ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებამდე კლინიკა "მედცენტრში" ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამბობენ, 28 წლის პაციენტი თავდაპირველად ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა ის ექიმებმა სახლში მალე გაწერეს. გარდაცლილის დედის თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ მისი შვილი მუცლის არეში ტკივილებით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა სახლში გაწერეს. დედის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა და იგი კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა ოჯახმა, სადაც პაციენტი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
მელანო ფუტკარაძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ზაფხულში ქორწილისთვის ემზადებოდა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" მისი მეგობარი წერს:
"ეს გოგონა ფოტოზე ბედნიერი რომაა, გუშინ დილით გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინარობა გახდა. ბრმანაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში! ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული" - წერს დაღუპულის მეგობარი ზურა ბაუჟაძე.
კლინიკა "მედცენტრში" აცხადებენ, რომ პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
"18 მარტს პაციენტი შემოვიდა კლინიკაში საერთო სისუსტით და მუცლის არეში ტკივილებით. ავადმყოფის გადმოცემით, აღნიშნული ჩივილები დაეწყო 5 დღით ადრე. პაციენტს მედცენტრში ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: მწვავე აპენდიციტი პერფორაციით და პერიტონიტით.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი გადიოდა შესაბამის ინტენსიურ მკურნალობას, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა და 21 მარტს გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე პროგრესირებადი უკმარისობის გამო, სეპტიური შოკის ფონზე" - აცხადებენ კლინიკა "მედცენტრში".
ambebi.ge
No comments:
Post a Comment