Sunday, July 17, 2016

როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი?

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
– როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი და თუ აბიტუენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს ვის მიენიჭება უპირატესობა?
– თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის  რომელიმე  პროგრამაზე,  მაშინ  რეიტინგულ  სიაში  მითითებულ  მომდევნო  პროგრამაზე  მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას და არა ამ პროგრამის რიგით ნომერს აბიტურიენტის რეიტინგულ ჩამონათვალში! საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სიებისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის (ან მასთან გათანაბრებული საბუთის) საფუძველზე აბიტურიენტი  აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უმაღლეს სასწავლებელთან.  ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი.
რაც შეეხება ერთნაირი ქულების შემთხვევას: მაგალითად, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  არის  20  ადგილი.  ცხადია,  უნდა  ჩაირიცხოს საუკეთესო შედეგის მქონე 20 აბიტურიენტი, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტულ გამოცდაში.
პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment