Pages

Wednesday, September 26, 2018

ევრო-2024: UEFA-მ არჩევანი გერმანიასა და თურქეთს შორის უნდა გააკეთოს

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის აღმასრულებელი კომიტეტი "ევრო-2024"-ის მასპინძელ ქვეყანას 27 სექტემბერს დაასახელებს. ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის თავის ქვეყანაში ჩატარებისთვის გერმანია და თურქეთი იბრძვის. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
იმისთვის, რომ ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღონ, კომიტეტის წევრები გერმანიასა და თურქეთს რამდენიმე კრიტერიუმით შეადარებენ ერთმანეთს. ეს კრიტერიუმებია:
საფეხბურთო ტურნირების ორგანიზების გამოცდილება - რომელ ქვეყანას აქვს ამ ტიპის ტურნების ორგანიზების მეტი გამოცდილება - რა თქმა უნდა, გერმანიას. გერმანიაში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატები 1974 და 2006 წლებში, ევროპის ჩემპიონატი კი 1998 წელს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში - 2011 წელს. ამ მხრივ თურქეთის გამოცდილება ძალიან მწირია - აქ 2013 წელს ახალგაზრდული ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
სტადიონები - ორივე ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის თამაშების გამართვას 10 სტადიონზე აპირებს. UEFA-ს კომისიამ გერმანიის 10-ივე სტადიონს  მაღალი შეფასება მისცა. ეს სტადიონები მდებარეობენ: ბერლინში, ლაიპციგში, ჰამბურგში, დორტმუნდში, ჰელზენკირხენში, კიოლნში, შტუტგარდში, ფრანკფურტში, მიუნხენში, დიუსელდორფში. 
რაც შეეხება თურქეთს, UEFA-ს კრიტერიუმებს ჯერჯერობით, მხოლოდ 8 აკმაყოფილებს. 
ფეხბურთისადმი სიყვარული - ორივე ქვეყანაში ფეხბურთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. ჩემპიონატის თურქეთში ჩატარებისთვის აქტიურად იბრძვის და ამას მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 
ინფრასტრუქტურა - ამ მხრივაც გერმანია ლიდერობს. ის ევროპის ცენტრში მდებარეობს და სხვა ქვეყნის გულშემატკივრებს მატჩზე დასასწრებად ნაკლები გზის გავლა მოუწევთ, ამასთან იაფიც დაუჯდებათ. ასევე, გერმანიაში სტადიონებს შორის მანძილი გაცილებით მოკლეა, ვიდრე თურქეთის სტადიონებს შორის. ტრაბზონსა და ანტალიაში არ არის სარკინიგზო ტრანსპორტი, რომლითაც გულშემატკივრები ადვილად გადაადგილებას შეძლებდნენ რეგიონებში, სადაც სტადიონები მდებარეობს. ამასთან, თურქეთში ეკონომიკური კრიზისია და ლირა დევალვაციას განიცდის. 
ფინანსები - UEFA დაინტერესებულია, რომ ევროპის ჩემპიონატმა მას რაც შეიძლება მეტი მოგება მოუტანოს. UEFA-ს "ყელში გაჩხერილი ძვალივით" აქვს გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათების გაუქმების შესახებ, რის გამოც ნებისმიერი მოგება დაებეგრებათ. ამასთან, UEFA-მ სტადიონების ქირა უნდა გადაიხადოს. თურქეთში UEFA-ს ასეთი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ფედერაცია ანკარის ფინანსურ გარანტიებს დიდად არ ენდობა. 
ადამიანის უფლებები - თურქეთში ამ მხრივ მდგომარეობა რთულია. როგორც DW წერს, ერდოღანის მმართველობის პირობებში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, ოპოზიციის ათასობით წარმომადგენელი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საპატიმროებშია. UEFA კი ითხოვს, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყველანაირად იყოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები თავიდან აცილებული.
imedinews.ge
 

No comments:

Post a Comment