რა ნიშნით შეარჩია საქართველო „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ” დასაფინანსებლად და როგორ დაიხარჯება ფონდის მიერ გამოყოფილი 30 მილიონი აშშ დოლარი უმაღლესი განათლების სფეროსთვის?
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის 30 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული გრანტი გაიცემა ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმისთვის, რომელიც საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიურ მეცნიერებებში საბაკალავრო პროგრამას განახორციელებს.
“საქრთველოში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალის ნაკლებობაა. როდესაც ინვესტორი შემოდის და სჭირდება პროფესიონალი კადრები, ვერ პოულობს მათ. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა შედეგებით დღეს საქართველოში დამსაქმებლები ვერ პოულობენ შესაბამის კადრებს. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სფეროების გაძლიერება, როგორიცაა სამშენებლო ბიზნესი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სადაც აუცილებელია პროფესიონალი ინჟინრები და ტექნოლოგები,”-
ამბობს მაგდა მაღრაძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“
აღმასრულებელი დირექტორი.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის განათლების პროგრამის დირექტორის, დოქტორ ვენ კრაუდერის თქმით, პროექტის განხორიელებით საქართველო განათლების განვითარების ინტეგრირებულ და ინოვატორულ მიდგომებს მიიღებს.
“ბაზრის მოთხოვნებით განსაზღვრული უნარების გაძლიერება, უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარება, რომელიც ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს და ამერიკულ დიპლომებს გასცემს, საქართველოს უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ამერიკული აკრედიტაციის მოპოვება - ამ ყველაფრის ერთობლიობა წარმოადგენს განათლების განვითარების ინტეგრირებულ და ინოვატორულ მიდგომებს,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ვენ კრაუდერი.
განათლების სექტორში პროგრამების დააფინანსება კორპორაციისთვის პირველი შემთხვევაა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი კომპაქტი 2005 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას. პროექტი მიმართული იყო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებლობაზე,
თბილისის გარეთ წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და გაზის მომარაგებისა და გაზის მილსადენების ერთიანობაზე. გარდა ამისა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას ჰქონდა მცირე და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საინვესტიციო ფონდი.
“მიმაჩნია, რომ ძირითადი განსხვავება არის ის, რომ 2005 წელს საქართველოსთვის საჭირო იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახლა, 2014 წელს მთავრობამ შემოგვთავაზა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელება. ამ ეტაპზე მოხდება ინვესტირება სამუშაო ძალის განვითარებაში,
რომელიც აქცენტირებულია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და მათემატიკის მეცნიერებების გაძლიერებაზე. თავისთავად, განათლების პროექტებზე მუშაობა ყოველთვის შეიცავს გამოწვევებს, მაგრამ ამერიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი და რატიფიცირებული კომპაქტი მოიცავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამუშაო ძალის გაძლიერების მიმართულებით, ასევე, ზოგადი განათლების მიმართულებით,” - აცხადებს ჯიმ მაკნიკოლასი,
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოშინეტგაზეთთან საუბარში.
ათასწლეულის გამოწვევევის კორპორაციის მიერ ქვეყნების შერჩევის პროცესი, როგორც მაკნიკოლასი ამბობს, ეფუძნება ისეთი კრიტერიუმების ერთობლიობას, როგორიცაა მოცემულ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული კარგი მმართველობა, ეკონომიკური გარემო, ინვესტირება ადამიანური რესურსების განვითარებაში და ა.შ.
“თითოეულ ქვეყანას ვადარებთ სხვა ქვეყნებთან. შერჩეული ქვეყანა აუცილებლად უნდა იყოს შეფასების ზედა ჯგუფში, რათა მოიპოვოს დაფინანსების უფლება. ის ქვეყნები, რომლებიც გაივლიან წინასწარ შეფასებას და უპასუხებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, შემდგომში განიხილებიან ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს მიერ, რომლის თავმჯდომარეა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და შედგება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან,” -აცხადებს ჯიმ მაკნიკოლასი.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი თავდაპირველი წინადადება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას შეეხებოდა. როგორც ჯიმ მაკნიკოლასი ამბობს, პროექტთან დაკავშირებით კორპორაციას კითხვები გაუჩნდა:
“ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ცალკე მდგომი უნივერსიტეტის შექმნისთვის საჭირო ხარჯებსა და მდგრადობას შენობის გრძელვადიანი ფუნქციონირების თვალსაზრისით; მეორე - ეს იყო ხელმისაწვდომობის საკითხი, რაც მდგომარეობდა იმაში, შეძლებდნენ თუ არა საქართველოს სტუდენტები ასეთი ძვირადღირებული განათლების მიღებასა და სწავლის საფასურის გადახდას. შესაბამისად, დღეს არსებული პროექტი აქცენტს აკეთებს აშშ-სა და საქართველოს არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის შექმნაზე,”- ამბობს ჯიმ მაკნიკოლასი,
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.”
