Monday, September 22, 2014

ჩემი პედაგოგიური მრწამსი - რა არის განათლება, ჯონ დიუი

მუხლი პირველი. 

მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი, თანდათანობით, კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება. მას მემკვიდრეობით ცივილიზაციის საუნჯე ერგება. მსოფლიოში ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი, ამ ზოგად პროცესს უსაფრთხოდ ვერ გაემიჯნება; ასეთ განათლებას ამ პროცესის მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეუძლია.
მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი განათლება ბავშვის ძალების იმ სოციალურ ვითარებათა მოთხოვნების მიერ სტიმულირებისგან მოდის, რომლებშიც იგი არსებობს. ეს მოთხოვნები წარმართავენ ბავშვს მოქმედებდეს, როგორც ერთობის წევრი, თავისი ქცევისა და შეგრძნების თავდაპირველ შეზღუდულობას გასცდეს და საკუთარ თავს იმ ჯგუფის კეთილდღეობის გადმოსახედიდან განიხილავდეს, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თავის ქმედებებზე სხვისი პასუხების მიხედვით ბავშვი თითოეული ამ ქმედების მნიშვნელობას სოციალური საზომით იაზრებს. ქმედების ღირებულება ისევ ამ ქმედებაზე აირეკლება. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რით პასუხობენ ბავშვის ინსტინქტურ ტიტინს, ის აცნობიერებს ამ ტიტინის მნიშვნელობას; ეს ბავშვური ხმები თანდათან ჩამოყალიბებულ ენად გარდაიქმნება და ბავშვიც მასში თავმოყრილი იდეებისა და ემოციების საუნჯეს ეზიარება.
მე მჯერა, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესს ორი მხარე აქვს - ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური; და არცერთი არ შეიძლება დაექვემდებაროს მეორეს ან უგულებეყოფილ იქნას თანამდევი ბოროტი შედეგების გარეშე. ამ ორი მხარიდან ფსიქოლოგიური საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის პირადი ინსტინქტები და შესაძლებლობები ძირითადი მასალაა, რომელიც მისი შემდგომი განათლებისთვის ნიადგს ამზადებს. თუ მასწავლებლის მიერ გაწეული ძალისხმევა არ უკავშირდება ბავშვის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს, განათლება გარეგან ზეწოლამდე დადის. ამ პროცესს მართლაც შეუძლია გარკვეული გარეგანი შედეგების მოცემა, თუმცა მას საგანმანათლებლოს ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებების და ქცევის გააზრების გარეშე, საგანმანათლებლო პროცესი შემთხვევითი და თვითნებური იქნება. თუ ბედად ეს პროცესი ბავშვის აქტივობას დაემთხვევა, ამან შესაძლოა განვითარებისთვის საჭირო გარკვეული ბერკეტები მოგვცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური ბუნების შინაგან უთანხმოებას, რღვევას ან განვითარების შეჩერებას მივიღებთ.
მე მჯერა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მდგომარეობის, სოციალური გარემოებების ცოდნა აუცილებელია ბავშვის შესაძლებლობათა სათანადოდ გაგებისთვის. ბავშვს საკუთარი ინსტინქტები და მიდრეკილებები გააჩნია, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი მნიშვნელობა მანამ, სანამ მათ ტოლფას სოციალურ ღირებულებებად არ ვთარგმნით. ჩვენ ამ მიდრეკილებების სოციალურ წარსულში გადატანა და მათი, როგორც კაცობრიობის წარსული გამოცდილების გაგრძელებად დანახვა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ, ასევე, მათი მომავალში განჭვრეტის ძალა უნდა შეგვწევდეს, რათა თვალსაჩინო გავხადოთ მისი შედეგი და მიზანი. ახლახანს მოყვანილი მაგალითის ფარგლებში, სწორედ ბავშვის ტიტინში მისი მომავალი სოციალური ურთიერთობის პერსპექტივის, პოტენციისა და მეტყველების საფუძვლის დანახვა აძლევს ადამიანს ბავშვის ამ ინსტიქტებთან სათანადოდ ურთიერთობის საშუალებას.
მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიური და სოციალური მხარეები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და განათლება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მათ შორის კომპრომისი ანდა ერთის მეორეზე უპირატესობა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ განათლების ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაზღვრება ფორმალური და უნაყოფოა - რომ ის იდეებს გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ განვითარების შესახებ გვაწვდის და მათი გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე არაფერს გვეუბნება. მეორეს მხრივ, ამტკიცებენ, რომ განათლების სოციალური განმარტება, როგორც ცივილიზაციასთან ადაპტირება, განათლებას ძალდატანების გარეგან პროცესად აყალიბებს, რისი შედეგიც ინდივიდის თავისუფლების წინასწარ განსაზღვრულ სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსზე დაქვემდებარებაა.
მე მჯერა, რომ თუ განკერძოებულად განვიხილავთ, ორივე შეხედულება ჭეშმარიტია. იმისათვის, რომ ძალის რეალური მნიშვნელობა გავიგოთ, აუცილებელია მისი მიზანი, გამოყენება თუ ფუნქცია ვიცოდეთ; ამას კი ჩვენ ვერ შევიმეცნებთ, თუ ინდივიდს სოციალურ ურთიერთობებში აქტიურ მონაწილედ არ განვიხილავთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაძლებელი გავლენა, რაც არსებულ გარემო პირობებში ბავშვზე შეგვიძლია ვიქონიოთ, ის არის, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვს საკუთარი ძალების სრულად დაუფლების პირობებს ვუქმნით. დემოკრატიისა და თანამედროვე ინდუსტრიის აღმოცენების პირობებში შეუძლებელია იწინასწარმეტყველო თუ რას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრივ ცივილიზაცია ოცი წლის შემდეგ. შესაბამისად, შეუძლებელია ბავშვი წინასწარ, საგულდაგულოდ გათვლილი გარემოებებისთვის მოამზადო. მოამზადო მომავალი ცხოვრებისთვის, ნიშნავს საკუთარი თავის ბატონი გახადო; მოამზადო იგი ისე, რომ სრულად და აქტიურად ფლობდეს საკუთარ უნარებს; რომ მისი თვალი, ყური და ხელი განკარგვისთვის შემართული იარაღი იყოს, რომ მის განსჯას შესწევდეს ძალა იმ ვითარებათა გათავისებისა, რომლებშიც მას მუშაობა მოუწევს და რომ აღმასრულებელი ძალები ყაირათიანად და შედეგიანად მოქმედებისთვის იყოს მზად. შეუძლებელია ინდივიდს მსგავსი ადაპტაციის უნარი გამოუმუშავო თუ მუდმივად არ იზრუნე მის პირად შესაძლებლობებზე, გემოვნებასა და ინტერესებზე; ანუ ფსიქოლოგიური თვალსაწიერიდან განათლების მუდმივი გადააზრების გარეშე.
რომ შევაჯამოთ, მე მჯერა, რომ ადამიანი, რომელმაც განათლება უნდა მიიღოს, არის სოციალური ინდივიდი და საზოგადოება ინდივიდთა ორგანულ ერთობას წარმოადგენს. თუ ჩვენ ბავშვს სოციალურ ფაქტორს გამოვაკლებთ, ხელში მხოლოდ აბსტრაქციაღა შეგვრჩება; თუკი საზოგადოებისგან ინდივიდუალურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ინერტულ და უსიცოცხლო მასას მივიღებთ. მაშასადამე, განათლება, ბავშვის შესაძლებლობების, ინტერესების და ჩვევების ფსიქოლოგიური საფუძვლების წვდომით უნდა დაიწყოს - განათლება, სწორედ ამ საკითხებთან მიმართებით ყოველ ნაბიჯზე უნდა კონტროლდებოდეს. მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ უნარების, ინტერესებისა და ჩვევების ინტერპრეტირება - აუცილებელია გვესმოდეს მათი მნიშვნელობა. ისინი მათი სოციალური ეკვივალენტების შესაბამისად უნდა განიმარტოს - იმ თვალსაზრისით, თუ როგორ წაადგება საზოგადოებას.

My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS

თარგმნა გიორგი მელიქაძემ
mastsavlebeli.ge

No comments:

Post a Comment