საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.
კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდებოდა. 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მართალია, დეპუტატი არ ფლობს უძრავ ქონებას, თუმცა, მის მეუღლეს, ტელეწამყვანს თამარ ჩერგოლეიშვილს უფიქსირდება 75 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 80 000 დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატის საკუთრებას, გიგა ბოკერიას ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი toyota- camry, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 2 500 ლარი ჰქონდა. 2017 წლის განმავლობაში ბოკერიამ შემოსავლის სახით, პარლამენტის წევრის - უმცირესობის ლიდერის მოადგილის პოსტზე 62 373 ლარი მიიღო. მის სახელზე ფიქსირდება სესხიც, რომლის შედეგადაც დეპუტატის წლიურმა გასავალმა 2 400 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაში ბოკერიას გასავალმა შემოწირულობის სახით, 25 000 ლარი; შვილის სწავლის საფასურის სახით კი 5 500 ევრო შეადგინა. გიგა ბოკერიას ჰყავს მეუღლე და შვილი.
მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი არის შპს ყოველკვირეული ანალიტიკური ჟურნალის „ტაბულას“ 14%-იანი და შპს „ლუმიერის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც მისმა წლიურმა შემოსავალმა 95 000 ლარი შეადგინა. ამასთან, ჩერგოლეიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - BMW 120-ს; ასევე მის საკუთრებაშია ირაკლი ფარჯიანისა და ოლეგ ტიმჩენკოს ფერწერული ტილოები, რომელთაგან ფარჯიანის ნამუშევარი საჩუქრად აქვს მიღებული. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 3 951,56 ლარი, 330 ევროს ოდენობის საკრედიტო, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 18 000 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, სამოქალაქო განათლების ფონდის დამფუძნებელ-დირექტორად ყოფნის პერიოდში 2017 წელს 75 475 ლარის შემოსავალი მიიღო. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში რამდენიმე სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც გასავალმა ჯამში, 55 019 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც ბოკერიას ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მისი შვილი ფლობს ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოს, რომელიც საჩუქრად აქვს მიღებული.
bpn.ge
No comments:
Post a Comment