ქირურგიის ისტორია არაერთ ისეთ ფაქტს იცნობს, როცა ოპერაციის დროს მუცლის ღრუში სამედიცინო პერსონალს ჩარჩენია უცხო სხეულები - პინცეტი, მაკრატელი, ლანცეტი, დოლბანდი, მარლის ტამპონი და ხშირად მათ ადამიანის სხეულში წლების განმავლობაში გართულებების გარეშე "უცხოვრიათ"... და რომ არა რაღაც მიზეზით გაკეთებული ექოსკოპია, ან ოპერაცია რომელიმე ორგანოზე, მის არსებობას ვერავინ გაიგებდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რატომ და რა მიზეზით ხდება მსგავსი ფაქტები, ამაზე ექიმი, პლასტიკური ქირურგი - კოტე მათითაშვილი გვესაუბრება. რესპონდენტის თქმით, უცხო სხეულით სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია - ცნობილია შემთხვევები, როცა უცხო სხეული ადამიანის ორგანიზმში ომში ტყვიის ან ყუმბარის ნამსხვრევის სახით მოხვედრილა და მთელი ცხოვრება ჰქონია ადამიანს
თუმცა, არის საშიშროება, რომ უცხო სხეულის ჩარჩენა ფატალურადაც დასრულდეს. მარლამ ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია, შინაგანი სისხლდენა, ორგანოების დაზიანება, დამატებითი ოპერაციის საჭიროება და სიკვდილიც კი.
.
მსოფლიო მედიცინა კარგად იცნობს მსგავს შემთხვევებს. მაგალითად, ვისკონსინის ჰოსპიტალში, სიმსივნით დაავადებულ პაციენტს ოპერაციის დასრულების შემდეგ, მუცლის ღრუში ქირურგიული რეტრაქტორი ჩაუტოვეს.
კალიფორნიაში 15-სანტიმეტრიანი მეტალის მომჭერი დარჩათ ექიმებს მამაკაცის ორგანიზმში. ყველაზე გამაოგნებელი კი ისაა, რომ ამ მამაკაცის მუცლის ღრუში მომჭერი მეორედ დარჩათ.
ყოფილა შემთხვევა, როცა ამერიკელი პაციენტისთვის საშვილოსნოს ამოკვეთის დროს სამედიცინო ხელთათმანი ჩაუტოვებიათ, ერთ მამაკაცს კი გულის ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში 5-სანტიმეტრიანი სკალპელი დაუტოვეს.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც მოხდა. 2 წლის გოგონას ნენეს ოჯახი იაშვილის კლინიკას ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებდა. მათი ინფორმაციით, ბავშვს კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს. ოჯახი ამტკიცებდა, რომ დოლბანდი ფრანგმა ექიმებმა ბავშვის გაჭრის შემდეგ ღვიძლზე მიკრული იპოვეს.
კოტე მათითაშვილი გვეუბნება, რომ ოპერაციისას ასეთი ფაქტები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან უკვე არსებობს ნორმატივები, გზამკვლევები, რომელთა მიხედვით ნებისმიერი ოპერაციის (საშუალო თუ მსხვილი მასშტაბის) დროს საოპერაციო ექთანი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ოპერაციის მსვლელობისას, ვალდებულია, მაგიდაზე არსებული სახარჯი მასალა (მარლის საფენები, სხვადასხვა სახის საშრობი, რაც გამოიყენება ჭრილობაში სისხლის და სითხეების ამოსაშრობად) როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ დაითვალოს. დათვლა კი ოპერაციის ბოლოს, მაშინ უნდა მოხდეს, როცა ჭრილობა იხურება.
გამოყენებული მასალა პირდაპირ ნაგვის ურნაში არ იყრება, არამედ სპეციალურ სივრცეში, სადაც სათანადო პერსონალი დეტალურად და სათითაოდ ითვლის მაგიდაზე დაწყობილი მასალის რაოდენობას. საოპერაციო „ველზე“ შეტანილი მასალის რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს გადაყრილ დაბინძურებულ ან დარჩენილ, მაგიდაზე გამოუყენებელ მასალას. ამ ტაქტიკისა და წესების დაცვის პირობებში, შემთხვევითობა პრაქტიკულად გამორიცხულია
შესაძლოა, ადამიანური ფაქტორის გამო მოხდეს მსგავსი რამ. მაგალითად, ექიმი სრულიად სხვა რაღაცაზე ფიქრობდეს, შვილი ჰყავდეს ავად და ერთი ცალი ტამპონი თვლაში გამოეპაროს. ასეთი რამ ბუნებრივია. ეს ისევე შეიძლება მოხდეს, როგორც თვითმფრინავში პილოტმა დააცემინოს და იმ დროს ღილაკს არასწორად დააჭიროს ხელი, მძღოლს სათვალე ჩაუვარდეს ფეხებთან, ჩაიხედოს და იმ დროს ავტოავარია მოხდეს - ეს ადამიანური ფაქტორია, რომელსაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენს თუ მოხდება, ინსტიქტურად ხდება.
