Monday, October 9, 2017

ხშირად ვხდები ავად. რა ვქნა?

შემოდგომაზე და გაზაფხულზე (ზამთარშიც) ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციით, თანაც ზოგიერთები - სეზონზე რამდენჯერმე. ავადმყოფობასთან დაპირისპირებისთვის, ერთნი ექიმებთან იწყებენ სიარულს, სხვები - ფარმაცევტების რჩევით ყიდულობენ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პრეპარატებს და მულტივიტამინებს, ზოგიერთები კი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ჯანჯაფილიანი და ლიმნიანი ჩაის სმას იწყებენ. ყველა ეს ქმედება გაუაზრებელია.

როგორ მოვიქცე რომ ავად არ გავხდე?

ყველაფერი დამოკიდებულია მიზეზზე. უმეტეს შემთხვევაში იმუნური სისტემა არაფერ შუაშია, თუმცა ადამიანები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ, ჩვეულებრივ, იმუნოლოგს მიმართავენ ხოლმე, არადა პაციენტების უმრავლესობას სხვა პროფილის ექიმები სჭირდებათ. ზოგჯერ, ხშირ ინფექციებს ვერაფერს მოუხერხებ, ზოგჯერ - აბებიც საკმარისია, ხანდახან - ძილი, არის შემთხვევები, როდესაც ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა. მაგრამ არცერთ შემთხვევაში კარგი ექიმი ურეცეპტო იმუნოსტმიმულატორს არ დანიშნავს. ამ პრეპეარატების ეფექტიანობა დადასტურებული არ არის, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი სახიფათოა. თეორიულად, მათ შეუძლიათ აუტოიმუნური დაავადების პროვოცირება ან გამწვავება (მაგალითად, გაფანტული სკლეროზის ან სისტემური წითელი ქარის) -  როდესაც იმუნური სისტემა ადამიანის ორგანოებს უტევს. იმუნიტეტის "გაუმჯობესების" ყველაზე მასობრივი და ეფექტიანი გზა - აცრისგაკეთებაა. მწვავე რესპირაციულ ვისურულ ინფექციაზე ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მაგრამ აცრებით ბევრი სხვა ინფექციისთვის თავის არიდება შეიძლება.

თუ იმუნური სისტემა არაფერ შუაშია, მაშინ მიზეზი რა არის?

თუ საქმე ვირუსულ ინფექციებს ეხება, ანუ სურდოს და ყელის ტკივილს, რომლებიც ძირითადად გართულების გარეშე მიმდინარეობს, მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა:

ცუდი ჰიგიენა. შეიძლება ცუდი ჩვევა გაქვთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახეზე ხელს იკიდებთ და ზოგადად, ხელს იშვიათად იბანთ. ამ დროს ვირუსები და ბაქტერიები დიდი რაოდენობით ხვდება თქვენს ლორწოვანზე.

დაავადებები და მდგომარეობა, რომლებიც იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული არ არის. იმუნური სისტემის ორგანოები მთელ ორგანიზმშია "გაფანტული", ამიტომ თუ ერთი და იგივე ადგილი გიავადდებათ (მაგალითად ყელი), სავარაუდოდ, საქმე სწორედ იმ ადგილშიადა არა იმუნურ სისტემაში. თუ ყელი ხშირად გტკივათ, მიზეზი შეიძლება იყოს გასტროეზოფაგელური რეფლუქსი - როდესაც კუჭის მჟავა ლორწოვანის მუშაობას აზიანებს. ზოგჯერ საკმარისია ცხვირის ძგიდის გასწორება, რომ თავი დააღწიოთ ქრონიკულ სინუსიტს. ან ალერგიულ რინიტს გაუმკლავდეთ, რომ ცხვირის ლორწოვანმა ნორმალურად შეასრულოს დამცავის ფუნქცია.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი და ძლიერი სტრესი. თუ არასკმარისად გძინავთ, ცუდად იკვებებით და 14 საათს ატარებთ კომპიუტერთან, იმუნურ სისტემაში მძიმე დარღვევები არ გექნებათ და იმუნოლოგი ვერ გიშველით. მაგრამ ასეთ დროს ორგანიზმის რესურსი გამოიფიტულია, რაზეც ყველას სხვადასხვა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. ვიღაცას წყლული გაუმწვავდება, ვიღაცას თავის ხშირი ტკივილები დაეწყება, ვიღაც ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდება მწვავე ვირუსული ინფექციისგან. გამოსავალი ერთია - ცხოვრების წესის შეცვლა. ჯადოსნურ აბებს ვერ იშოვით. მსგავსი ეფექტი აქვს ძლიერ სტრესსაც.

ასაკიბავშვები, წელიწადში საშუალოდ 6-8-ჯერ ხდებიან ავად. ეს ნორმალურია. მოხუცების იმუნური სისტემა კი "დაბერებულია", იმავდროულად, ისინი, სავარაუდოდ, ცუდადაც იკვებებიან და აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ამიტომ, მათ, ვისი ასაკიც 65 წელზე მეტია, ხშირად აქვთ ხოლმე პნევმონია, ხოლო გრიპი, როგორც წესი ურთულდებათ.

ორსულობა. ფეხმძიმე ქალების უჯრედული იმუნიტეტი შედარებით დათრგუნულია, ამიტომ მათ ხშირად აქვთ ხოლმე გარკვეული ინფექციები. მაგალითად, ჰეპატიტი A და B, გრიპი, ქლამიდიოზი, ტუბერკულოზი და სხვ. როგორც ჩანს, ასეთი ცვლილებები ხდება იმისთვის, რომ ორგანიზმს არ მოწყდეს ნაწილობრივ "უცხო" ნაყოფი.

ესე იგი იმუნური სისტემა არასდროს არაფერ შუაშია?

არა, ასე არ არის. ადამიანების მცირე ნაწილს, რომლებსაც ხშირად აქვთ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, მართლაც აქვთ იმუნოდეფიციტი - დარღვევები იმუნური სისტემის ჯაჭვში. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს არის უკვე არა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, არამედ გაჭიანურებული ინფექციები, რომლებსაც ბაქტერიული ინფექციებიც ემატება და რომლებიც სტანდარტული თერაპიით არ იკურნება.

იმუნოდეფიციტი - შიდსია?

ყოველთვის - არა. ბევრნაირი იმუნოდეფიციტი არსებობს. ისინი იშვიათად წარმოიქმნება გენეტიკური დარღვევების გამო - მაშინ ეს პირველადი იმუნოდეფიციტია. მეორადი (შეძენილი) იმუნოდეფიციტები ვითარდება შიდსის ინფექციისგან, გარკვეული სერიოზული ჩარევებისგან, როგორიცაა ქიმიოთერაპია და დაავადებებისგან (მაგალითად, დიაბეტი, ციროზი).

მაგრამ გენეტიკური დარღვევები ხომ ბავშვობაშიც გამოვლინდებოდა?

აუცილებელი არ არის. მძიმე დარღვევები, ჩვეულებრივ, ბავშვობაში ვლინდება და ძალიან მალე ცხადი ხდება, რომ სიტუაცია ნორმალური არ არის: რამდენიმე პნევმონია წელიწადში, მენინგიტები, მუდმივი სოკოვანი ინფექციები - ეს საფუძველია იმისთვის, რომ იმუნური სისტემა შემოწმდეს. ამის გადადება არ შეიძლება: რაც უფრო დაგვიანდება დიაგნოზის დასმა, მით უფრო შეუქცევადად დაზიანდება ორგანიზმი ინფექციებისგან.

იმუნოდეფიციტის ის სახეობები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ვლინდება, შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში, იმუნოდეფიციტის დროს ადამიანს უჩნდება სხვადასხვა ინფექციები, რომლებიც მძიმედ, გართულებებით მიმდინარეობს: ღრმა აბსცესები, ცისტიტები, პნევმონიები, ოტიტები, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები. ზოგჯერ საქმე მენინგიტამდე და სეფსისამდეც მიდის. ასეთი იმუნოდეფიციტები შეიძლება გამოვლინდეს 40 წლის და 50 წლის, ასევე ნებისმიერ სხვა ასაკში, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა ექიმმაც კი არ იცის, ამიტომ პაციენტები დიდხანს დადიან ხოლმე ერთი სპეციალისტისგან მეორესთან. ასეთი მდგომარეობა კარგად იკურნება, მაგრამ საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში ძვირადღირებული პრეპარატების მიღება. თუ ადამიანი დროზე იწყებს ადეკვატურ მკურნალობას, ის ისეთივე შრომისუნარიანია, როგორც ადამიანი, რომელსაც იმუნოდეფიციტი არ აქვს. მეტიც, თუ დიაგნოზი დასმულია მანამ, სანამ ადამიანი შვილის ყოლას გადაწყვეტს, ბავშვის დაცვა ამგვარი დაავადებისგან, შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და ემბრიონის შეყვანამდე იმის გარკვევა, არის თუ არა მასში დაზიანებული გენი.

აღსანიშნავია, რომ იმუნურ სისტემაში ხარვეზები ზოგჯერ იმდენად მცირეა, რომ შემთხვევით ხდება ცნობილი. ადამიანს უბრალოდ უფრო ხშირად უვლინდება ინფექციები, რომლებიც შეიძლება ოდნავ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ამ დროს პაციენტის ჰოსპიტალიზება ან სხვა მსგავსი სერიოზული და აგრესიული ჩარევა საჭირო არ არის.

შეიძლება მეც ასეთი იმუნოდეფიციტი მაქვს?

შეიძლება. მაგალითად, იმუნოგლობულინი A-ს სელექციური დეფიციტის დროს (ყველაზე ხშირი ფორმაა) ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ერთ-ერთ იმუნოგლობულინს, რომელიც ლორწოვან გარსებს იცავს. სინამდვილეში, ხშირად, ამ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს სიმპტომები არ აღენიშნებათ, მაგრამ ზოგიერთები მაინც სხვებზე ხშირად ავადმყოფობენ - ძირითადად მათ აქვთ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები. რეკომენდებულია ასეთი პაციენტების აქტიურად მკურნალობა ანტიბიოტიკებით და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში - სერიოზული თერაპიით. თუ დიაგნოზი არის, მაგრამ სიმპტომები - არა, ვერაფერს იზამთ. ერთადერთი, შეიძლება აცრის გაკეთება პნევმოკოკის წინააღმდეგ.

რა ვქნა თუ მეორადი იმუნოდეფიციტი მაქვს? მკურნალობა შეიძლება?

შიდსის ინფექციის დროს, ეფექტიანია ანტირეტროვირუსული თერაპია. ოღონდ პრეპარატები პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს და ისინი ვირუსს გააკონტროლებენ.

თუ საქმე, მაგალითად ქიმიოთერაპიასა და წითელაშია, მთავარი წამალი - დროა: ორგანიზმი ნელ-ნელა თავის ფუნქციებს აღიდგენს. ასეთ დროს იმუნიტეტის გაძლიერებისთვის არანაირ განსაკუთრებულ პრეპარატებს არ იყენებენ. ექიმების რეკომენდაციაა ჰიგიენის დაცვა, იმ ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა, რომლებიც აცემინებენ და ახველებენ და პირველივე საგანგაშო სიმპტომების დროს ექიმებთან დაკავშირება.

როდესაც მიზეზი ქრონიკული დაავდება ან ასაკია, სამწუხაროდ, აქ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება, გარდა დამატებითი აცრებისა და ჰიგიენის დაცვისა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment