- მარკეტინგი ცენტრალურია. მარკეტინგი მთელი საწარმოს მისიის, სტრატეგიის და წარმატების ცენტრალური ელემენტია. ის შეეხება ბიზნესის პოზიციას ბაზარზე – კონკურენტების და მისი არჩეული მომხმარებლის მიმართ.
- ხედვა ანუ სტრატეგიული ხედვა სახავს შემოქმედებითი ბიზნესების და კულტურული საწარმოების სამომავლო მისწრაფებებს. ეს ხედვა (ან „სტრატეგიული ხედვა“) არის „ოცნება“ მომავალზე, სიტყვებით დახატული სურათი, რომელმაც უნდა შთააგონოს ადამიანები და ამისათვის მიმართავს როგორც მათ გულს, ასევე გონებასაც.
- წარმატება. ყველა ადამიანს თუ ორგანიზაციას სურს, იყოს წარმატებული. მაგრამ „წარმატება“ ბევრნაირად შეიძლება განვსაზღვროთ, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საწარმომ თავიდანვე ჩამოაყალიბოს „წარმატების“ საკუთარი განმარტება.
- რას ნიშნავს „მარკეტინგი“? ჩვეულებრივ, ამ სიტყვას სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ხშირად მას გამოიყენებენ მხოლოდ პრომოუშენის და გაყიდვის მეთოდების აღსანიშნად. სინამდვილეში კი ტერმინი „მარკეტინგი“ მოიცავს მარკეტინგის სტრატეგიას და ბაზრის კვლევასაც.
- მარკეტინგის განყოფილება. ბევრ საწარმოში მარკეტინგის განყოფილება სინამდვილეში რეკლამირების და პრომოუშენის განყოფილებაა. თუ ჩვენ მარკეტინგს უფრო სტრატეგიულ მნიშვნელობას მივანიჭებთ, მაშინ „მარკეტინგის განყოფილება“ მოიცავს აგრეთვე მეპატრონეს, უფროს მენეჯერს ან დირექტორთა საბჭოს.
- სტრატეგიული მარკეტინგი და ოპერაციული მარკეტინგი. სტრატეგიული მარკეტინგი მუშაობს კონკრეტული პროდუქტის შერჩევის და მხოლოდ შერჩეულ ბაზრებზე ფოკუსირების უფრო „ფართო სურათზე“. ამის მერე, ოპერაციული მარკეტინგი (ან „მარკეტინგული კომუნიკაციები“) მუშაობს კონკრეტული ბაზრებისთვის კონკრეტული მესიჯების შექმნაზე. სტრატეგიული მარკეტინგი წინ უნდა უსწრებდეს ოპერაციულ მარკეტინგს.
- მარკეტინგის სტრატეგია. მარკეტინგის სტრატეგია გახლავთ უნიკალური ფორმულა ყოველი საწარმოსთვის და ეფუძნება ამ საწარმოს მისიის, ფართო ბაზარზე კონკურენტების მიმართ მისი პოზიციის და მისი გულდასმით არჩეული მომხმარებლის გაგებას.
- ბაზრების შერჩევა. სტრატეგიული მარკეტინგი გულისხმობს ბაზრების, ბაზრის სეგმენტების და ბაზრის ნიშების საგულდაგულო შერჩევას. შესაბამისად, გულისხმობს გადაწყვეტას, რომელ ბაზრებზე არ იმუშავებთ.
- ბაზრის კვლევა. ამასაც შეიძლება მარტივად ვუწოდოთ „მომხმარებლის მოსმენა“. აუცილებელი არაა, ბაზრის კვლევის პროექტი რთული ან ძვირი იყოს. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ მარტივი და იაფი ხერხები ჩვენი არჩეული მომხმარებლის თვალსაზრისის უკეთ გასაგებად. არსებითად, ბაზრის კვლევა დამოკიდებულება უფროა, ვიდრე მეთოდი: ესაა რწმენა, რომ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და რომ შეგვიძლია, ჩვენი საუკეთესო მომხმარებლებისგან სასარგებლო იდეები და მოსაზრებები მივიღოთ.
- კონკურენტული უპირატესობა. საჭიროა, გავაცნობიეროთ, ბაზარი ძალიან კონკურენტული გარემოა. ზოგი მეტოქე გვჯობნის რაღაც საქონლის წარმოებაში, ამა თუ იმ სამსახურის გაწევაში ან ბაზრის რომელიღაც ნიშის შევსებაში. ჩვენ შეიძლება გადავწყვიტოთ მასთან პირდაპირ კონკურენციაში ჩართვა, და დავმარცხდეთ. ან, რაც უფრო სტრატეგიული მიდგომა იქნება, ჩვენ შეიძლება ხერხით ვაჯობოთ მათ და ფოკუსირება მოვახდინოთ მხოლოდ ისეთ რამეებზე, რის გაკეთებაც მათზე უკეთ შეგვიძლია. უნდა ვიკითხოთ არა: „რის გაკეთება შეგვიძლია უკეთ?“ არამედ, „რის გაკეთება შეგვიძლია კონკურენტზე უკეთ?“ საკითხი ეხება ჩვენი კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრას და გამოყენებას. ამის მერე უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც მეტოქეებზე უკეთ გამოგვდის.
- „მარკეტინგის 3M-ი“ მარკეტინგული კომუნიკაციის ეს მეთოდი მარტივი და უაღრესად ეფექტიანია. უპირველესად, ყოველი პროდუქტის ან სერვისისთვის განსაზღვრეთ სამიზნე ბაზარი – ან, შესაძლოა, რამდენიმე სხვადასხვა ბაზარი. ეს არის M1: ბაზარი. მეორე, თითოეული ბაზრისთვის, შექმენით მესიჯი. თუ პროდუქტი გადის რამდენიმე სხვადასხვა ბაზარზე, მათგან თითოეულისთვის შეიძლება განსხვავებულ მესიჯი იყოს საჭირო. რასაკვირველია, ყველა მესიჯი აქცენტს მომხმარებლის სარგებელზე უნდა სვამდეს. ეს მესიჯი გახლავთ M2. M3 – საშუალებაა. ეს არის გამტარი, რომელსაც გამოვიყენებთ ყოველი მესიჯის მისატანად ყოველ ბაზარზე. საშუალება შერჩეული უნდა იყოს იმ მაჩვენებლით, რომ სწორედ ის იქნება საუკეთესო ხერხი, კონკრეტულ ბაზარზე კონკრეტული მესიჯი გაიტანოს. მოცემული ბაზრის მომხმარებელზე ფოკუსირებით, ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ საშუალება, რომელიც სწორედ მათთვის არის შესაფერისი.
- მარკეტინგის 3M-ი სწორი თანმიმდევრობით უნდა იყოს გამოყენებული: ბაზარი, მესიჯი და საშუალება (Market, Message and Medium). საბაზრო კომუნიკაციის ზოგი ყველაზე დიდი შეცდომა და მარცხი 3M-ის არასწორი თანმიმდევრობით გამოყენებითაა გამოწვეული.
- სხვადასხვა მესიჯი სხვადასხვა მომხმარებელს. ერთი და იმავე პროდუქტის შემთვევაშიც კი სხვადასხვა მომხმარებლისთვის შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს მნიშვნელოვანი. ამგვარად, შეიძლება დაგვჭირდეს, ერთი და იმავე პროდუქტისთვის სხვადასხვა მესიჯი გვქონდეს მომზადებული, რადგანაც მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფი შესაძლოა ერთი და იმავე პროდუქტის სხვადასხვა ასპექტს აფასებდეს.
- კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არის ის, რომელიც ყველაზე მეტად შესაფერისია კონკრეტულიმესიჯის მიმღები მომხმარებლის თვალსაზრისით, და თავად ამ მესიჯის თვალსაზრისით. ნუ შეარჩევთ კომუნიკაციის საშუალებას მხოლოდ იმ ნიშნით, რომ თქვენ მოგწონთ ის.
- სოციალური მედია. ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი და სხვა სოციალური მედიაპლატფორმები შეიძლება მარკეტინგული კომუნიკაციის ძალიან ეფექტიანი საშუალებები იყოს. მიუხედავად ამისა, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, თუ ეს ლოგიკური საუკეთესო მეთოდია განსაზღვრულ ბაზარზე კონკრეტული მესიჯის მისატანად, როგორც ეს განმარტებულია მარკეტინგის 3M-ში.
- საერთაშორისო მარკეტინგმა უნდა გაითვალისწინოს განსხვავებული კულტურები და ადათები, აგრეთვე – სხვადასხვა ენა. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ მარცხი, რომელიც გამოწვეული იქნება უცხო ქვეყნებში მომხმარებლის თვალთახედვის არასწორი გაგებით, იპოვეთ ადგილობრივი პარტნიორი, რომელიც რჩევას მოგცემთ.
- ნიშის მარკეტინგი ჩვეულებრივ, შემოქმედებითი და კულტურული სექტორის მომცრო საწარმოებისთვის ხშირად უფრო შესაფერისი და ეფექტიანია, ვიდრე მასობრივი მარკეტინგი. უფრო ალბათურია, იპოვოთ პატარა ბაზარი და დაიკავოთ მასზე გაბატონებული მდგომარეობა, ვიდრე ბევრ სხვადასხვა ბაზარზე გაყიდვის მცდელობამ გამართლოს. ამბობენ, რომ ახლა აღარ არსებობს „მასობრივი ბაზარი“, არამედ არის „ნიშათა მასა“.
- მომხმარებლის სარგებელი. მომხმარებლები ჩვენს პროდუქტს ჩვენგან განსხვავებულად ხედავენ. მათ სულ არ ანაღვლებთ, რა აზრის ვართ ჩვენ ჩვენს საწარმოზე თუ პროდუქტზე, მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, მათთვის რის მიცემა შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, გავიგოთ, რას აფასებს მომხმარებელი. ეს შეიძლება იყოს ისეთი არახელშესახები სარგებელი, როგორიცაა სტატუსი, ერთიანობის განცდა ან „კმაყოფილების ფაქტორი“. ამის მერე შეგვეძლება, ჩვენს მარკეტინგულ მესიჯებში მომხმარებლის სწორედ ამ სარგებელს გავუსვათ ხაზი.
- ფასის დადება. ხშირად შესაძლებელია, მარკეტინგმა ეფექტიანად გამოიწვიოს ფასების და შემოსავლების ზრდა. ეს შეიძლება ბაზრის ნიშაში გაბატონების შედეგი იყოს. ფასების აწევა შესაძლებელია აგრეთვე მაშინაც, როცა ჩვენ უფრო სრულად გავაცნობიერებთ ყველა იმ სარგებელს, რასაც მომხმარებელი ჩვენი პროდუქტიდან იღებს.
- მარკეტინგი ყველას პასუხისმგებლობაა. მარკეტინგი ბევრად მეტია, ვიდრე ის, რასაც „მარკეტინგის განყოფილება“ საქმიანობს. მარკეტინგი ნიშნავს, მთელი ბიზნესი შესაბამისობაში იმყოფებოდეს არჩეული საბაზრო სეგმენტის ცვლად საჭიროებებთან. აქედან გამომდინარე, მარკეტინგში საწარმოს ყველა თანამშრომელი ასრულებს როლს.
ლექცია 1. რა არის „მარკეტინგი“?
ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია
ლექცია 3. მომხმარებლის მოსმენა
ლექცია 4. მომხმარებლის სარგებელი
culturepartnership.eu👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
👍 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება
No comments:
Post a Comment