Tuesday, November 26, 2013

ამერიკის მთავრობის საჩუქარი სოფელ ქვემო ნიქოზს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ქვემო ნიქოზში ახალი სკოლის შენობა გახსნეს.
გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობა 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, სწავლის პროცესი არ შეფერხებულა და სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, იყო სასწავლო პროცესთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელი იყო სოფელ ქვემო ნიქოზში სკოლის ახალი შენობის აგება.
არსებული პრობლემით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაინტერესდა. თავდაცვის სფეროში ამერიკის ინჟინერთა კორპუსის მიერ შემუშავდა და დაფინანსდა ახალი სკოლის შენობის პროექტი. მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა. სკოლის შენობასთან ერთად,  ამერიკის საელჩომ სკოლას საჩუქრად სასკოლო ინვენტარიც გადასცა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად თანამედროვედ აღჭურვა იგი.
ლია გიგაურმა ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავის მხრივ, სამინისტრო სკოლას უწყვეტი ინტერნეტით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელმძღვანელოებით, შესაბამისი ლიტერატურით შეივსება ბიბლიოთეკა და სკოლაზე აისახება ყველა ის სიახლე და რეფორმა, რასაც განათლების სამინისტრო სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ახორციელებს.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment