Thursday, May 11, 2017

გორის უნივერსიტეტი და ქართულ-ებრაული ურთიერთობები


მიმდინარე წლის 9 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის, უნივერსიტეტის ჟურნალის „ჩვენი უნივერსიტეტი“ რედაქტორის, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძის და სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილის შემადგენლობით საქართველოს ებრაელობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ შალვა წიწუაშვილის მიწვევით ქალაქ ბათიამში შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან. შეხვედრის მიმდინარეობისას, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რამდენიმე საინტერესო ინიციატივა ქართულ-ებრაული ურთიერთობის განვითარების საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის გორის უნივერსიტეტში ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრის გახსნა, ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება და უნივერსიტეტის სტუდენტთა დახმარების ფონდის დაარსება, რომლის შესახებაც დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა საინფორმაციო ლიფლეტები, რომლის მეშვეობითაც მსურველები შეძლებენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. შეხვედრის მსვლელობისას რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ქართველი ებრაელების როლზე, უნივერსიტეტის განვითარების და გორელი სტუდენტების დახმარების საქმეში, ხოლო პროფესორ იოსებ ჭუმბურიძემ გააკეთა უნივერსიტეტის ჟურნალის „ჩვენი უნივერსიტეტი“ პრეზენტაცია.
შეხვედრის დასასრულს პროფესორმა შალვა წიწუაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის დელეგაციას და გააჟღერა ინიციატივა, უნივერსიტეტსა და საქართველოს ებრაელობის კვლევის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, რაც მისი აზრით ხელს შეუწყობს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ისრაელს სახელმწიფოს შორის მყარი ურთიერთობის დამყარებას.


No comments:

Post a Comment