Friday, November 15, 2013

როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?

როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?მაღალი კონკურენციის პირობებში, სამუშაოს მაძიებელთათვის გასაუბრებაზე მოხვედრა წარმატებისაკენ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ამბობენ, ,,პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია”, ამიტომ პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა სამუშაოს ძებნისას საპასუხისმგებლო ეტაპია. ინტერვიუს დროს დამსაქმებელმა თქვენში უნდა დაინახოს სპეციალისტი და მიხვდეს, რომ სწორედ თქვენ ხართ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი მოცემულ ვაკანტურ პოზიციაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია გასაუბრების წინ სათანადო მომზადება და რამდენიმე ყურადსაღები რჩევის გათვალისწინება.

რა უნდა იცოდეთ გასაუბრების წარმატებით გავლისთვის? რისთვის უნდა იყოთ მზად?


პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ყოფილი დამსაქმებლის უარყოფითად მოხსენიება არაეთიკურია და აპლიკანტის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც კანდიდატები გასაუბრებაზე დასმულ კითხვებს დაუფიქრებლად პასუხობენ. მაგალითად, სტანდარტულ კითხვაზე „თუ რატომ გსურს ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყება“, დაუშვებელია შემდეგი პასუხის გაცემა: „იმიტომ, რომ დედაჩემის აზრით ეს მშვენიერია იდეაა“, ანდა „სანამ ნამდვილად სასურველ სამსახურს ვიშოვი, დროებით აქაც ვიმუშავებდი“. 

რიჩარდ ნოტი, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი დასაქმების პორტალის ხელმძღვანელი, გვირჩევს, რომ კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი თემების განხილვისაგან, როგორიცაა რელიგია და პოლიტიკა. „დამსაქმებლებს მოსწონთ ადამიანები, რომლებიც გატაცებით საუბრობენ საკუთარ ინტერესებზე, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევთ, უკეთ გაიცნონ ისინი. მაგრამ ყოველთვის ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ორ თემაზე საუბარს, თუ დაზუსტებით არ იცით, თქვენს აზრს იზიარებენ თუ არა.“


ახლა კი თვალი გადავავლოთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ გასაუბრების დროს:


1.დაუშვებელია გასაუბრებაზე დაგვიანება, რადგან დამსაქმებელისათვის პუნქტუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მას ნამდვილად არ უნდა ყოველ დილით იგვიანებდეთ სამსახურში. ამიტომ, გასაუბრებაზე ადრე მისვლა მის თვალში მოწესრიგებულ და პუნქტუალურ ადამიანად წარმოგაჩენთ.


2.„როგორია თქვენი კომპანიის პოლიტიკა შვებულებებისა და ავადმყოფობის გამო გაცდენილი საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით?“ ეს კითხვა არაეთიკურად ჟღერს, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ არარსებული სამუშაოსგან თავის დაღწევის გზას ეძებთ.


3.გასაუბრებამდე აუცილებლად გათიშეთ ტელეფონი, რადგანაც თუნდაც ერთმა ზარმა შეიძლება დამსაქმებელზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინოს.


4.კითხვაზე “სად ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ“, არასოდეს უპასუხოთ, რომ იგივე პოზიციასა და იგივე კომპანიაში. ეცადეთ, ნათლად ჩამოაყალიბოთ თუ რა სფეროში გსურთ გამოცდილების მიღება და ხართ თუ არა მზად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. 


5.მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი სამუშაო გქონდათ მანამდე, არასოდეს მოიხსენიოთ ყოფილი დამსაქმებელი უარყოფითად, რადგან ეს თქვენს არაპროფესიონალიზმსა და არაეთიკურობაზე მეტყველებს. თანაც არაა გამორიცხული, რომ სწორედ მასთან მოხდეს დაკავშირება რეკომენდაციებისათვის.


6.შეეცადეთ შეიქმნათ მაქსიმალური წარმოდგენა პოტენციურ დამსაქმებელ კომპანიაზე. ჩაატარეთ მცირე კვლევა და გაიგეთ რაც შეიძლება მეტი. გახსოვდეთ, რომ ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაცია არ არის საკმარისი. თუნდაც ერთმა არასაწორად დასმულმა კითხვამ კომპანიის შესახებ, შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. 


7.თავი შეიკავეთ უხამსი და უცენზურო სიტყვების გამოყენებისაგან.


8.შეეცადეთ, რაც შეიძლება ნათლად და ვრცლად ისაუბროთ თქვენი უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა და დაბნეულობა. 


9.დაუშვებელია რაიმე სახის კრიტიკა ან უკმაყოფილება კომპანიის უნიფორმასთან დაკავშირებით. ასეთი ქცევით თქვენ თითქოსდა ეწინააღმდეგებით კომპანიაში დამკვიდრებულ კორპორატიულ ნორმებსა და ღირებულებებს.


10.და ბოლოს, კითხვაზე თუ ყველაზე მეტად რა მოგწონთ კონკრეტულ სამუშაოში, არასოდეს უპასუხოთ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხელფასი, ბონუსები, ბიზნეს ლანჩი, ანაზღაურებადი შვებულება ან სხვა მატერიალური ფასეულობები.გახსოვდეთ, რომ თქვენთვის პირველ ადგილზე სამუშაო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა უნდა იყოს. 


გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნანატრი ზარი - “გილოცავთ, თქვენ ჩვენი გუნდის ახალი წევრი ხართ“, არ დააყოვნებს.


გისურვებთ წარმატებებს! 

news.edu.aris.ge

No comments:

Post a Comment