Monday, September 22, 2014

ვანო კიღურაძე მასწავლებელთა სერთიფიცირების ალტერნატიულ მოდელზე მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს

ვანო კიღურაძე მასწავლებელთა სერთიფიცირების ალტერნატიულ მოდელზე მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერსმასწავლებელთა სერთიფიცირების ალტერნატიულ მოდელთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ვანო კიღურაძისთვის მიუღებელია. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე კანონპროექტის არსებული რედაქციისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. 
დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა, რომლის გათვალისწინებით, მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელი უქმდება, ხოლო მის ნაცვლად, მასწავლებლის ე.წ. პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა შემოდის. 
წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კრიტიკული შენიშვნა სწორედ ვანო კიღურაძეს აქვს, რომლისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი გაუგებარია, როგორც შინაარსობრივად, ასევე ტერმინოლიგიურად.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით კი, ახალი სქემის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით შემდეგ კატეგორიებად დაიყოფიან: მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია); მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია); წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია); პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია). მასწავლებელთა ამ გრადაციაზე მხოლოდ კანონპროექტის განმარტებით ბარათშია საუბარი, თავად პროექტში კი, საერთოდ არაფერი წერია. შესაბამისად, თუკი პარლამენტი კანონპროექტს წარმოდგენილი სახით მიიღებს, მასწავლებეთა დაყოფის ახალი სისტემა და წესი თავად კანონით განსაზვრული არ იქნება.
ეს კი პრინციპულად მიუღებელია ვანო კიღურაძისთვის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი კანონპროექტის მომზადებას ურჩევს.
"მესმის, რომ მასწავლებთა სერთიფიცირების არსებულ მოდელს ბევრი ხარვეზი და ნაკლი აქვს, მაგრამ არ შეიძლება თავის დროს გაუაზრებლად მიღებული საკითხი ახალი გაუაზრებელი სქემით შევცვალოთ. რას ნიშნავს მენტორი მასწავლებელი? ან რას ნიშნავს მკვლევარი მასწავლებელი, წარჩინებული და პრაქტიკოსი მასწავლებელი? რა სჭიროა ასეთი გრადაცია? მიმაჩნია, რომ მასწავლებლების ასეთი დაყოფა კარგი არ იქნება, მაგრამ ეს კატეგორიები კანონში საერთოდ დაფიქსირებული არ არის და მხოლოდ განმარტებით ბარათში წერია. გამოდის, რომ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და მხარი დაუჭიროს სქემას, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს", - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე კიღურაძემ და უწყებას აღნიშნულ საკითხზე ახალი პროექტის მომზადება ურჩია. 
კიღურაძემ პროექტი მასში გამოყენებული ტერმინების გამოც დაიწუნა და აღნიშნა, რომ სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს, "პროფესიაში შესვლა" და რა იგულისხმება ამ ტერმინში. 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სერთიფიცირების სისტემის გაუქმების ინიციატივით გამოდის. უწყების განმარტებით, 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს, რათა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. ამის საფუძველზე კი, 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა დეფიციტი შეიქმნება, რადგან სერტიფიცირებული მასწავლებლების დღეს არსებული რაოდენობა არ იქნება საკმარისი ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარსამართად. აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო პარლამენტს მასწავლებელთა სერტიფიცირების მოდელის გაუქმებასა და მის ნაცვლად "მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის" სქემას სთავაზობს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, სქემას მთავრობა ამტკიცებს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment