Pages

Saturday, October 27, 2018

ძალოვანმა მინისტრებმა თავიანთი არჩევანი დააფიქსირეს

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მან ხმა ვაკის მეორე ოლქის, მეორე საარჩევნო უბანზე მისცა. 
„ქვეყნის მთავარსარდლის არჩევნებში ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატოს, უფრო მეტი გაკეთდება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის გასაძლიერებლად“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული პოლიციელი დღეს მზად არის იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი.
რაც შეეხება ჩემს არჩევანს, სიმბოლურია ალბათ, ჩვენ ხომ წელს აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს, ბოლო ასწლეულების განმავლობაში ერთადერთი და პირველი დამოუკიდებლობის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი კავშირი გვქონდეს ამ უდიდეს წარმატებულ გამოცდილებასთან. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული ჩვენი ლიდერები მაშინაც ამბობდნენ და იდეალად ასახელებდნენ სწორედ 18-21 წლების რესპუბლიკას და ეს ისტორიული კავშირი დღეს, რომ აღდგება და გაგვიხსნის გზას ევროპული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია ერთიანი ქვეყნის მომავლისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. 
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია
imedinews.ge

No comments:

Post a Comment