ტექნოლოგიური ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულება არის საქართველოში მეცნიერებისა და განათლების განვითარება, - განაცხადა ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფიზიკოსმა გია დვალმა გადაცემა 2030-ში.
“ამისთვის აუცილებელია, ადგილზე მსოფლიო სტანდარტის კვლევითი ოპერაცია არსებობდეს. თავიდან ის ბევრ დარგს ვერ დაფარავს, მაგრამ მსოფლიო სტანდარტის უნდა იყოს. სტანდარტზე კომპრომისი არ შეიძლება. ჩვენი უცხოელი კოლეგები მზად არიან, დაგვეხმარონ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ საქართველოს მხრიდან არის გასაკეთებელი”, - განაცხადა გია დვალმა.
როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, საქართველოს განათლების საუკეთესო ცენტრი ექნება.
“უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმები. ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. როგორც კი გადაწყდა, რომ აქ ამაჩქარებელზე ორიენტირებული ინსტიტუტი შენდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორება არის მსოფლიო სტანდარტზე. საქართველოს ექნება განათლების საუკეთესო ცენტრი, ანუ, უფრო განათლებულ ახალ თაობას მიიღებს”, - განაცხადა დვალმა.
მისი თქმით, ტექნოლოგიური ინსტიტუტი არსებული განათლების სისტემიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება.
“ეს პროექტი შექმნის პრეცეტენდს, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუცია შეიქმნება, რომელიც მთლიანად საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. ეს ინსტიტუტი არსებული განათლების სისტემიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება და მან განათლების სისტემის გაძლიერების საფუძველი უნდა შექმნას”, - განაცხადა ფიზიკოსმა გია დვალმა.
მან ასევე თქვა, რომ საქართველოში სტუდენტები შეირჩევიან და მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან.
“საქართველოში სტუდენტები შეირჩევიან და მოსამზადებლად იტალიაში გაიგზავნებიან. საბაკალავროდან შეიძლება სტუდენტების ამორჩევა, რადგან აქ ძალიან ნიჭიერი და დაინტერესებული ახალგაზრდები არიან. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ აქაური ბაკალავრიატ დამთავრებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტებში საკმაოდ წარმატებულები არიან”, - განაცხადა გია დვალმა.
2030.news
No comments:
Post a Comment