Sunday, May 7, 2017

Times: მაკრონის შტაბიდან ინფორმაციის გაჟონვაზე ჰეშთეგი ტრამპის მხარდამჭერმა ატვირთა

ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი და ტრამპის მხარდამჭერი ჯეკ პოსობიკი(Jack Posobiec) პირველი იყო, ვინც გამოიყენა ჰეშთეგი #MacronLeaks, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ემანუელ მაკრონის შტაბიდან ინფორმაციის გაჟონვის ცნობის გასავრცელებლად. ამის შესახებ გამოცემა Times იუწყება. გამოცემის მტკიცებით, ჰეშთეგი 3,5 საათის განმავლობაში 47 ათასჯერ იყო ნახსენები, რამაც სოციალური ქსელით ინფორმაციის გავრცელებას შეუწყო ხელი.

პოსობიკი აშშ-ის საარჩევნო მარათონის დროს ინტერნეტ-მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ჰილარ კლინტონს აკრიტიკებდა. ის თავის მონაწილეობას #MacronLeaks-ის გავრცელებაში უარყოფს. პოსობიკი Twitter-ზე წერს, რომ მზად არის ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ღია მოსმენაზე ისაუბროს.

ორგანიზაცია WikiLeaks კი, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაციის გაჟონვაში რუსულ კვალს ხედავს. Twitter-ზე ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ ინფორმაციებში რამდენიმეჯერ არის ნახსენები რუსული კომპანიის თანამშრომლის გვარი.“ #MacronLeaks: უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანია „ევრიკას“ თანამშრომლის გვარი 9-ჯერ გამოჩნდა გაჟონილ ინფორმაციებში,“-წერს Wikileaks.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს არის კომპანია, რომელსაც რუსული სპეცსამსახურებისგან „სახელმწიფო საიდუმლოს შენახვის შესახებ საქმიანობაზე ლიცენზია აქვს აღებული“.

“ევრიკას“ ვებგვერდის მიხედვით, კომპანია ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით მუშაობს და მის კლიენტებს შორისაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საბაჟო სამსახური, რუსეთის ცენტრალური ბანკი და საპენსიო ფონდი.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის შტაბის ელექტრონულ ფოსტაზე მასობრივი ჰაკერული შეტევა განხორციელდა. ორგანიზაცია WikiLeaks-ი 9 გეგაბაიტის მოცულობის მასალების გაჟონვის შესახებ იუწყება. ემანუელ მაკრონის შტაბმა ფაქტი დაადასტურა და თავდასხმა დაგმო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment