრეტულ ხარვეზებზე მიუთითებს. სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, პირველი საგამოცდო დღის შესახებ EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს ესაუბრა.
-დღევანდელ გამოცდაში რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა 19 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. პირველ სესიაზე აპლიკანტების ხუთი პროცენტი არ გამოცხადდა. მეორეზე მხოლოდ სამი. პირველ გამოცდაზე დაგვიანების ხუთი შემთხვევა იყო, მეორეზე დაგვიანების შემთხვევები აღარ ყოფილა.
-კმაყოფილი ხართ თუ არა დღეს ჩატარებული გამოცდით?
-მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ძალიან დიდი მღელვარება იყო ჩვენთან ორგანიზაციაში, განსაკუთრებით პირველ საგამოცდო დღესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მთელი წელი ძალიან ბევრი მოვინდომეთ იმისთვის, რომ ყველანაირი პრობლემა აგვეცილებინა თავიდან და კონკრეტულ შემთხვევაში პრევენციული ზომები მიგვეღო, მაგრამ მიუხედავად ამისა რეალური ვითარება შეიძლება ისეთი იყოს, რომ უბრალოდ როცა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ხარ ტექნიკაზე, ელექტროენერგიაზე, არ გამოვიდეს ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა. ამიტომაც, მე დღეს ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
-ქალბატონო მაია, წელს პირველად ჩატარდა გამოცდები ნახევრად ელექტრონული ფორმატით. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა ხარვეზები დაფიქსირდა და რით იყო ეს ხარვეზები განპირობებული?
-ერთ საგამოცდო ცენტრში, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეწყდა ელექტროენერგია, მაგრამ პროცესისთვის ამას ხელი არ შეუშლია, რადგან ყველა საგამოცდო ბუკლეტი ჩამოტვირთული იყო ლეპტოპებში. ერთი შემთხვევა იყო ასევე გორის საგამოცდო ცენტრში, როცა ისევ ელექტროენერგიის გამო ორი სექტორი გაითიშა და ამიტომ 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო ამ ორმა სექტორმა მუშაობა და აქაც არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ანუ აბიტურიენტებს ნამდვილად არ შეშლიათ ხელი. რთული და კომპლექსური პროგრამაა შექმნილი სპეციალურად ამ საგამოცდო მოდელისთვის და თვითონ კომპიუტერული პროგრამა იდეალურად მუშაობს.
-აბიტურიენტები ჩვენთან საუბრებში ამბობდენ, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება კომპიუტერების გადაადგილების, ეს დადგენილი წესია?
-არა, დადგენილი წესი ნამდვილად არ არის. აბიტურიენტებს შეუძლიათ კომპიუტერები გადაადგილონ. როგორც იცით, აპლიკანტებს ორი მაგიდა აქვთ – ერთი კომპიუტერისთვის, ერთი კი ძირითადი დავალების შესასრულებლად. კომპიუტერის მოწევა შეიძლება, თუმცა ის აუცილებლად უნდა იდგეს მარცხენა მხარეს, ხოლო დავალებების ფურცელი მარჯვნივ უნდა იდოს. თუ რომელიმე აპლიკანტს სურდა ფურცელი მარცხნივ გადაედო და კომპიუტერი მარჯვნივ გადმოეწია, მეთვალყურეები ამის საშაულებას ნამდვილად არ მისცემდნენ, რადგან შემდეგ გვერდით მჯდომისგან გადაწერის შესაძლებლობა ჩნდება. კომპიუტერის მოწევა შეიძლება, თუმცა მაგიდებზე გადაადგილება ნამდვილად არა.
-ის რომ შედეგით კმაყოფილი ხართ გაძლევთ თუ არა იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალ წელს თქვენი ცენტრი აბიტურიენტებს გამოცდებს მთლიანად ელექტრონული ფორმატით შესთავაზებს?
-ნამდვილად შეგვიძლია ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. მთავარი გამოცდა ჩვენთვის იყო კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ყველაფერ ამას ვაკეთებთ, ის ქსელები რასაც ვიყენებთ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს უკვე გვაძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ ჩვენ ელექტრონული ფორმატისთვის მზად ვართ. ღმერთმა ქნას, 22 ივლისისთვის ზუსტად ასე წარიმართოს პროცესები, ოღონდ ბუნებრივია გაისად, 2 და 3 წელიწადში სამწუხაროდ ჩვენი აბიტურიენტები არ იქნებიან მზად იმისთვის, რომ ყველა ტიპის დავალებაზე ელექტრონულად გასცენ პასუხი, თუმცა 2017 წელს ნამდვილად ვგეგმავთ დახურულბოლოიანი დავალებების სრულად ელექტრონულად მიწოდებას, მაგალითად ზოგად უნარებს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს მომენტალურად გავიგოთ შედეგი, გამოცდების დასრულებისთანავე და ასევე, სხვა საგამოცდო საგნები, სადაც ბლოკია დახურულბოლოიანი დავალებების, ის ბლოკი გასწორდება ავტომატურად და რა თქმა უნდა დრამატულად შეამცირებს გასწორების პროცესს, იმიტომ, რომ მხოლოდდამხოლოდ ღია დავალებები გასწორდება გამსწორებლების მიერ.
-გამოცდებიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა ამბობდა, რომ ტესტი რთული არ ყოფილა. რასთან გვაქვს საქმე, ტესტების სირთულის დონე გაამარტივეთ, თუ აბიტურიენტების მომზადების დონე გაიზარდა?
-დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ სწორედ აბიტურიენტების მომზადების დონე გაუმჯობესდა, თუმცა ამას ნუ ვენდობით, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს წლები, როცა აბიტურიენტები გამოდიოდნენ და დავუშვათ ერთ–ერთ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ აი ამ ნაკადზე ტესტი იყო ძალიან რთული და შემდეგ ეს ასე არ იყო ნამდვილად. მაგალითად ერთ-ერთ წელიწადს, როცა აბიტურიენტების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ უცხო ენის გამოცდა ძალიან მარტივი იყო და მის შესრულებას თითქოს არაფერი უნდოდა, სამწუხაროდ შედეგებმა ჩვენ ეს ასე არ გვაჩვენა. აქედან გამომდინარე, მთლად ნუ ვენდობით ამ შეფასებებს, თუმცა მოხარული ვიქნები, თუ აბიტურიენტები კარგ შედეგებს აჩვენებენ. ჩვენი ინტერესი ნამდვილად არ არის რომ ან გავამრტივოთ ან გავართულოთ ტესტები.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment