Sunday, May 14, 2017

მდინარაძე თორდიას ცემის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თამვჯდომარე მამუკა მდინარაძე გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად მომხდარი არ იყო ამბავი, კომისიის შექმნას ითხოვდნენ. შესაძლებელია ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, ამას ჩვენ ნამდვილად არ გავექცევით, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვნახოთ, სად მიდის გამოძიება, რა მიმართულებით მიდის, რამდენად ამომწურავად გასცემს გამოძიება პასუხებს და ამის შემდეგ აუცილებლად ვიმსჯელებთ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე", - განაცხადა მდინარაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის თქმით, იმის გამო, რომ საკითხი გენერალურ აუდიტორს ეხება,სწორი იქნება თუ საპარლამენტო გამოძიება ჩატარდება.

"ვინაიდან ეს საკითხი ეხება პარლამენტთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურას, აუდიტის სამსახურს, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ლოგიკური და სწორია, რომ საპარლამენტო გამოძიება იყოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა რვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც გენერალურ აუდიტორზე თავსხმის ფაქტთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment