ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენგურის "გამშვები პუნქტის" დაკეტვას გალის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ასამდე ადგილობრივმა გალის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. მედია-კლუბ Апсны.иахьа-ს ცნობით, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა, გადაადგილების, საკვების, მედიკამენტებისა და სხვა მიმართულებით
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
.
სოხუმის გადაწყვეტილებთ, 2019 წლის 10 იანვრიდან, ორი თვით, H1N1-ის ვირუსის გავრცელების რისკის გამო, ერთადერთი გამსვლელი პუნქტი ენგურზე ჩაიკეტა.
"ჩვენ მაშინვე შეგვექმნა პრობლემები ყველა კუთხით - ბევრი ზუგდიდში სწავლობს, მუშაობს, ვაჭრობს, მკურნალობს, სოციალურ დახმარებებს ვიღებთ... მეორე დღესვე გაჩნდა მედიკამენტებისა და საკვების პრობლემები... რაც დარჩა, იმაზე ფასები გაიზარდა. ჩვენი ხალხი ზუგდიდში ვაჭრობს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათია რაიონისთვის..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი, თემურ ნადარაია აქციის მონაწილეებს შეხვდა და ვითარების ახსნას შეეცადა. მისი თქმით, "აფხაზეთში 2016 წელს H1N1 ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გარდაუვალი ვითარების გამო მიიღეს.
რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ე.წ. ხელმღვანელობამ ვითარების შერბილება გადაწყვიტა - ენერგეტიკოსებსა და მძიმე პაციენტებს “საზღვრის” გადაკვეთის უფლება მისცეს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს საერთო სურათს ვერ ამსუბუქებს. იმათ, ვისაც სამსახური ზუგდიდში აქვთ, სამსახურის დაკარგვის საფრთხე შეექმნათ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გალის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, არის ე.წ. სამართლებრივი სტატუსი, რაც აფხაზური მხარის მოთხოვნით, გალში ცხოვრების უფლების შესაძლებლობას გულისხმობს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, ამ “დოკუმენტის” მიღებაზე უარს აცხადებს.
აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გალის მოსახლეობა “აფხაზეთის ეკონომიკისთვის” მთავარი ხერხემალია და ასეთი ხისტი მიდგომა გამართლებული არ არის...
აფხაზეთში ცნობილი პუბლიცისტი დავით დასანია ამ ფაქტს ვრცელ ფეისბუქპოსტს უძღვნის:
“ადგილობრივი მოსახლეობა იმსახურებს ხელისუფლების ყურადღებას და მათი პრობლემები ცივილური გზებით უნდა გადაწყდეს... მე ვიცი, რომ იქ ბაღაფშისა და ანქვაბის პრეზიდენტობის წლებში, ვითარება დაწყნარდა და მოსახლეობამ ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა... თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მიდიან აფხაზეთიდან საქართველოში, იქიდან კი ევროპაში და ბევრმა მათგანმა უკვე მიიღო სამსახური და ცხოვრების უფლება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვეიცარია, გერმანია და ა.შ.
ჩვენი შვილები კი უმუშევრები არიან, ყოველგვარი სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე... ადამიანები პრობლემების წინაშე მარტო რჩებიან, განათლება რეფორმების გარეშე კვდება, მეცნიერება იღუპება, კულტურის დეგრადაცია ხდება... ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, კრიზისი კი, უფრო და უფრო მწვავდება," - წერს დასანია.
ის აფხაზები, რომელთა პოზიციითაც, გალელებს აფხაზური დოკუმენტის ე.წ. ცხოვრების უფლების აღება არ სურთ, სოციალურ ქსელებში წერენ:
“ჩვენ პენსიასაც იღებენ და საქართველოდან დახმარებასაც, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, თუმცა, აფხაზური დოკუმენტაციის აღება არ უნდათ... არ არის მარტივი მდგომარეობა," - წერს მარლენა ცკუა.
“სამურზაყანოელები ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ხალხია აფხაზეთში და ის, რასაც ჩვენ მათ მიმართ ვაკეთებთ, დისკრიმინაცია კი არა, 21-ე საუკუნის აპართეიდი ეწოდება... როგორც ირკვევა, მუდმივად ვარღვევთ მათ უფლებებს, არ ვაძლევთ დოკუმენტაციას, ვუზღუდავთ გადაადგილებას, მკურნალობას... სახელმწიფოს დონეზე ვარეკეტებთ... ყოჩაღ, ასე გავაგრძელოთ” - წერს ადგურ ხარაზია abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.
“რატომ ხართ ასე ნეგატიურად განწყობილი მათ მიმართ? რამდენი პროცენტი დადის საქართველოში უფასოდ სამკურნალოდ? ისინი საქართველოდან ეზიდებიან პროდუქტს და სოხუმის ბაზარში ყიდიან... თითქოს ძალიან ამაყები ვართ და ეს ყველაფერი არ ვიცით, რატომ ვიკვებებით გალის რაიონიდან? რატომ გადავდივართ ქართულ მხარეს სოციალური დახმარებებისთვის და სამკურნალოდ. დავიჯერო, ის ხალხი, ვინც გალელების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, ამას ვერ ხედავს?" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი
ambebi.ge
No comments:
Post a Comment