32 წლის ქართველი მამაკაცი ა.ჭ, უკვე ექვსი თვეა ფლორენციის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია. საქმე ეხება ჯგუფური ყაჩაღობის და საცხოვრებელი სახლის ძარცვის ფაქტს. სამ თვეში, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყდება, შეეფარდება თუ არა მას რეალური სასჯელი. ქართველი ემიგრანტის უფლებადამცველები AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობენ, რომ ა.ჭ. იტალიურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკი მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ადვოკატის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი უდანაშაულოა და სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობაზე მიუთითებს.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
როგორ მოხვდა ა.ჭ. ფლორენციის ციხეში
ქართველი ემიგრანტი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად წლებია იტალიაში ცხოვრობს. ადვოკატი ლედი ტუკვაძე AMBEBI.GE-ს უამბობს, როგორ აღმოჩნდა იტალიის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფი. მისივე მტკიცებით, ახალგაზრდა კაცი დანაშაულის ადგილას სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. როდესაც ფლორენციის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან სავარაუდო დამნაშავეები გამორბოდნენ, ა.ჭ. ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. იტალიელმა სამართალდამცველებმა კი ქართველი ემიგრანტი სხვა უცხოელებთან ერთად აიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისი დაკავების მომენტიდან იწყება წამების სრულიად შემზარავი ისტორია, რომლის შესახებაც უფლებადამცველი საუბრობს. მისი ორგანიზაცია - "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ქართველი პატიმრის საქმეში:
"ექვსი თვის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდნენ მასზე პოლიციელები. სცემდნენ განწირულად. კონსულის თანაშემწესთან ერთად შევედით ფლორენციის ციხეში და ვნახეთ სრულიად დალურჯებული პატიმარი. აღწერაც კი მიჭირს, ისეთ მდგომარეობაში დაგვხვდა. მაშინ ორი დღის ნაცემი ჰყავდათ. ჰქონდა როგორც ძველი, ისე ახალი დაზიანებები.
ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ადმინისტრაციას და ქმედება გაამართლეს იმით, რომ თითქოს ა.ჭ. არის დაუმორჩილებელი პატიმარი. ის იყო სრულიად უგონო მდგომარეობაში, გათიშული ეგდო ძირს და პირიდან სითხე სდიოდა. ჩემთან ერთად ნახა ეს კონსულის თანაშემწემაც. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ასმევდნენ გაურკვეველ მედიკამენტებს, თვითონაც არ იცოდა რას, შესაძლოა ამის გამოც, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, მას შეექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ამჟამად ველოდებით ფსიქიატრის დასკვნას.
ჩვენი კონსული დაუკავშირდა იტალიის სახალხო დამცველის პარატს, რომელიც მაშინვე ჩაერთო საქმეში და მეორე დღესვე მოინახულა პატიმარი. ამის შემდეგ შევხვდით წითელი ჯვრის წარმომადგენლებს და ისინიც ჩაერთნენ საქმეში. ასევე მივმართეთ პროკურატურას და ამ ფაქტზე დაიწყებენ გამოძიებას. ჟენევის წამების კომიტეტშიც გავაგზავნეთ ეს საქმე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივმართეთ. შესაბამისი დოკუმენტები მზადდება სტრასბურგისთვისაც" - განაცხადა ლედი ტუკვაძემ.
ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ იურისტი მარიამ ლევიძე ამბობს, რომ სასტიკი ფიზიკური ძალადობის მიუხედავად ა.ჭ.-ს დანაშაული არ უღიარებია, რის გამოც იტალიელმა სამართალდამცველებმა მისი წამების ახალი, თავზარდამცემი მეთოდი შეიმუშავეს. კერძოდ: პატიმარი შეასახლეს განსხვავებული ორიენტაციის მქონე მსჯავრდებულ მამაკაცთა საკანში და მიუგზავნეს რამდენიმე პატიმარი, რომლებიც ქართველ მამაკაცზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ:
"ფაქტობრივად, მოხდა მისი დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნითაც. რადგან ის ქართველი იყო და იცოდნენ მისი დამოკიდებულება მსგავსი ორიენტაციის ადამიანების მიმართ. შეასახლეს საკანში, სადაც მისი გაუპატიურების მცდელობა იყო. პერიოდულად უგზავნიდნენ მამაკაცებს, რომლებიც სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ მასთან, იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ეუბნებოდნენ, რომ დაამყარებდნენ სექსუალურ კავშირს, თუ არ აღიარებდა დანაშაულს. ამის გამო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.
აღსანიშნავია ის, რომ ამ ფაქტების შესახებ მის მეუღლეს არაფერი უთხრეს. დაუმალეს, რომ იყო თვითმკვლელობის მცდელობები. როდესაც პატიმრის მეუღლე შევიდა საკანში, მან ნახა, რომ დაჩეხილი იყო ადამიანი მთლიანად“ - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში მარიამ ლევიძე.
ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა უცხოეთის ციხეებში
"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრში“ აცხადებენ, რომ ქართველი ემიგრანტების წამების ფაქტები უცხოეთის ციხეებში ბოლო პერიოდში გახშირდა. იურისტების თქმით, ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი პოლონეთის ციხეებშია.
"ზოგადად ევროკავშირის ინფორმაციით, იტალიის და პოლონეთის ციხეებში დგას მწვავე პრობლემები. განსაკუთრებით ხშირია სუიციდის ფაქტები. ჩვენ ორგანიზაციას ჰქონდა მსგავსი შემთხვევები პოლონეთის ციხეებიდან და პრობლემა აბსოლუტურად იდენტურია. პოლონეთის ციხეში შიშველ მდგომარეობაში მინუს გრადუსებში ჰყავდათ ერთი ქართველი პატიმარი, რომელიც ახლა გათავისუფლებულია“ - აღნიშნავს იურისტი მარიამ ლევიძე
ემიგრანტების უფლებების დაცვაზე მომუშავე იურისტები მიიჩნევენ, რომ ქართული ემიგრაციის მასშტაბების ზრდის ფონზე, საკონსულოებს დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულება უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ კონსულები თითოეულ შემთხვევას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, პრობლემას წარმოადგენს კონსულების რაოდენობა. უფლებადამცველ ლედი ტუკვაძის შეფასებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება დამაზიანებლად აისახა ქართველი ემიგრანტების უფლებებზე.
"სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამ კონკრეტულ საქმეში, ისე სხვა საქმეებშიც, საკონსულოებმა დიდი შრომა გაწიეს. მათ ვერც ენთუზიაზმის ნაკლებობას დასწამებ და ვერც გულგრილობას, მაგრამ პრობლემა იცით რაშია? თითოეულ საკონსულოში მუშაობს სულ რამდენიმე ადამიანი და რა მონდომებულებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ფიზიკურად ვერ სწვდებიან ამ უზარმაზარ სამუშაოს. ზარებსაც კი ვერ აუდიან ემიგრანტებისგან.
ძალიან არასწორი იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როდესაც ლამის ნახევარი ქვეყანა ემიგრაციაშია, არ უნდა არსებობდეს ცალკე უწყება, რომელიც ამ ადამიანების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული?" - აღნიშნა ლედი ტუკვაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც უწყება გაუქმდა და დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსა, გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აპროტესტებდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ნაჩქარევად არ მიეღოთ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება.
საქმეზე ინფორმაცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქის წამება ფლორენციის ციხეში შეწყვეტილია და ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„იტალიაში საქართველოს კონსულმა მოინახულა საქართველოს მოქალაქე. ამჟამად, იგი გადაყვანილია ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. საქართველოს კონსული მუდმივ კომუნიკაციაშია დაკავებულის ოჯახის წევრებთან. კონსული შეხვდა ციხის უფროსს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა", - განაცხადეს სამინისტროში.
32 წლის ქართველ ემიგრანტს, გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩარევის შედეგად, საპატიმროში უკვე აღარ აწამებენ და ის სხვა საკანშიც გადაიყვანეს. თუმცა, როგორც მისი უფლებადამცველები აცხადებენ, რისკები კვლავ რჩება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment