Monday, May 8, 2017

რეიტინგში მე-3 პოზიციაზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი

ახალგაზრდებს შორის, მასტერსის რეიტინგის მე-3 პოზიციაზე მყოფ ცოტნე ძიმისტარიშვილს, ტრავმისა და მამის გარდაცვალების გამო თვენახევარი გაუცდა და ამჟამად ევროპული ჩოგბურთის რეიტინგში მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
„Sarbieli.ge“ ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელის ვარჯიშს დაესწრო. ცოტნე ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელიც საქართველოს სახელით მაღალი დონის ტურნირებზე ასპარეზობს. 13 წლის მიუხედავად, ახალგაზრდა ჩოგბურთელს, საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.

ცოტნე ძიმისტარიშვილმა ფიზიკურ ტრავმასთან ერთად (ფეხის მოტეხილობა) უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა. მამის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მისი მწვრთნელიც იყო ახალგაზრდა ჩოგბურთელს ტურნირების გამოტოვება მოუხდა. ტრავმისა და გაცდენილი ტურნირების მიუხედავად - მასტერსის რეიტინგში მე-3 პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ევროპული ჩოგბურთის რეიტინგში მონაცემები უკვე გაუუარესდა. 

შემოდგომაზე მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის ასპარეზობისთვის და თავის ასაკში პირველი ჩოგნის სტატუსის მოსაპოვებლად, ცოტნე ძიმისტარიშვილმა დარჩენილ დროში საერთაშორისო ტურნირები აქტიურად უნდა ითამაშოს. თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ჩეხეთსა და სლოვაკეთში პირველი კატეგორიის ტურნირებზე მიემგზავრება.

ჩეხეთსა და სლოვაკეთში, ცოტნე პირველი კატეგორიის ტურნირებზე მიდის, სადაც ევროპის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ასპარეზობენ. ორივე ტურნირზე ასპარეზობას ევროპული ჩოგბურთის ორგანიზაცია აფინანსებს. შემცირებული დაფინანსების მიუხედავად, ჩოგბურთის ფედერაციაც დაუდგა გვერდში და მისი მგზავრობის ხარჯები აიღო. თუმცა წლის ბოლომდე, როგორც თვითონ ვარაუდობენ, მეტ დახმარებას  ვეღარ შეძლებენ. 

ტურნირზე გამგზავრების წინ, „Sarbieli.ge“ ცოტნე ძიმისტარიშვილს და მწვრთნელ გაგა დოლიძეს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, ცოტნეს კარიერული მიღწევებით, მისი სამომავლო გეგმებით. ასვე შევეცადეთ გაგვერკვია, რის ხარჯზე ახერხებს ცოტნე წარმატების მიღწევას.

გულდასაწყვეტი ფაქტია, მაგრამ რეალობა. ერთჯერად შემთხვევას თუ არ გავიხსენებთ, ცოტნეს სპონსორის გარეშე, ოჯახის თანადგომით უწევს საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. სამწუხაროდ ოჯახმა რესურსი ამოწურა. განსაკუთრებით ირაკლის გარდაცვალების შემდეგ. რთული სათქმელია, როგორ შეძლებს ცოტნე ვარჯიშის გაგრძელებას თუ დაფინანსება არ იქნება. მამის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა იყო მიზეზი, რის გამოც რამდენიმე ტურნირი გააცდინა. ირაკლი იყო ცოტნეს მწვრთნელი და მენეჯერი, ყველა ტურნირზე ერთად იყვნენ. ზრუნავდა სტრატეგიაზე, მოტივაციაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებაზე. გარშემომყოფებს ეჭვი ეპარებოდათ, შეძლებს თუ არა ჩოგბურთში დარჩენას მამის გარეშე. ცოტნემ მიიღო დამოუკიდებელი, ზრდასრული გადაწყვეტილება და აიღო პასუხისმგებლობა.

პირველ მნიშვნელოვან წარმატებას, შარშანწინ აზერბაიჯანის ტურნირზე მიაღწია. მას შემდეგ უფრო მოუმატა. ესტონეთში ჩატარებულ ტურნირზე წყვილთა და ერთეულთა თანრიგში შეძლო გამარჯვება. შარშან, თურქეთში ადანის ტურნირზე 1 წლით დიდებში მოიგო მეორე კატეგორიის ტურნირი. წელს, მოსკოვში კრემლის თასზე, წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა.

თურქეთში წარმატებით დასრულებული ტურნირის შემდეგ, ბულგარეთში ფინალში დამარცხდა. ნახევარფინალის მერე აღმოჩნდა, რომ ფეხი ჰქონდა მოტეხილი. წყვილის ფინალი ფეხმოტეხილმა მოიგო. თბილისში ისე ჩამოვიდა რომ არ იცოდა, მხოლოდ ტკივილი აწუხებდა. საქართველოს პირველობაზე 3 თამაში მოტეხილი ფეხით მოიგო.


სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ცოტნე აღნიშნავს: „მასტერსის ტურნირისათვის ვემზადები (მასტერსის ტურნირზე, წლის შედეგების მიხედვით 8 საუკეთესო მონაწილე ხვდება ერთმანეთს, ამ ეტაპზე ცოტნე მესამე არის). იმისათვის, რომ მასტერსზე მოხვდე ქულები არის საჭირო. პირველი და მეორე კატეგორიის, რამდენიმე ტურნირზე ვაპირებ თამაშს. 8 მაისს, ჩეხეთში პირველი კატეგორიის ტურნირი იმართება, ამ ტურნირზე მოთამაშისა და მწვრთნელის ხარჯებს ევროპული ჩოგბურთის ორგანიზაცია აფინანსებს.“

„ივნისში ნიცაში მივემგზავრები, სერენა უილიამსის მწვრთნელის აკადემიაში 2 კვირიან ტრენინგს გავივლი.“

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ზაფხულს 14 წლის ვხდები, შემიძლია თავად გადავწყვიტო რომელ ასაკობრივ კატეგორიაში გავაგრძელებ ასპარეზობას. გადავწყვიტეთ, 18 წლამდელთა შორის გასამართ ტურნირებში მივიღო მონაწილეობა. მაგრამ, მთავარ სირთულეს სპონსორის არ ყოლა წარმოადგენს.“

„ყაზახეთი მთავაზობდა მოქალაქეობას და მათი ქვეყნის სახელით ასპარეზობას. მაგრამ უარი განვაცხადე. საქართველოს სახელით მსურს თამაშის გაგრძელება და წარმატების მიღწევა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ვარ, რომელიც ასეთი რანგის ტურნირებზე გამოდის.“

„სხვადასხვა კლუბებიდან მაქვს მოწვევა, სურთ მათ აკადემიებში ვივარჯიშო. ძირითადად რეკლამიდან და პიარიდან აღებული შემოსავლის ინტერესი აქვთ, თვლიან რომ კარგად გაყიდვადი პროდუქტი ვარ.“

„ერთეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ ოჯახის დახმარებით ვახერხებ ტურნირებზე ასპარეზობას. ერთხელ იყო სპონსორობასთან დაკავშირებული მცდელობა, რომელიც ბოლო მომენტში არ შედგა.“

„არც ერთი თამაშის წინ მოწინააღმდეგის შიში არ მაქვს. ყოველ ტურნირზე თავდაჯერებული გავდივარ.აგრესიული მოთამაშე ვარ, არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეული შედეგით. ყოველთვის უფრო მეტს ვცდილობ. თანამედროვე ჩოგბურთის ტიტანებიდან ნოვაკ ჯოკოვიჩს გამოვარჩევდი. მომწონს მისი აგრესიული თამაშის სტილი, ვცდილობ დავაკვირდე და ბევრი რამ ვისწავლო მისგან.“

„Sarbieli.ge“ -სთან საუბარში, მწვრთნელი გაგა დოლიძე ხაზგასმით აღნიშნავს, ხელშეწყობის პირობებში, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ეყოლება. ცოტნეს ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ჩოგბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს. ამ ყველაფრისთვის, ახალგაზრდა სპორტმენს გვერდში დგომა სჭირდება. 

„9 წლიდან ცოტნეს მწვრთნელი ვარ. სხვადასხვა ტურნირებისთვის აქტიურად ვემზადებოდით.“

„მისი პირველი წარმატება, 10 წლამდე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება იყო. სწორედ ამ ტურნირზე მიღწეული წარმატების შემდეგ, დაიწყო  სხვადასხვა ტურნირებზე აქტიურად მონაწილეობა. შემდეგ 12 წლამდელთა შორის მოიგო აღმოსავლეთ ევროპის პირველობა.  რამდენიმე ტურნირი წყვილთა თანრიგშიც მოიგო. გასულ წელს, საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა. სამწუხაროდ, წელს გამართულ ევროპის პირველობაზე ფინალში დამარცხდა.“

„საქართველოში, სპონსორობა სირთულეებთან არის დაკავსირებული. ცოტნეს ფიზიკურად ფანტასტიური მონაცემები აქვს. ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი, ჩოგბურთისთვის რაც მთავარია მხრები და მაჯა აქვს ძალიან ძლიერი. სიმაღლე, ძლიერი ფეხები. საერთაშორისო დონეზე ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ერთი სიტყვით ყველა ის პირობა აქვს, რომ მაღალი დონის ჩოგბურთელი გახდეს. დასანანია, თუკი სპონსორი არ გამოჩნდა, საქართველომ შეიძლება ასეთი ბრწყინვალე მომავლის მქონე ჩოგბურთელი დაკარგოს.“

„Sarbieli.ge“ წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელს. ვიმედოვნებთ, მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ცოტნეს, საქართველოს სახელი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ პრესტიჟულ ტურნირებზე წარადგინოს.
Sarbieli.ge






No comments:

Post a Comment