რა ეტაპზეა პროექტის განხორციელება
დოქტორ ვენ კრაუდერის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის განათლების პროგრამის დირექტორის თქმით, კომპაქტის უმაღლესი განათლების პროექტში ამჟამად განიხილება მიღებული სატენდერო წინადადებები.
“უკვე ვუახლოვდებით გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ნახევარფინალისტი კონსორციუმის წინადადების განხილვა. ესენია - (1) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმი და (2) ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმი. მათ სატენდერო წინადადებებში უნდა შეეტანათ ინფორმაცია ტექნიკური მდგრადობის შესახებ, რაც გულისხმობს, თუ რამდენი სტუდენტი შეძლებს პროგრამით სარგებლობას, რა პროგრამებს გვთავაზობენ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროების მიმართულებით მათ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. პროცესი მოითხოვს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებს შეერჩიათ ადგილობრივი პარტნიორები,”-ამბობს ვენ კრაუდერი.
სატენდერო წინადადებაში, აგრეთვე, შეტანილი უნდა იყოს ინფორმაცია, აპირებენ თუ არა კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტები საქართველოს უნივერსიტეტებში ლაბორატორიების განახლებას და შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფას; რას გეგმავენ საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით; რას მოიმოქმედებენ,
რომ მოხდეს პროგრამებში სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის სტუდენტების მონაწილეობა, რათა მათ ჰქონდეთ უნივერსიტეტებში სწავლის თანაბარი შესაძლებლობა.
“შესაბამისად, მოვითხოვეთ წარმოდგენილ პროექტებში მოგვაწოდონ ინფორმაცია, გასცემენ თუ არა სტიპენდიებს ასეთი სტუდენტებისთვის.
აგრეთვე, გვაინტერესებს, განახორციელებენ თუ არა ინგლისური ენის ტრენინგებს; როგორ დაეხმარებიან სტუდენტებს რეგიონებიდან, ჩააბარონ უნივერსიტეტებში. ეს არის ტექნიკური კრიტერიუმების ის გარკვეული ჩამონათვალი, რომელიც თავად პროგრამებს ეხება. კომისიას აინტერესებს, თუ როგორ ითანამშრომლებენ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებთან აღნიშნული ამერიკული უნივერსიტეტები, როგორი იქნება საქართველოში მათი მხრიდან ამ პროგრამების მართვა, როგორ მოხდება ამერიკული აკადემიური პერსონალის ქართველ კოლეგებთან დაკავშირება, როგორ მოხდება აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, იქნება თუ არა ერთი-ერთზე ტრენინგები აკადემიური პერსონალისთვის.”
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებასთან ერთად, პროექტის განსახორციელებლად გრანტს საქართველოს მთავრობაც გამოყოფს.
“ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან, 20-წლიან პარტნიორობაზე,
ასე რომ, უნდა დავინახოთ ფინანსური მდგრადობის პოტენციალი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ეღირება ამ პროგრამებზე სწავლა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორიც დაინტერსდება და მხარს დაუჭერს აღნიშნულ პროგრამებს. ჩვენ ვთხოვეთ კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტებს, წარმოადგინონ დეტალური ფინანსური ინფორმაცია, შეგვიძლია ამას ბიზნესგეგმაც ვუწოდოთ. მთელი ეს ინფორმაცია არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ კომისიამ განიხილოს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოსავლენად” - აცხადებს ვენ კრაუდერი.
პროექტის შესახებ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 13 მარტს გაიმართა.
საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებულიმეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის გრანტის სახით 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპაქტის მიზანია პროექტების განხორციელება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. აქედან ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით 76 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს, პროფესიული განათლების განვითარებისათვის - 16, ხოლო უმაღლესი განათლებისათვის - 30 მილიონი აშშ დოლარი.
“ნამდვილად არსებობს ამ ინიციატივაში საინტერესო ასპექტი, რადგან მას ინტეგრირებული მიდგომა აქვს. საქართველოს განათლების სისტემაში ინვესტირების ლოგიკა ძალიან საინტრესოა და მით უფრო საინტერესოა საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისთვის. ის მოიცავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას, მასწავლებელთა პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მოსწავლეები და სტუდენტები უკეთესი ხარისხის განათლებას მიიღებენ. პროგრამაში შეტანილია შეფასების ინდიკატორები, რაც მონიტორინგს გაუწევს სწავლის პროცესსა და პროექტების განხორციელებას. ეს არის ინვესტიცია პროფესიულ სასწავლებლებში და სამუშაო ძალის განვითარებაში, რაც ქვეყნის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი განათლება, რაც პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს,”- აცხადებს ვენ კრაუდერი.
ნინო კახიშვილი, netgazeti.ge
No comments:
Post a Comment