- ოპერაციის პროცესში ამ ყველაფერს ვინ აკონტროლებს?
- ამ პროცესს სამი ადამიანი აკონტროლებს - ქირურგი, საოპერაციო ექთანი, ვინც ამ ყველაფერს ითვლის და მესამე ადამიანია, რომელიც სტერილურ ზონაში არ იმყოფება, მაგრამ გადაყრილ მასალას სათანადო ინსტრუმენტებით გადაანაწილებს. ვიმეორებ, ეს წესი დაცული უნდა იყოს ყველა - საშუალო და დიდი მოცულობის ოპერაციების წარმოებისას.
თუმცა შეიძლება კიდევ არსებობდნენ ექიმები, რომლებიც ამ წესებს არ იცავენ და მხოლოდ ექთანთან კითხვის დონეზე შემოიფარგლებიან - ხომ არ გვაქვს ზედმეტი სალფეტკი სადმე ჩარჩენილი? ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ხანდახან იმ ადამიანურ შეცდომას ითვალისწინებს, რომელმაც შეიძლება დოლბანდის სხეულში ჩატოვება გამოიწვიოს.
- მსგავს ფაქტებს მსოფლიო სტატისტიკაც საკმარისად იცნობს...
- დიახ, ასეა. მაგალითად, აშშ-ში უამრავი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული და კვლავაც შეიძლება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა სამედიცინო პრაქტიკაში პროტოკოლებისა და წესების მიმდევარ ქვეყნად მიიჩნევა, ასეთი რამ იქ ქირურგიის დიდ კორიფეებსაც მოსვლიათ. თუ მხოლოდ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, დანაშაული არ არის, ხოლო თუ ექიმი ნასვამია, ან ნაბახუსევი და ამის გამო რამე ხდება, ეს უკვე დანაშაულია.
არის კიდევ გადაუდებელი სიტუაცია, როცა მაგალითად, მიმღებში რაღაც კატასტროფის შედეგად 5-7 დაზარალებულია, ფორსმაჟორია, შესაძლოა, არტერიიდან სისხლიც ასხამდეს და ა.შ. ასეთ დატვირთულ მდომარეობაში მაკრატელი, პინცეტი და ლანცეტი ჭრილობაში შესაძლოა მოხვდეს, მით უფრო, რომ ისინი ქსოვილებში ადვილად იმალება.
დათვლის გარდა თუ არსებობს რაიმე უსაფრთხოების ზომა, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი ფაქტები?
- არსებობს ასეთი უსაფრთხოების ზომა - საოპერაციო მასალებში არსებობს რენტგენოკონტრასტული მასალა. ეს იგივე დოლბანდებია, რომელებიც ქირურგიაში გამოიყენება და თითოეულს თავისი დამცავი რენტგენოკონტრასტული ზოლი აქვს, როგორც დოლარის და ლარის კუპიურას. თუ ქირურგს ეჭვი შეეპარა, რომ ყურადღება გაებნა და ვერ დათვალა, ან უბრალოდ ეჭვი შეეპარა, რომ სადღაც კუთხეში რაღაც ჩატოვა, რენტგენოგრაფიული კვლევა მომენტალურად დაადასტურებს მის იქ არსებობას, რისი ამოღებაც ზიანის მიყენების გარეშეა შესაძლებელი.
- ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა გაიკერება, თუ მას მერე?
- თუკი ეჭვი აქვს, რომ უცხო სხეული ჩარჩა, ან ვთქვათ, ჭრილობა არ ხორცდება, ან მუცლის ღრუში რაღაც აბსცესი ჩამოყალიბდა. მის მოსაძებნად ჭრილობის გახსნა არ სჭირდება, ყველაფერი რენტგენოგრაფიული კვლევით გამოჩნდება. თუ იქ არის, მერე უკვე ჭრილობა უნდა გაიხსნას.
საბედნიეროდ, ჩემ გარშემო მყოფი ქირურგების ცხოვრებაში მსგავსი ფაქტები არ მახსენდება, რომ მაგის გამო რამე მომხდარიყოს, უამრავ საავადმყოფოში მიმუშავია, მათ შორის, საზღვარგარეთ და ასეთ ფაქტს მართლა ვერ ვიხსენებ.
- არც თქვენს პრაქტიკაში გქონიათ მსგავსი რამ?
- ერთხელ მქონდა, - პატარა პროცედურის დროს მარლის საფენი არ გადავაკონტროლე და გადავაყოლე, თუმცა დროულად მივხვდი, შევამოწმე და ჭრილობის კუთხეში პატარა დოლბანდი მართლაც იყო დატოვებული. ზედაპირული ჭრილობა გახლდათ, რომელიც მარტივად კონტროლირდებოდა - მუცლის ღრუ არ იყო დახურული. ესეც სიმბოლურია და ესეც იმას ნიშნავს, რომ როცა ქირურგი საოპერაციოდან სხვა ოთახში შედის, თავში მუდმივად უტრიალებს, როგორ ჩაიარა პროცედურამ და როგორ იქნება პაციენტი. ეს არის სწორედ პროფესიული ეთიკა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment